“პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის” – 1 მარტს გელა ჩარკვიანი დაიბადა

1-ლი მარტი გელა ჩარკვიანის დაბადების დღეა! ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი 84 წლის გახდებოდა.

გელა ჩარკვიანი

“დაბადების დღეებს ბავშვებს არ გვიხდიდნენ, რადგან ორთოდოქსი კომუნისტები პირადი თარიღების აღნიშვნას, ისე როგორც საჩუქრებს და გალიაში იადონებს, წვრილბურჟუაზიული, მეშჩანური ყოფის გადმონაშთად მიიჩნევდნენ”, – იხსენებდა ქართველი დიპლომატი.

გელა ჩარკვიანი 1939 წელს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის – კანდიდ ჩარკვიანისა და თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. განათლება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიიღო. თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურ ენასა და სოციოლოგიაში ლექციებს მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა.

1992-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, 2005-2006 წლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი, 2006-2009 წლებში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

გელა ჩარკვიანმა დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.

რაც შეეხება მის სამწერლობო საქმიანობას, გამოცემული აქვს წიგნები: “ინტერვიუ მამასთან”, “ნაგერალა და ნაცნობ ქიმერთა ფერხული”.
იყო არაერთი თარგმანის ავტორი. თანამედროვე ქართულ ენაზე შექსპირის ,,მეფე ლირი“ თარგმნა.

გელა ჩარკვიანის ბიოგრაფია, მისი პროფესიული საქმიანობა თუ ყოფითი ცხოვრება წარმოუდგენელია ინგლისური ენის გარეშე, რომლის შესწავლას და სწავლებას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მისი ბოლო წიგნია “ENGLISH- როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი”.

“გელა ჩარკვიანმა შეიმუშავა ინგლისური ენის სწავლების განსაკუთრებული მეთოდი, რომლის მიხედვითაც ენა არ ისწავლება კულტურის გარეშე. ენა უნდა ისწავლო კულტურასთან ერთად, არა სსრკ-ში დაწერილი ჰიბრიდული სახელმძღვანელოებით, არამედ იმ კულტურით, რომლის საუკეთესო გამომმჟღავნებელი არის ენა. სწორედ სწავლების ეს მეთოდი აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში „ENGLISH – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“. რომ არა გელა ჩარკვიანის პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, ალბათ, მისი ეს გამოცდილება გაქრებოდა ისევე, როგორც გაქრა სხვა არაერთი ნიჭიერი ადამიანის არაერთი უნიკალური გამოცდილება“- წერდა გამომცემლობა ,,ინტელექტის“ რედაქტორი და გელა ჩარკვიანის წიგნების რედაქტორი ზვიად კვარაცხელია.

ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, ყველაზე მეტად მუსიკა იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატიურების CD-ი 2001 წელს, ადრეული ნამუშევრები კი, 2006 წელს გამოიცა.

საქართველოს დამოუკიდებლობა და დასავლური ტიპის თავისუფალი საზოგადოება სიცოცხლის ბოლომდე აღელვებდა. გარდაცვალებამდე, რამდენიმე თვით ადრე, სოციალურ ქსელში ახალგაზრდებსაც კი მიმართა:

„ჩვენი ახალგაზრდები ფხიზლად უნდა იყვნენ, იმისთვის რომ არ დაკარგონ ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება. ისეთი არავინ უნდა წამოისკუპონ თავზე, ვინც შეძლებს საქართველო ისევ შეათრიოს სადღაც და ამ გზით გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ფხიზლად უნდა იყვნენ. მაგრამ, იმისთვის, რომ არ მოტყუვდნენ, უნდა იყვნენ განათლებულები. პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის. უნდა იკითხონ რაც შეიძლება მეტი და თავის პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად, ვურჩევდი, კარგად შეისწავლონ ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია. უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მოწყობის მოდელები და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ასე გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი ყოველგვარი სოციალური თუ სხვა ტიპის დემაგოგიის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენ არა მარტო შევინარჩუნებთ ჩვენს მონაპოვარს, არამედ გავზრდით და განვავითარებთ მას“.

ყველას თავისი წილი გელა ჩარკვიანი ჰყავდა – ვისთვის კანდიდ ჩარკვიანის შვილი იყო, ვისთვის უნიჭიერესი დიპლომატი და თარჯიმანი, ვისთვის უნიკალური პედაგოგი, ვისთვის ირაკლი ჩარკვიანის მამა, ვისთვის ბაბუა და ვისთვის უბრალოდ საინტერესო, ჭკვიანი, მრავალმხრივ განათლებული პიროვნება. მას რენესანსის დონისა და ფასეულობების ადამიანს, ინტელექტუალურ გიგანტს უწოდებდნენ. ეს იყო ადამიანი, რომელმაც თითოეულ ადამიანში, პირადად იცნობდნენ თუ არა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ასე იყო ჩემთვისაც. ბედნიერება იყო ყოველი მასთან შეხვედრა. ცოცხალი ლეგენდა იდგა ჩემს წინ, რომელიც ყოველთვის თავისი თავმდაბლობითა და ყურადღებით გამოირჩეოდა. უყვარდა ადამიანები და ეს მის თითოეულ ქმედებაში განსაკუთრებულად იგრძნობოდა.

დიდ ტკივილს დაატარებდა. ჯერ იყო ირაკლი.. შემდეგ მეუღლე – ნანა თოიძე… თავისი ნანა, რომელიც გამორჩეულად უყვარდა. ნანას შესახებ დაწერილი მოგონებები ყველაზე მეტი ემოციებითა და გრძნობებით იყო სავსე.

“სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელ ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისთვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს.
ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო – ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა…
ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა”, – ასე იხსენებდა დიპლომატი მუსიკოს მეუღლეს.

როგორც თავად ამბობდა, მუშაობა იყო ალტერნატივა იმისა, რომ თავი არ მოეკლა.

,,მე მერჩივნა, რომ დიდხანს ეცოცხლა, ეგრე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ადრე წავიდა, ასეთი ადამიანები უმეტესწილად ადრე მიდიან ხოლმე“- წერდა გელა ჩარკვიანი ირაკლიზე.

მისი სტატიიდან – ,,სიბერე ახალი ეტაპია“ ვკითხულობთ:

“როდესაც ჩემი ვაჟი, ირაკლი, გარდაიცვალა, მაშინ ჯერ კიდევ მყავდა ჩემი საყვარელი მეუღლე ნანა. ჩვენ ამ გლოვას ვიზიარებდით და რაღაცნაირად, ჩემთვის ამის ატანა შეიძლებოდა. მარტოობაში გაძლება ძალიან ძნელი იყო. ამიტომ ყოველდღიურად ვმუშაობდი. ვწერდი მუსიკას. მერე წიგნების წერა დავიწყე. დღეში 9 საათს ვმუშაობდი, მაგრამ გვერდ ნახევარზე მეტის დაწერა მაინც შეუძლებელია, როცა უბრალო ენით წერ. უბრალოდ წერა ძნელია. საშინელი სამუშაო იყო და ,,იშიასი“ მივიღე კიდეც შედეგად.“

და, ამ გასაჭირს ყოველთვის უმსუბუქებდა ირაკლის შვილი ნანა. განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდათ ბაბუას და შვილიშვილს. ეს იგრძნობოდა ყველა მათ ქმედებაში. თავისი პატარა ნანა არც ამ სტატიაში დავიწყებია.

“როცა ირაკლი გარდაიცვალა, მალევე ლონდონში წავედი ელჩად. ახალი გარემო, ახალი გამოწვევები, ახალი ადამიანები და მართლაც საჭირო საქმე იყო ეს ყველაფერი. შვილიშვილი მოგვიანებით წავიყვანე – ნანას 5 წელი შეუსრულდა და pre-school-ში წაყვანა უკვე შეიძლებოდა. ინგლისში ნანა ყოველთვის მე მიმყავდა სკოლაში და მომყავდა უკან სახლში. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლთან ერთად შემეძლო გამეგზავნა, ეს არასდროს გამიკეთებია. ნანა დაობლებული იყო, მამა არ ჰყავდა და მინდოდა ეგრძნო, რომ გვერდით ბაბუა ჰყავდა, მამის როლში“.

2021 წლის 9 ნოემბერს, სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა გელა ჩარკვიანის შვილის, თეონა ჩარკვიანის ინფორმაცია :

,,გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი – გელა ჩარკვიანი“.

და მართლაც… მთელმა ქვეყანამ ჩვენი გელა ჩარკვიანი დავკარგეთ. ადამიანი, რომელზე საუბარიც დაუსრულებლად შეიძლება, რომელსაც ვერასდროს ვერ ამოწურავ და ვერ დაამთავრებ… ადამიანი, რომელიც სიყვარულის, შრომის, ერთგულებისა და პროფესიონალიზმის მაგალითი იყო. გელა ჩარკვიანმა, თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით, მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.

ლიკა მაჩხანელი