ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
აბიტურიენტები გამოცდაზე დარეგისტრირებას დღეს 10:00 საათიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. აბიტურიენტებს რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, მხოლოდ ელექტრონულად შეუძლიათ – online.naec.ge
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა; (აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა).
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ინფორმაციას – სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ გამოსაცდელები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან. ელექტრონულ ბუკლეტში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და რეგისტრაციას ვეღარ განაგრძობს).
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 3 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება.
თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
აბიტურიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
საგრანტო კონკურსზე გასვლის მსურველმა სტუდენტმა გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.
მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 3 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლია. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებენ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.
სალომე ხომასურიძე