მდინარე რიონმა სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე ხიდი დაანგრია
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე ხიდის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩაწოლა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყებენ ვითარების შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
“ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია. წყლის დონის დაწევისთანავე, უმოკლეს ვადებში ვეცდებით დაზიანებული ბურჯის აღდგენას. სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს)”, – აცხადებენ დეპარტამენტში.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
“რაც ყველაზე მთავარია. უკვე დაწყებულია მიზეზების შესწავლა, ჩართულია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამსახური, ექსპერტები, ინჟინრები, რათა დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ბუნებრივია, შესწავლის შედეგად, მიზეზებიდან გამომდინარე, უკვე განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები”, – განაცხადა მან.