როგორ მოვიქცეთ, თუ უცაბედად მეტროს ლიანდაგებში აღმოვჩნდით
არ მიუახლოვდეთ საკონტაქტო რელსს! არ მიიღოთ დახმარება სხვა მგზავრებისგან! მაშინვე დაწექით პირქვე ლიანდაგში თავით მატარებლის მხარეს!
თბილისის მეტროში ხალხის ნაკადის მატებასთან ერთად ხშირია მგზავრთა მატარებლის რელსებში ჩავარდნის შემთხვევები. შესაძლოა, სრულიად შემთხვევით ვინმე დაგეჯახოთ, ან თავბრუ დაგეხვეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ამოხვიდეთ უსაფრთხოდ, ან სხვას დაეხმაროთ ისე, რომ საკუთარ თავს საფრთხე არ შეუქმნათ.
ლიანდაგის ორმოში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმა თუ არ მიიღებთ, პანიკას ნუ მიეცემით. ამ ინსტრუქციის ცოდნა დაგეხმარებათ იმაში, რომ ყველაფრი სწორად გააკეთოთ:
1. არ მიუახლოვდეთ საკონტაქტო რელსს. მეტროში მატარებელი ორ ჩვეულებრივ სარკინიგზო რელსზე უბრალოდ მოძრაობს და მესამე, საკონტაქტო რელსით იკვებება, რომელიც ბაქანის კედელზე, მარცხნივ, მატარებლის გასწვრივ მდებარეობს. არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ მას! მასში გამავალი დენის ძაბვა 825 ვოლტს შეადგენს და ამ რელსთან შეხება გარდაუვალი სიკვდილია. ნუ ეცდებით ბაქანზე კედლის მხრიდან ასვლას!
2. თუ ისე მოხდა, რომ ლიანდაგზე აღმოჩნდით და მატარებელი ჯერ არ მოდის, ნუ ეცდებით პლატფორმაზე დამოუკიდებლად ასვლას, მოშორდით პლატფორმას და გაიქეცით მატარებლის სვლის მიმართულებით. პორტალებთან (მატარებლის პლატფორმიდან გვირაბში შესვლის ადგილი) არის კიბე, რომელიც ამოგიყვანთ ბაქანზე. იქ მეტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახებია. მეტროპოლიტენის თანამშრომლები დაგეხმარებიან პლატფორმაზე მოხვედრაში.
3. არ მიიღოთ დახმარება სხვა მგზავრებისგან. თუ ვინმე ზემოდან გამოგიწვდით ხელს, უარი თქვით დახმარებაზე, საკონტაქტო ლიანდაგიდან დენი ორივეს დაგარტყამთ, და პირიქით – თუ თქვენ, ბაქანზე მდგომი, ინციდენტის თვითმხილველი იყავით, ნუ მოიქცევით გმირულად და ნუ ეცდებით დაზარალებულის მკლავებით მოზიდვას.
4. თუ ლიანდაგზე აღმოჩნდებით და უკვე ხედავთ მოახლოებულ მატარებელს და მისგან თავის დაღწევის საშუალება არ გაქვთ, მაშინვე დაწექით პირქვე ლიანდაგში, რელსებს შორის ჩაღრმავებულ ადგილას. თუ ზურგჩანთა ან ჩანთა გიკეთიათ, სასწრაფოდ მოიხსენით, რომ მატარებელს არ გამოედოს. თქვენ უნდა დაწვეთ თავით მოახლოებული მატარებლის მიმართულებით – წინააღმდეგ შემთხვევაში, ტანსაცმელი შეიძლება გაიბეროს ჰაერის ნაკადით და მატარებელს გამოედოს. ეს ადგილი გათვლილია ისე, რომ მატარებელი არ შეგეხოთ. ამიტომ, სხეულის პოზიცია უნდა დააფიქსიროთ სწორად და მშვიდად იწვეთ. თქვენ არაფერი მოგივათ!
5. დაელოდეთ დახმარებას მას შემდეგ, რაც მატარებელი წავა, დაელოდეთ მეტროს თანამშრომლებს, რომლებიც დაგეხმარებიან უსაფრთხოდ ამოსვლაში, ან მოიქეცით ისე, როგორც ზემოთ გასწავლეთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” 15 წლის ბიჭი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. მომხდარის გამო, მეტროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მგზავრთა გადაადგილება შეჩერდა. არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
ავტორი: ლელა დევდარიანი