“მარიკას თავისი ცხოვრების 3 დღე არ ახსოვდა” – საბჭოთა რეპრესიული მანქანა 19 წლის გოგოს წინააღმდეგ

ეროვნული მოძრაობის სათავეებთან – ნაწილი მესამე

საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდია ეროვნული მოძრაობის დასაწყისი და ის პერიპეტიები, რომელიც თან ახლდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ის პერიოდი ბევრ საინტერესო ეპიზოდს შეიცავს, რომლის შესახებაც დღეს შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს. იცვლება თაობები, ღირებულებები, ინტერესები, თუმცა არ იცვლება ეროვნული თვითმყოფადობის მიმართ ინტერესი და სამშობლოს ერთგულება იმ ადამიანებში, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო. მედია სააგენტო “24” ცდილობს, საზოგადოებას XX საუკუნის 90-იანი წლების და უფრო ადრინდელი პერიოდის ქრონიკები გააცნოს, რამაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში საკმაოდ აქტიურობდნენ და საბჭოთა რეპრესიულ მანქანას ღიად უპირისპირდებოდნენ თამრიკო ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე და მარიკა ბაღდავაძე, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს რეჟიმის სიმძიმე, რაც თავისუფლებისთვის ბრძოლას ახლდა. ამჯერად ჩვენი სტუმარი ეროვნული მოძრაობის ლეგენდის, მარიკა ბაღდავაძის მეუღლე ავთანდილ ანთიძეა, რომელიც თავადაც ჩართული იყო ანტისაბჭოთა მოძრაობაში და საკმაოდ ბევრ საინტერესო დეტალს გვიზარებს.

– ცნობილია, რომ 80-იანი წლების დასაწყისში თამრიკო ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე და ნანა კაკაბაძე სოფელ უდაბნოში გადაასახლეს. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გასახლების კონკრეტული მიზეზი რა იყო?

– როცა გოგოები სოფელ უდაბნოში გაასახლეს, ოფიციალურად ისე გაფორმდა, ვითომ დავით გარეჯის მონასტრის თანამშრომლები იყვნენ. მათ გარე სამყაროსთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ ანუ სოფლიდან არ უნდა გამოსულიყვნენ. უდაბნოში მათ ხშირად ვაკითხავდით. თამრიკო და მარიკა მკაცრი ვეგეტარიანელები იყვნენ, ნანა კაკაბაძეს კი, ჭამა უყვარდა და სულ ბუზღუნებდა. რაც შეეხება გასახლების მიზეზს, რა მომენტი იყო იცით? მარიკა, ნანა და თამრიკო ღიად გამოთქვამდნენ პროტესტს ყველა საკითხზე. ფაქტობრივად, ანტისაბჭოთა პროპაგანდა-აგიტაცია ჰქონდათ გაჩაღებული და ამიტომ, ასე ვთქვათ, დანარჩენ ახალგაზრდებს, თბილისს მოარიდეს. უდაბნოში მათი თავი მაშინდელ რაიკომის მდივანს, მედეა მეზვრიშვილს ჩააბარეს. მან კი, თავის მხრივ, ამ გოგოებზე ზრუნვა მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დაავალა, რომელიც იმ დროს კოლმეურნეობის თუ აგროგაერთიანების თავმჯდომარე იყო, ზუსტად არ მახსოვს. – ამ გოგოებს საჭმელ-სასმელი არ მოაკლო, კარგად მოუარეო, – უთხრა მეზვრიშვილმა თედიაშვილს. მოკლედ, ლევან თედიაშვილსაც გოგოებთან პურ-მარილი ხშირად მოჰქონდა. წარმოიდგინეთ, კახელი კაცი, გულუხვი ადამიანი, თან საგარეჯოში საუკეთესო ღვინოა და ჩვენი დისიდენტი სამეულიც საუკეთესო პურ-მარილით მარაგდებოდა. თედიაშვილს მოჰქონდა შემწვარი გოჭი, ხაშლამა, მწვადი. მარიკა და თამრიკო გიჟდებოდნენ, არ ჭამდნენ და გვამებს ეძახდნენ. ჩვენ თუ დავაფიქსირებდით, როდის უნდა მიეტანათ, სასწრაფოდ ჩავიდოდით, ვეტყოდით, როგორ მოგვენატრეთ გოგოებო და ა.შ. საბოლოოდ, ჩვენ მოვილხენდით მწვადებზე და საუკეთესო ღვინოზე. ისინი არ ეკარებოდნენ.

