“სოფლის მეურნეობის გამიზნულ მკვლელობას ვხედავ” – გორში კომბოსტოს მოსავალს 15 თეთრადაც ვერ ყიდიან

ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი სოფლის მეურნეობის პრობლემებთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

“არც ჩასაფრებულ პოზიციაში ვარ და არც ჩემი ქვეყნის გაჭირვება მახარებს. ყველა მშვენივრად ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები რჩება ყურადღების მიღმა. პრობლემები პრობლემებს ემატება. მთავრობას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა “ახარებს”, რეალურად კი, მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება. უპერსპექტივობის განცდა სულ უფრო ღრმად იდგამს ქართველი კაცის გონებაში ფესვებს და ემიგრაციაში წასვლის განზრახვას ასაზრდოებს.

სოფლის მეურნეობის ეროვნული პროდუქტი ვერა და ვერ გახდა ამ ქვეყანაში მთავრობის ყურადღების ღირსი. ბაზრის დახლები კვლავაც იმპორტირებული ხახვით, ნივრით, კომბოსტოთი გვაქვს სავსე, ეს იმ დროს, როდესაც ქართველი გლეხი მიზერულ ფასად იხვეწება საკუთარი ნაშრომის გაყიდვას და იმასაც ვერ ყიდის. დანახარჯსაც ვერ იღებს გლეხი, მოგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რას აკეთებს ამ დროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო? რატომ ვერ ხერხდება ფერმერთა საერთო ბაზის შექმნა და კოორდინაცია?

ბანკის სესხის გარეშე დღეს, საქართველოში გლეხი მიწას ვერ დაამუშავებს და მოსავალს ვერ მოიყვანს. ბევრს საკუთარი მიწაც არ აქვს და იჯარით იღებს. მერე – წამალი, სასუქი, მუშა ხელი და ა.შ., ყველაფერს ხარჯი აქვს. იშრომებს გლეხი, დაასაქმებს თანასოფლელებსაც და მერე ყველაფერი წყალში იყრება. არ არსებობს გარანტია, რომ პროდუქტს გაყიდის. რატომ გვემართება ეს, რატომ? სად არის ძაღლის თავი ჩამარხული? ვინ აკონტროლებს სოფლის მეურნეობის ბაზარს და რატომ არ უფასდება ქართველ გლეხკაცს საკუთარ მიწა-წყალზე შრომა? გლეხს ფერმერი დაარქვეს, მაგრამ ამით, მხოლოდ სახელი შეიცვალა და არა მდგომარეობა.

​აი, ბატონო, რომ არ გეგონოთ რამეს ვიგონებ და მიზეზს ვეძებ თქვენს გასაკრიტიკებლად. მთელი საქართველო ლამის “ვივამედის” ერთი მსჯავრდადებული პაციენტის ცხოვრების რეჟიმზე გადაიყვანეთ. რამდენი აქვს სიცხე? რამდენი კილოგრამი დაიკლო? დღეს რა მიირთვა? მაწვნის ქილა ხომ არ შემოანარცხა კედელს და ა.შ. მთავარი თემები ჩრდილშია გადატანილი. ამასობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი სურვილით უცვლის მიწებს სტატუსს და სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები და ტყეები უცხოელებზე იყიდება. ახალ ნაწვიმარზე სოკოებივით ჩნდება უცხოტომელთა დასახლებები ქართული დაცლილი სოფლების გვერდით. ვინ არის დამნაშავე? ხალხიო, – იტყვის მთავრობა.

ყველას კარგად გვახსოვს გურჯაანელი ფერმერის პროტესტი ფეისბუქში, როდესაც ვაშლატამა ვერ გაყიდა და გზაზე ყრიდა გასაფუჭებლად. მაშინ ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოუჩნდა იმ ახალგაზრდა კაცს, – რას ყრი, ცოტაა გაჭირვებული? ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებს დაურიგეო, – ჭკუის სწავლებაში ბადალი არ გვყავს. იცოცხლე, სხვის საქმეში სიბრძნე არ გვაკლია. საკუთარ საქმეში ვერ ვიჩენთ ხოლმე სიბრძნეს, ეგაა თორემ…

ახლაც, გორში, ახალგაზრდა კაცს 25 ტონამდე კომბოსტო აქვს გასაყიდი, 15 თეთრადაც თანახმაა გაყიდოს.  ის კი არა, 4 ტონის ფარგლებში თბილისშიც საკუთარი ხარჯით ჩამოიტანს ყოველ დღე, ოღონდ დანახარჯი მაინც ამოიღოს. ჟურნალისტების ნდობა იმდენად აქვს ხალხს დაკარგული, რომ როგორ არ ვცადე, ინტერვიუ არ მომცა.

კომბოსტოს მოსაყვანად ბანკიდან სესხი გამოიტანა, მიწაც იჯარით აქვს აღებული. ამბობს, რომ დანახარჯიც კი, ვერ ამოიღო. იმედგაცრუებულია, აპირებს, ემიგრანტთა რიგებს შეუერთდეს.

საქართველოს მთავრობა უკრაინას რომ უსაღებდით წლების განმავლობაში რადიაციულ ხორცს და კვების სხვა პროდუქტებს, რატომ არ ინტერესდებით ეროვნული პროდუქციით? თავდაცვის სამინისტროს, პენიტენციურ სამსახურს, ბაგა-ბაღებს, უპატრონო ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებს, ბოლოს და ბოლოს, უფასო სასადილოებს, ნუთუ არ გჭირდებათ ქართული კომბოსტო?! რატომ არ შეიძლება, რომ გლეხებთან გქონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია, თუ მსგავსად ვაჭრობაში ფული ვერ კეთდება?

დაასუბსიდირებენ ყურძნის მოსავალს და დამთავრდა ამით სახელმწიფოს როლი. ყურძნის გარდა, სხვა ბევრი პროდუქტია, რომელიც შეუძლია მოგვცეს ამ დალოცვილმა ქართულმა მიწამ. მაგრამ ვის სჭირდება? ჩვენ ხომ მხოლოდ დერეფნად აღგვიქვამენ. აქ ტრანზიტულმა ტვირთებმა უნდა იარონ. სხვა რა ვიფიქრო? სოფლის მეურნეობის გამიზნულ მკვლელობას ვხედავ.

ბანკის სესხით მოიყვანს კახელი გლეხი, რის წვალებით, ნესვსა და საზამთროს და გაივსება თბილისი ირანული პროდუქტით. არადა, უკეთესს რას შეჭამთ, კახეთში ისეთი ტკბილი ნესვი და საზამთრო იცის. გაუფუჭდება გლეხს მოსავალი, ჩაეყრება შრომა წყალში, ვეღარც ბანკის ვალს გადაიხდის, გაყიდის მამა-პაპისგან მემკვიდრეობით დარჩენილ მიწას, სახლ-კარს და წავა ემიგრაციაში. და აი, ამ პროცესს, ყველა ხელისუფლება, ვინც კი გვყოლია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, მშვიდად, აუღელვებლად უყურებს სოფლების დაცარიელების პროცესს. – მარიხუანის კულტივაციაო, ამით უნდა ავაყვავოთ ქვეყანაო. თუ არადა, კომბოსტოც ოხრად დაგრჩებათ, კარტოფილიც და საზამთროცო.”


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი