სი ძინპინი ჩინეთის კომპარტიის გენმდივანი მესამედ გახდა

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად, შემდგომი 5-წლიანი ვადით, კვლავ სი ძინპინი აირჩიეს. ის უკვე მესამედ იკავებს ამ თანამდებობას.
ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობა პარტიის მეოცე ყრილობაზე დაამტკიცეს. სი ძინპინმა თავის ორსაათიან მოხსენებაში ჩინეთის განვითარების 2022-2035 წლების გეგმა წარმოადგინა. ისაუბრა ეკონომიკასთან, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მრეწველობის მოდერნიზაციასა და „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლაზე. როგორც სი ძინპინმა განაცხადა, მზად არის ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისთვის, მაგრამ ასევე, “საჭიროების შემთხვევაში” ძალის გამოყენებაზე უარს არ ამბობს.
ყრილობას ესწრებოდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, 79 წლის ჰუ ჯინტაო, რომელსაც დარბაზი მოულოდნელად, იძულებით დაატოვებინეს. ის დარბაზიდან ორმა მანდატურმა გაიყვანა. ამ ფაქტს მედიაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ძირითადად, ორი ვარაუდი განიხილება: 1) ჰუ ჯინტაო, ცუდად გახდა; 2) ამ მოვლენას აქვს სიმბოლური დატვირთვა და სი ძინპინის გამოსვლამდე მას იძულებით დაატოვებინეს დარბაზი.
შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი 2012 წლის ნოემბრიდან არის. ამასთანავე, 2023 წლის მარტში ეწურება პრეზიდენტობის ვადა. მედიაში არსებობს ეჭვი, თითქოს სი ძინპინი პრეზიდენტის თანამდებობისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს. ამას ამყარებს ის ფაქტი, რომ, 2018 წელს, სი ძინპინმა პრეზიდენტობის ორვადიანი ლიმიტი გააუქმა, რაც უვადო მმართველობას ნიშნავს.
ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის XX ყრილობა 23 ოქტომბერს დასრულდა. ყრილობამ ასევე დაამტკიცა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობა. სიაში არ მოხვდა პოლიტბიუროს ამჟამინდელი მუდმივი კომიტეტის შვიდი წევრიდან ოთხი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი.
მეგი მიქაბერიძე