მარიკა ბაღდავაძე, ნანა კაკაბაძე, თამარ ჩხეიძე

იმ პერიოდში სერიოზული შემთხვევა მოხდა – უშიშროების წარმომადგენლები მოვიდნენ, ვიღაც „სამედიცინო“ პერსონალთან“ ერთად და გოგოებს უთხრეს, გიურზას საწინააღმდეგო აცრები უნდა ჩაგიტაროთო. უდაბნოში, დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე, მართლაც ძალიან დიდი რაოდენობით არის გიურზები. ძალიან საშიშია იქ ცხოვრებაც და მოძრაობაც. გარკვეული წესების ცოდნაა საჭირო, როგორ მოერიდო, რა უნდა გააკეთო. ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა მათი მხრიდან გოგოებისთვის იმის თქმა, პროფილაქტიკის მიზნით, აცრები უნდა ჩაგიტაროთო. ამათ უარი განაცხადეს. ძალით წაიყვანეს გასაკეთებლად. არ მახსოვს, პირველს, რომელს დაგვირეკეს, მაგრამ საბოლოოდ, კომუნიკაცია რეზო ჩხეიძესთან, თამრიკოს მამასთან შედგა. მშობლები გაგიჟებულები ჩავიდნენ უდაბნოში, რეზომ ჩაიყვანა და როგორც მახსოვს, ბოლო მომენტში მიუსწრეს. არ მახსოვს, ეს ამბავი მარიკამ მიამბო თუ თამრიკომ. იქ ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა რეზო ჩხეიძეს, უშიშროების წარმომადგენლებსა და იმ ფსევდო მედიცინის მუშაკებს შორის. ასე გადარჩნენ ჩვენი თანამებრძოლები. რა უნდოდათ, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ეს, თუ მართლაც უნდოდათ, რაიმე ნემსის გაკეთება ანუ რა მიზანს ემსახურებოდა მათი ქმედება, ამის ზუსტად თქმა, ძალიან რთულია. ფაქტია, ასეთ ინციდენტს ადგილი ჰქონდა.

– ახალგაზრდების დაკავებები და ქუჩაში ჩხრეკები ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების პროცესში, ალბათ, ბუნებრივიც იყო?

– ეს მუდმივი თანმდევი პროცესი იყო. ლამის ყოველდღიურ რუტინად იქცა. გოგოები დაიჭირეს და ჩვენ გაგვარიდეს. 1980-81 წელი იყო. ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა, სპორტის სასახლესთან დიდი ვარსკვლავი გააკეთეს, რომელზეც ახალგაზრდები უნდა დამდგარიყვნენ. მოკლედ, ზეიმი უნდა ჩაეტარებინათ. დოლიძის კუთხეში, ბაღთან ჩვენ დაგეგმილი გვქონდა საპროტესტო აქცია. ამ აქციის ჩატარების წინ მომზადებული ვიყავით პლაკატებით და ყველაფრით, ყველა დაგვაკავეს, ზოგი გზაზე და ზოგი სად. მოკლედ, დაკავებულები ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პოლიციაში გადაანაწილეს. საბოლოოდ, სანამ დამთავრდებოდა ბრეჟნევის ვიზიტი, გოგოები თელავში გაასახლეს. ნანა, მარიკა და თამრიკო სასტუმრო „ინტურისტში“ შეასახლეს და ვინც იქ ცხოვრობდა, ყველა გამოასახლეს. მოკლედ, სანამ დამთავრდებოდა, ერთი კვირა ესენი სასტუმროდან ვერ გამოდიოდნენ. ასე ვთქვათ, პირველი სერიოზული რეპრესია – თავისუფლების აღკვეთა, ეს იყო. მანამდე იყო გასახლება უდაბნოში. მაგრამ, მანამდე თამრიკო და გია ჭანტურია იყვნენ დაკავებულები, ანტისაბჭოთა პროპაგანდა-აგიტაციისთვის. ძიებაში იყო მათი საქმე, თუ სწორად მახსოვს, 1979 წელი იყო. ეს ის პერიოდია, ზვიადი და მერაბი რომ დააპატიმრეს. ზუსტად, რომელი წელი იყო, არ მახსოვს. თამრიკო და გია თანაკურსელები იყვნენ. მათი კურსელი იყო გელა ნიკოლაიშვილიც, ადვოკატი. გელაც ყოფილი პოლიტპატიმარია. ის 1983 წელს, თამრიკოსთან ერთად დააპატიმრეს, მისი ორგანიზაციის წევრი და თანამოაზრე იყო.

პირველი სერიოზული პატიმრობა 1981 წელს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში, მომხდარ ინციდენტს მოყვა. ირაკლი წერეთელი პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებდა დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. უმნიშვნელო პეტიცია იყო, რაიმე განსაკუთრებული ანტისაბჭოთა ხასიათის კი არა. მას ხელს ყველა აწერდა. 14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობის დღესასწაული იყო. მცხეთაში ვიყავით და იმ დღეს ზვიად გამსახურდია დააკავეს. მას ახალგაზრდობა გამოექომაგა. დიდი ჩოჩქოლი ატყდა. ზვიადი მანქანაში რომ ჩასვეს, ამ დროს მარიკა დაქოქილ მანქანას გადაუდგა, ბორბლებში ჩაუწვა და მერე, ძლივს გამოვათრიეთ მანქანის ბორბლებიდან. მაშინ მარიკა სიკვდილს გადაურჩა. მილიციის უფროსმა თქვა, გადაუარეთ მაგის… მერე ვითომ ბოდიშობდა, მაგრამ ბოდიში, რას უშველიდა. ძალიან ცუდად ჩაგვრჩა ეს ადამიანი, მის ვინაობას, უბრალოდ, არ დავასახელებ. ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო.

– რა ასაკის იყო მაშინ მარიკა?

– 20 წლის. გასახლების პერიოდში, ალბათ, 16-17 წლის იქნებოდა. მაშინ ზვიადი დააკავეს წაიყვანეს. ასევე დააპატიმრეს ირაკლი წერეთელი და გოგოები, მათ შორის, იყო მარინა კოშკაძეც, აკადემიკოს ღამბაშიძის მეუღლე. საერთოდ, ფარსი იყო ის სასამართლო პროცესი და მერე კურიოზიც ახლდა. პოლიტიკური მუხლით არ უნდოდათ ბრალი წაეყენებინათ და ხულიგნობის მუხლი წაუყენეს. ვითომ ამ გოგოებმა და ირაკლი წერეთელმა 200 მილიციელს (ამჟამად პოლიცია) სცემეს. ამის გამო იყვნენ დაპატიმრებულები. მილიციელებს, ვინც დაზარალებულის სტატუსით იყვნენ, ცნობაც ჰქონდათ აღებული, რომ ნაცემები იყვნენ. ეს მილიციელები, ზოგი ყოფილი მოჭიდავე, საკმაოდ მაღლები იყვნენ. სასამართლოზე ჩვენი ადვოკატი მილიციელების ღირსებაზე თამაშობდა – კი, მაგრამ, ამხელა კაცს, ამ პატარა გოგომ, როგორ გცემაო. ჩვენებაში წერდნენ, რომ გოგოებმა სცემეს და სასამართლოზე ამის თქმის რცხვენოდათ. თამრიკო ჩხეიძემ სახეში დამარტყაო, – ერთი მილიციელი წერდა. კითხეს, – კონკრეტულად ვინ გცემაო? – თამრიკო ჩხეიძემო. – აბა, რომელია თამრიკო ჩხეიძეო? – ჰკითხა მოსამართლემ. შეხედა მილიციელმა, განსასჯელის სკამზე სხედან გოგოები და ირაკლი წერეთელი. თამრიკო, წონით ახლა, რა არის და მაშინ ძალიან გამხდარი იყო. ეს კაცი კი, ლამის 200 კილო იყო. შეხედა, თამრიკო მისი მუცლის წონაც არ არის. შერცხვა, ეს იყოო? – კითხეს. ამან გცემაო? – არაო და ხელი ირაკლი წერეთელს დაადო. ირაკლი გადაირია, – თუ თამრიკო ჩხეიძემ გცემა, მე, რა შუაში ვარო?- მილიციელმა უპასუხა, – ვიცი, რომ ჩხეიძემ მცემაო, – ირაკლი სერიოზულად აღშფოთდა, – გოგო ხომ არ ვარო? – გოგოების პირველი ნასამართლობა სწორედ ეს იყო. 5 წელი მიუსაჯეს და მერე პირობითით შეუცვალეს. შემდგომ პირობით სასჯელს იხდიდნენ.

შემდგომი დაპატიმრება 1983 წელს იყო გეორგიევსკის ტრაქტატის საწინააღმდეგო მანიფესტაციების ჩატარების დროს, რა თქმა უნდა, მანამდე მთელი მუშაობა იყო წლების განმავლობაში. საპროტესტო პროკლამაციების გავრცელება, ჟურნალების, სხვადასხვა სახის ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება და ა.შ. რუსულ და უკრაინულ წრეებთან, დისიდენტურ მოძრაობებთან კავშირი. ნელ-ნელა თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად, არალეგალური ჯგუფების წევრებთან ერთობლიობაში ჩამოყალიბდა ძირითადი ბირთვი. მაგრამ იყვნენ ღიად მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც არ ფარავდნენ თავის ანტისაბჭოთა დამოკიდებულებას. ესენი იყვნენ დისიდენტური მოძრაობის წევრები. „ჰელსინკის კავშირი“ აქტიურობდა მაშინ, ზვიად გამსახურდია, თამრიკო ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე, მარიკა ბაღდავაძე.

1981-83 წლებში მარიკა ბაღდავაძე ძალიან აქტიურობდა. იმ პერიოდში, მარიკაზე ზეწოლის მიზნით, მამამისი დააკავეს – პროვოკაცია მოუწყვეს და დააკავეს მილიციელის გალახვის ბრალდებით. ეუბნებოდნენ, – გამოგიშვებთ, თუ შენ ქალიშვილს ეტყვი, რომ თავი დაანებოს პოლიტიკურ აქტივობასო, – მთელ მის ოჯახზე ზეწოლა იყო. მარიკამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. მაშინ შიმშილობის აქცია – პროტესტის ეს ფორმა, პირველი შემთხვევა იყო. ეს იმდენად უჩვეულო მოვლენა იყო, რომ ინფორმაცია ბომბივით გავარდა. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, რა თქმა უნდა, უშიმშილიათ, მაგრამ ეს ძირითადად ხდებოდა დაპატიმრების ადგილებში, საპატიმროებში, სადაც ჰყავდათ ეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. მაგრამ ასე ღიად, პირდაპირ, 19 წლის გოგოს დაეწყოს შიმშილობა, პირველი შემთხვევა იყო. ამან ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საქართველოში. იმ პერიოდში ჩვენ ძირითადად უფლებების დარღვევის ფაქტებს ვაფიქსირებდით. შემდეგ არალეგალურად ვაგზავნიდით ქვეყნის გარეთ. ეს ხდებოდა ჩუმად, იატაკქვეშეთში. შემდეგ ვგზავნიდით სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში. მოსკოვში, ძირითადად, აშშ-ის საელჩოებში და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. საქართველოში ეს ორგანიზაციები წარმოდგენილი არ იყვნენ, ძირითადად, მოსკოვში ჰქონდათ წარმომადგენლობა. ვიღაც მიდიოდა ჩვენგან მოსკოვში და იქ ვაბარებდით ამ მონაცემებს. რუსულ დისიდენტურ დაჯგუფებებთან გვქონდა კავშირი და ინფორმაციებს მათაც ვაწვდიდით ხან ტელეფონოგრამით, ხან პირადად, თუ რამე განსაკუთრებული ხასიათის იყო.

– იატაკქვეშა მუშაობის შედეგი რა იყო?

– ამან გამოიწვია ის, რომ თბილისში ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები, რომლებსაც მარიკასთან ვაკავშირებდით და მასთან ინტერვიუებს წერდნენ. მოკლედ, იმდენად დიდი რეზონანსი მოყვა მარიკას შიმშილობას, რომ ჩვენც არ ველოდით. საბოლოო ჯამში, სადღაც 30 დღის შემდეგ, მართლა შიმშილობა რასაც ჰქვია, მამამისი გამოუშვეს. მანამდე, ეს პერიოდი იყო უმძიმესი. იმ დროს სხვადასხვა არალეგალური ჯგუფები ძალიან დავახლოვდით. ვინც ღიად მოქმედებდა, ყველანი მარიკას სახლში ვიკრიბებოდით. ინფორმაციებს ვუზიარებდით ერთმანეთს. მთელი ბირთვი შემდგომში უკვე პოლიტიკური მოძრაობისა, ეროვნული მოძრაობისა, ვინც იყო, ძირითადად იმ პერიოდში გავიცანით. ფაქტობრივად, სიონი და მისი ეზო გახდა მაშინ ერთგვარი თავისუფლების კუნძული ამ სხვაგვარად მოაზროვნეებისა და დისიდენტებისა. ისე მოხდა, რომ “კაგებეშნიკები” ამ ხალხს არ ეკარებოდნენ. იქ არ ხდებოდა დაკავება, დაჭერა. მოკლედ, მორწმუნე იყო თუ არა, იყო სიონისტი, სომეხი, რუსი თუ სხვა, ყველა იქ იკრიბებოდა. სიონის ეზოში ვცვლიდით ინფორმაციას. მთელი სპექტრი შემდგომში უკვე ეროვნული მოძრაობისა, ბირთვი, ლამის ყველა იყო წამოსული ამ როგორც ჩვენ ვუწოდეთ, „თავისუფლების კუნძულიდან“, რომელსაც ერქვა სიონის კათედრის ეზო. საპატრიარქოს რეზიდენციაც იმავე ეზოში იყო – პატარა სახლი, ის იყო მაშინ საპატრიარქო. საპატრიარქოს მოქმედი შენობა, შემდგომ დაუბრუნდა საპატრიარქოს.



– რამდენჯერ იყო მარიკა დაპატიმრებული? რამდენადაც მახსოვს, პატიმრობის დროს, რაღაც ნემსებს უკეთებდნენ?

– კი, მსგავსი შემთხვევა მოხდა. მისჯილი, რასაც ჰქვია, 2-ჯერ იყვნენ – თამრიკოც, ნანაც და მარიკაც. გოგოები პატიმრობის დროს ძირითადად ორთაჭალის ციხეში ჰყავდათ ძიების დროს, შემდგომ კი – უშიშროების იზოლატორში. უშიშროების შენობა ადრე პირველ სკოლასთან იყო, ლესია უკრაინკის ქუჩაზე. იქ იყო კგბ-ს ციხე. ესენი ყველა – გია ჭანტურია, თამრიკო ჩხეიძე ნანა კაკაბაძეც და მარიკაც იქ იყვნენ. შემდგომში უკვე – მამუკა გიორგაძე, ირაკლი წერეთელი, ვაჟა საღინაძე. მოკლედ, ისე მოხდა, რომ 1983 წელს დაიჭირეს საღინაძე და ირაკლი წერეთელი. მაშინ ჩვენ პროტესტის ნიშნად გავაკეთეთ მანიფესტაცია, როცა ამათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. მაშინ დაიჭირეს ყველა დანარჩენი და კგბ-ს ციხეში ჰყავდათ. შემდეგ უკვე ბიჭები – ჭანტურია და სხვები, რუსეთის გულაგებში წაიყვანეს, ხოლო გოგოები უშიშროების იზოლატორში ჩასვეს.

– ამ პატიმრობის პერიოდს მარიკა, როგორ იხსენებდა, რა პირობებში იყო?

– საშინელი. ყველაზე საშინელი იყო უშიშროების იზოლატორი. ძალიან ვიწრო საკნები იყო და თან მიწისქვეშ. უბრალოდ, გისოსი ჰქონდა ჭერთან, რომელიც ქუჩის პირზე გადიოდა. ცა არ ჩანდა, თუმცა, გისოსიდან საკანში მზის სინათლე შედიოდა. უფლება არ ჰქონდათ, რომ დამჯდარიყო. ნარი (საწოლი) იყო დაკეტილი საღამოს დაძინებამდე. წარმოიდგინეთ, ნარი ბოქლომზე იკეტებოდა, რომ პატიმარი არ დაწოლილიყო. ვიწრო საკანში ამ ნარის სიგანე იყო ოთახის სიგანის ტოლი. დილით იკეტებოდა და საღამოს გადმოწევდნენ და მთელი საკნის პერიმეტრს კეტავდა საწოლი. ფაქტობრივად, ფეხზე იდგნენ პატიმრები. მარტო მარიკა კი არა, საწყალი თვითმფრინავის ბიჭებიც, მარიკას მეგობრები, სკოლელები. გეგა კობახიძე მარიკას ძმის კლასელი იყო და იქ ჰყავდათ იზოლატორში. ისიც ზუსტად იმ წელს დააპატიმრეს თვითმფრინავის ამბები რომ იყო. მისი მეუღლეც იქ ჰყავდათ, ძალით მუცელი მოუშალეს, აბორტი გაუკეთეს თინიკო პეტრიაშვილს. მარიკასთან იყო საკანში რაღაც პერიოდი, სანამ გაასამართლებდნენ. მოკლედ, ძალიან საშინელი პირობები იყო. მარიკა ჰყვებოდა, რომ იქ თვითონ პერსონალში ლაპარაკი აკრძალული იყო. ისინი ერთმანეთში სტვენა-სტვენით ურთიერთობდნენ. სხვადასხვა ტემბრით უსტვენდნენ. ასოციაცია გქონდა გველის სისინთანო. ზუსტად მაგ პერიოდში გაუკეთეს მარიკას, რაღაც ნემსი. ჩვენ მაგას ვაბრალებდით მის ავადმყოფობას. გარკვევა გვინდოდა, რა გაუკეთეს. ციხის უფროსსაც ვკითხეთ, მაგრამ სიმართლე კაციშვილმა არ იცის. ვითომ, ცუდად გახდა და ნემსი ამიტომ გაუკეთეს. მარიკას თავისი ცხოვრების 3 დღე არ ახსოვდა. არც ის იცოდა, ნემსი ზუსტად სად გაუკეთეს. მაგას მერე ვიძიებდით, მაგრამ ვერაფერი გავარკვიეთ. მე თვითონ ექიმი ვარ, პედიატრი, მოკლედ ძიებაში ვიყავი, თუ რის გამო შეიძლება ჰქონოდა ეს დაავადება. მაგრამ, ის სისტემური დაავადებაა, უბრალოდ, შეიძლება პროვოცირებისთვის, რაღაც შემთხვევა ყოფილიყო. ეტიმოლოგია, რაც მარიკას სჭირდა, ძალიან რთულია. გაფანტული სკლეროზი ჰქონდა, რომელიც ემართებათ მარტო ახალგაზრდა გოგონებს 20-დან 40 წლამდე ასაკში. ძირითადად, ამას ლამაზი ქალბატონების დაავადებას ეძახიან. სკანდინავიურ ქვეყნებშია ეს დაავადება გავრცელებული და თეთრ ადამიანებში. არ ემართებათ შავკანიანებს და ესკიმოსებს.

მარიკა ბაღდავაძის მეუღლე ავთანდილ ანთიძე შვილიშვილებთან ერთად

– თქვენსა და მარიკას ურთიერთობაზე რას იტყვით?

