“უცხო ქვეყნის აგენტები „ქართულ ოცნებაშიც“ მეგულებიან” – ვაჟა ოთარაშვილი 

ხალხის ძალის მიერ შემუშავებულმა კანონპროექტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საზოგადოებაში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონად წარმოჩინდა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილში, რომლებიც ათწლეულებია საკმაოდ მსუყედ ფინანსდებიან. ამ სოლიდურ დაფინანსებას კი საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარების რყევისთვის, ასევე მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისთვის იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ დასავლური კაპიტალის აქტიური შემოდინება ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ დაიწყო. ამ ფულს, დიდი დოზით, სოროსის ფონდი და მის მიერ დაფინანსებული, ფაქტობრივად, პოლიტიკური გავლენის მქონე სუბიექტები, იგივე „თავისუფლების ინსტიტუტი“ განკარგავდა, რომლის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილიც პოლიტიკაში მოვიდა. მათი იდეოლოგი – ლევან რამიშვილი კი, დღემდე ჩრდილში ანუ სამოქალაქო სექტორში რჩება და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განშტოებებს ლიბერალური აზროვნების ახალი სახეებით კვებავს.

სოზარ სუბარის და მისი თანამოაზრეების მიერ ამერიკულის ანალოგის საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი, კრიტიკოსების მხრიდან რუსულად შეფასდა. რუსული კანონი უწოდა ე. წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტსაც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც. ამის შემდგომ, „ხალხის ძალამ“ გადაწყვიტა ქართულად ეთარგმნა აშშ-ში დღეს მოქმედი ანალოგიური კანონი და პარლამენტში კანონპროექტის სახით ისიც დაერეგისტრირებინა. ამგვარად, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა არჩევანი კოლეგებს დაუტოვეს, მხარი მათთვის სასურველი კანონპროექტისთვის დაეჭირათ. ამასთან, თავიდანვე განმარტეს, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი, ბევრად ლიბერალურია, ვიდრე აშშ-ში დღეს მოქმედი კანონი.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ – ასე ეწოდება რიგით მეორე კანონპროექტს, რომლის საკომიტეტო განხილვაც 2 მარტს, პარლამენტში დაპირისპირების ფონზე წარიმართა. პროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით 5 წლამდე.

თავდაპირველად დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პატიმრობის სასჯელი არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რა ბედი ეწევა აღნიშნულ ორ კანონპროექტს და რომელს დაუჭერს პარლამენტის უმრავლესობა მხარს, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე ფაქტია, რომ ამ უცხოური გავლენის აგენტებს და ქვეყნის გარედან წამოსული დაკვეთების შემსრულებლებს, ამერიკის საელჩო მხარს სოლიდურად უჭერს და მათი ნაწილი, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არაერთი პოლიტიკოსის გამონათქვამებიდან, პარლამენტშიც შეიყვანეს და საკმაოდ მაღალ თანამდებობებზეც იყვნენ. სახალხო დამცველი ნონო ლომჯარია კი, რომელიც თავს არ იწუხებდა ამ ქვეყნის მოსახლეობის უფლებების დაცვით და მხოლოდ შერჩევით ზრუნავდა ადამიანის უფლებებზე, არც ციხეებში შედიოდა და არც სხვა მნიშვნელოვან დარღვევებზე რეაგირებდა, ფაქტობრივად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველად მოგვევლინა. სწორედ სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა ის ციხეში და არც ერთხელ არ უსაუბრია სხვა პატიმრების პრობლემებზე, მათ მონახულებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

სწორედ ამერიკის ელჩის მოთხოვნას უკავშირებდნენ ახალგაზრდა იურისტთა ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის პარლამენტში შეყვანას და ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნას. გვახსოვს მისი განცხადებები და უმრავლესობიდან მისი გასვლაც, როცა დეპუტატების ნაწილი „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა.

არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ პარლამენტში შესვლამდე იგივე გიგა ბოკერია, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ ეგიდით მოსამართლის ფიტულებს წვავდა რუსთაველის გამზირზე და შემდგომ კიდევ, მოსამართლეების კუბოების პერფორმანსიც მოაწყვეს მეტი თვალსაჩინოებისთვის, რომ ხალხი დაერწმუნებინათ – ქართული მართლმსაჯულება მოკვდა.

დღეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისინი, ვინც ლიბერალურ ფრთას არ წარმოადგენენ და არც უცხოური დაფინანსებით გამდიდრებულად, „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის” მიღებას მხარს უჭერენ და ამას იმით ხსნიან, რომ ამ ფულით ქართული საქმე არ კეთდება და ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაფინანსებული მოქმედებები უნდა შეწყდეს.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს მწერალი ვაჟა ოთარაშვილიც.

“ბუნებრივია ასეთი კანონი გვჭირდება და თან დიდი ხანია. იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ამ 30 წლის განმავლობაში შეიძლება დავყოთ პირობითად სამშობლოს ერთგულებად და აგენტებად, რომლებიც მართლაც ფინანსდებიან უცხოეთიდან, განსაკუთრებით ეს დასავლური დაფინანსებები. ლგბტ პროპაგანდა. ამ კუთხით უამრავი ფულის შემოდინებას ვხედავთ ამ ორგანიზაციებში და რამაც, სხვათა შორის, თავისი უარყოფითი შედეგი გამოიწვია. ჩვენ ვხედავთ, რომ მომავალი თაობა წაახდინა ამ ბინძურმა ფულმა, აგენტურაზე შემოსულმა ბინძურმა ფულმა. ვხედავთ, რომ დედაენის ბაღი და სხვა ადგილები ლგბტ და სხვა სოდომისტებით არის სავსე, რაც უდიდეს საშიშროებას უქმნის სახელმწიფოს ეკონომიკურადაც, ფიზიკურადაც და რაც მთავარია, სულიერადაც“, – აცხადებს მედია სააგენტო „24“-თან ვაჟა ოთარაშვილი.

მისი თქმით, ამ სახით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, უცხო ქვეყნის ოფიციალურ აგენტურას წარმოადგენენ. ეს იქნება აშშ, დასავლეთ ევროპა, თურქეთი თუ სხვა ქვეყნები. ისინი ოფიციალური აგენტები არიან და მათ საქმეს აკეთებენ. ოთარაშვილი ამ ორგანიზაციების საქმიანობაში ქართულ ინტერესს ვერ ხედავს.

„ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია ლუსტრაცია. მეორეც – ყველაზე მთავარი, რა არის ახლა აქ: „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რაც ხელისუფლებაშია, რომ შეცვალოს კანონმდებლობა, რომ „გირჩს“ აღარ შეეძლოს თავისი იდიოტური, გასაბერი ეკლესიები და ე.წ. ეპისკოპოსები არ ჩათვალოს ღვთის მსახურებად. რით ვერ მოახერხა მმართველმა ძალამ, რომ ბლოკირება გაეკეთებინა აი, ამ ხვრელისთვის, რომლის მეშვეობითაც „გირჩმა“ ათასობით თავისი მომხრე გაიჩინა“, – აცხადებს ვაჟა ოთარაშვილი.

მისი თქმით, ეს არის შეგნებული სახელმწიფო პოლიტიკა, ანტიქართული, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის ბარტყებთან ერთად.

ვაჟა ოთარაშვილს ეჭვი ეპარება, რომ „ხალხის ძალის“ ძალის მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მიიღოს.

„ხალხის ძალას, მე დავარქვი, „ოცნების ყმები“. ეს სხვა პოლიტიკური ძალა ხომ არ არის. იგივე „ქართული ოცნებაა“, გამოყოფილი გარკვეული თამაშისა და გარკვეული პოლიტიკური სვლისთვის. მე არ მჯერა, ამ კანონს ეს ძალა თუ ბოლომდე მიიყვანს, რადგანაც თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ მეგულებიან უცხო ქვეყნის აგენტები“, – განაცხადა ვაჟა ოთარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ამ კანონს ერთგვარ ლუსტრაციად მიიჩნევს, რომელიც ქვეყნის შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებას სტაბილურობას შესძენს, კანონპროექტს რუსულ ანალოგად არ მიიჩნევენ, პირიქით, მას ამერიკულად მოიხსენიებენ და მიაჩნიათ, რომ ამ კანონის მიღება გაცილებით ადრე იყო საჭირო, რომ ახლა, დაგვიანებულიც კი არის.

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი