“მანდატურს მანქანა უნდა ემსახურებოდეს, გაპარულ მოსწავლეს სკოლა უნდა ეძებდეს” – ექსპერტი

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში წესები გამკაცრდა, ჰყავთ მანდატურები, მოსწავლეების დასწრება მოწმდება, მშობლებთან კომუნიკაცია გააქტიურდა, მაინც არაერთი შემთხვევაა, როდესაც მოსწავლეები სკოლიდან იპარებიან, ზოგჯერ ჯგუფურად, ან საერთოდ არ მიდიან სკოლაში და მშობელმა ამის შესახებ არაფერი იცის.
განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილის მოსაზრებით, საჭიროა სკოლების მანდატურის სამსახურს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს. მათ აუცილებელად უნდა ჰყავდეთ მანქანა, თუნდაც უბნების მიხედვით, რამდენიმე სკოლას ერთი მორიგე მანქანა ემსახურებოდეს, რათა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მანდატურებმა მოსწავლეების დროულად მოძებნა და მათი სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლონ.
როგორც მანანა ნიკოლაიშვილმა მედია სააგენტო “24”-ს განუცხადა, სასწავლო საათებში, სკოლებში მოსწავლეების არ გამოცხადების შემთხვევაში, მხოლოდ მშობლების ინფორმირება საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ, დამრიგებელმა აუცილებლად სკოლის დირექციასაც უნდა შეატყობინოს. დირექტორი არის პირი, რომელსაც ქირაობს სახელმწიფო, ის არის მთავარი პასუხისმგებელი სახელმწიფოსა და კოლექტივის წინაშე, ამიტომ სკოლის გაცდენის შემთხვევაში, სწორედ დირექტორმა უნდა მიიღოს ზომები, ჩაატაროს თათბირი, გაესაუბროს მშობლებსა და ბავშვებს და სკოლის გაცდენის მიზეზი დაადგინოს.
აქვე ექსპერტმა აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი გადაუდებელი შემთხვევა ხდება და დირექტორი მშობელს სკოლაში იბარებს, ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა, სადაც მშობელი მუშაობს, ვალდებულია, ის გარკვეული დროით გაათავისუფლოს. ისეთ სკოლებში კი, სადაც ხშირია გაკვეთილების გაცდენის ფაქტები, მიზეზი სამინისტროს წარმომადგენელმა უნდა გამოიკვლიოს, უნდა შემოწმდეს აღნიშნულ სკოლაში მიმდინარე აღმზრდელობითი პროცესი.
“ყველა კლასის დამრიგებელს უნდა ჰქონდეს სამუშაო გეგმა, რომელშიც ასაკის, ინტელექტისა და ცოდნის მიხედვით გაწერილი იქნება ის ადგილები, რომლებიც მოსწავლემ აუცილებლად უნდა მოინახულოს, გაეცნოს გარესამყაროს. დაწყებით კლასებში ეს შეიძლება იყოს: ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი, ვაკისა და მთაწმინდის პარკი. ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას იწყებენ, საინტერესო იქნება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ნახვა, სადაც თანამედროვე ხელსაწყოებს დაათვალიერებენ, სხვადასხვა ქიმიური, ფიზიკურ თუ გეოლოგიურ ცდებზე მიიღებენ ინფორმაციას, რაც მოზარდების ინტელექტსაც განავითარებს და მათ სამომავლო პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება“, – ამბობს მანანა ნიკოლაიშვილი.
მისი თქმით, კლასის ხელმძღვანელს უფრო მეტი სახელფასო დანამატი და ნაკლები დატვირთვა უნდა ჰქონდეს, რომ სადამრიგებლო კლასს სათანადო ყურადღება მიაქციოს.
„სწორედ იმიტომ, რომ დამრიგებლებს არ აქვთ სათანადო ანაზღაურება, სხვადასხვა საქმეს ერთად ითავსებენ და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ვერ ასრულებენ“, – ამბობს მანანა ნიკოლაიშვილი.
მედია სააგენტო „24“- თან საუბრისას, ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევები სახელმწიფოს გარკვეულმა სექტორმა უნდა გააკონტროლოს. „გაიარეთ ქუჩებში და ნახეთ, რამდენი სკოლის მოსწავლე ან თუნდაც სტუდენტი დადის სასწავლო საათებში ქუჩაში. ეს აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს სამართალდამცველების მიერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასწავლო საათებში სკოლის მოსწავლეები ჯგუფებად მოძრაობენ”, – განაცხადა ექსპერტმა.
მანანა ნიკოლაიშვილი 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშობლების ინფორმირებისა და ბავშვების სკოლის ტერიტორიაზე ყოფნა-არყოფნის მიუხედავად, სკოლა, ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებული უნდა იყოს, ასეთ დროს, გარკვეული ზომები მიიღოს და მოსწავლეები სკოლაში დააბრუნოს. ეს კანონმდებლობით უნდა იყოს გაწერილი.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