– 1978 წლიდან მოყოლებული, როცა გავიცანი, 1983 წლამდე ლამის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. შაბათის ლოცვა და კვირის წირვა იყო აუცილებელი მომენტი, თითქოს ერთგვარი შეკრების ადგილიც იყო სიონის ეზო, არა მარტო ჩვენთვის. ბევრი სხვისთვისაც, ვინც კი ოდნავ მაინც იყო ეროვნულ მოძრაობასთან შეხებაში. ციხიდან რომ გამოვიდა მარიკა, მერე დავქორწინდით. „პერესტროიკა“ რომ დაიწყო, რეიგანის სიები ჰქვია, რეიგანი რომ შეხვდა გორბაჩოვს და შევარდნაძეს, ეს ცნობილი შეხვედრა რომ შედგა, ზუსტად მაშინ წარუდგინა პატიმრების და დისიდენტების სია რონალდ რეიგანმა, ლამის ულტიმატუმის სახით, დავიჯერებთ თქვენ პირველ ნაბიჯებს, თუკი ამას გააკეთებთ. მაშინ ციხეებიდან მასობრივად გამოუშვეს ყველა, ვინც იყო დაჭერილი. ყველას გაუფორმეს შეწყალება, იურიდიული მიზეზი და ციხიდან გამოუშვეს. ამის შემდგომ ვიქორწინეთ. შემდგომ ომბუდსმენის აპარატში მუშაობდა. სახალხო დამცველ დათო სალარიძის მოადგილე იყო. კურიოზი იყო ესეც ერთგვარი. სალარიძე მილიციის უფროსი რომ იყო, აქციების დროს სულ ეგ გვიჭერდა. პოლიციის გენერალი იყო და სახალხო დამცველად დანიშნეს. სხვათა შორის, მან ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა სახალხო დამცველის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. საკმაოდ მაღალი ორგანიზატორული ნიჭი ჰქონდა. პრაქტიკულ საქმეს თვითონ აკეთებდა, ორგანიზაციულს, დანარჩენი – მარიკას სთხოვა, რომ მისი მოადგილე ყოფილიყო. დანიშნა პოლიტიკური უფლებების დეპარტამენტის დირექტორად, პარალელურად მოადგილე იყო.

– რამდენადაც ვიცი, სოზარ სუბარის ომბუდსმენობის დროს გამოუშვეს სამსახურიდან და თან ძალიან გულნატკენი.

– კი, ასე იყო. მარიკა განიცდიდა კი არა, იმ ფორმით, რა ფორმითაც უთხრეს, ძალიან ამაზრზენი და ამორალური საქციელი იყო. სხვათა შორის, მერე მარიკამ პრინციპის გამო სასამართლოში საჩივარი შეიტანა და საქმე მოიგო. სხვადასხვა ბინძური მეთოდით ცდილობდა მარიკას სამსახურიდან გაშვებას. ახლა სალაპარაკო არაა ეგ საკითხი. ახლა რომ ვითომ ოპოზიციაა, მაშინ ჩვეულებრივ ნაციონალ „პანასონიკების“ ტალღაზე იყო სუბარი მოსული. „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი იყო და მაგიტომ დანიშნეს ნაციონალებმაც ომბუდსმენად. შემთხვევით კი არ დანიშნა სალარიძემ მარიკა მოადგილედ? მარიკას ფაქტორი იყო ძალიან დიდი. ჩვენ ყველა მილიციის უფროსს ვიცნობდით, ამდენმა წელმა ჩვენს შორის გარკვეული ურთიერთობა ჩამოაყალიბა. უმრავლესობა პატივს გვცემდა. თვითონაც გრძნობდნენ, რომ უსამართლოდ გვიჭერდნენ და რეპრესიული სისტემის პატარა ჭანჭიკები იყვნენ. მერე უკვე, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, რიდი ჰქონდათ. მაგალითად, მარიკასთან ინფორმაცია რომ შევიდოდა უფლების დარღვევაზე და ის ინსპექტირებისთვის მილიციაში მივიდოდა, ეშინოდათ. იმიტომ, რომ იმხელა ამბავს ატეხდა, თუნდაც უმნიშვნელო ფაქტი ყოფილიყო, რომ იმათთვის ქარიშხალი იყო. 90-იან წლებში მილიციის თავნებობა პიკში იყო. ადამიანის ცემა, ჩვენების გამოძალვა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მარიკას მსგავსი ადამიანის ყოფნა ომბუდსმენის აპარატში, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2005 წლიდან მარიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ბოლო წლებში კი, საწოლს იყო მიჯაჭვული.

მარიკა ბაღდავაძე 58 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი