ფარმაცევტული კომპანიების არაკეთილსინდისიერება თუ თურქეთში გაზრდილი ფასები – წამლები ვერ იაფდება
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა.
ჯანდაცვის სამინისტრომ 22 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ცალკეული ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, არაკეთილსინდისიერ ქმედებებში არიან დადანაშაულებულნი.
უწყების ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში დაუშვებელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა მიუღებელია.
“ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი მით უმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და არ დარღვეულა კანონით განსაზღვრული ზღვარი. სექტორისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა, მით უმეტეს, როდესაც შესაბამისი მიზეზი ნამდვილად არაა. რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, რეფერენტული ფასებად მედიკამენტების რეალიზაცია 15 თებერვლიდან გახდა სავალდებულო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.01.2023 წლის N2/ნ ბრძანება) და ყველა კომპანიამ დაიწყო ამ თარიღიდან კანონის აღსრულება.
“სამინისტროს პოზიცია გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი ვალდებულებების – კანონით დადგენილ დროში შესრულება არაკეთილსინდისიერ ქმედებად. ასევე კანონით განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი 15 მარტამდე, რათა კომპანიებს ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხის დაზუსტების და ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა. თურქული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას ყოველთვის ვუზიარებთ”, – აცხადებენ ასოციაციაში.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე მდგომარეობით თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები; მედიკამენტების ფასები 2020 წლის დეკემბრიდან საშუალოდ 36,77 %-ით გაიზარდა და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის; შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ბაზარზეც აისახება.
“ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას. ასოციაციაში შემავალი ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად ასოციაციის ყველა წევრი გამოთქვამს მზადყოფნას სრული ინფორმაცია მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მითუმეტეს როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურების გაწევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ლელა დევდარიანი