საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების რეგისტრაცია 1 წლით შეჩერდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრაა.

“ამ პერიოდში სამინისტრო შეიმუშავებს კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, რომლითაც პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, სამართლიანი და კონკურენტული პირობები განისაზღვრება”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში უკვე ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ. შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურებასა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან შევიდა ძალაში.

ლელა დევდარიანი