D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად ქალები უფასო კურსს გაივლიან

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ავტობუსის ქალი მძღოლების მოკლევადიან მოსამზადებელ კურსზე მიღებას აცხადებს. კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს, რომელთაც სურთ, ავტობუსის მძღოლის პროფესიას დაეუფლონ.

ავტობუსის მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსში მონაწილეობისთვის, მხოლოდ 25-ქალის მიღებაა გათვალისწინებული.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს თბილისის მერიაში განუმარტეს, კურსის განმავლობაში, მონაწილეები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. თეორიული კურსი, ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების, ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა თუ მგზავრებთან კომუნიკაციის საკითხებს მოიცავს. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს გაივლიან. კურსის ფარგლებში, მონაწილეები პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებსაც შეისწავლიან. წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეები ავტობუსის მძღოლის D კატეგორიის მართვის მოწმობისთვის დადგენილ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს გაივლიან. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს, ავტობუსის მძღოლად დასაქმება შეუძლიათ, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

მათივე ინფორმაციით, გადამზადების კურსი უფასოა ყველა მსურველისთვის, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაფინანსდება გამოცდაზე გასვლის ღირებულება.

სწავლება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დაწყების სავარაუდო თარიღი, 2023 წლის პირველი მაისია.

სასწავლო კურსის მონაწილე შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს საქართველოს მოქალაქე; სულ მცირე 24 წლის; ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა; მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება; არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავტოსაგზაო შემთხვევები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვ.); მზად უნდა იყოს, ბოლომდე გაიაროს გადამზადების კურსი და ჩააბაროს მართვის მოწმობის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა.

დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 მარტამდე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: CV / რეზიუმე;
პირადობის მოწმობის ასლი; მართვის მოწმობის ასლი.

დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ZAsatiani@metro.ge; SBaqradze@metro.ge; KLomjaria@metro.ge.

სათაურში მითითებული უნდა იყოს „ქალი ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსი“.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გასაუბრებასთან ერთად, მსუბუქი ავტომობილით ქალაქში მართვის შემოწმებას გაივლიან.

სალომე ხომასურიძე


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

პოდკასტი