ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედალი ჩამოიტანეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, აშშ-ში გამართულ „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის თერთმეტი ოქრო, რვა ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა, ინტენსიური მომზადება გაიარა. საერთაშორისო ტურნირი აშშ-ში, ლას-ვეგასში მდებარე საჰაერო ბაზაზე ჩატარდა და თავდაცვის სამინისტროს გუნდი, სპორტის ექვს სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც მონაწილეობას სან-დიეგოში, საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
აღსანიშნავია, რომ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, გიორგი გოგოჭური დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.
სალომე ხომასურიძე