“ორმაგი სტანდარტები, რასაც ამერიკის ელჩი გვაჩვენებს, მსგავსი საბჭოთა კავშირშიც არ მინახავს”- მაია ნიკოლეიშვილი

“მახსოვს, კვალის ასარევად ამბობდნენ, – „კმარა“ რუსულიაო, – ამიტომ არ უნდათ ეს კანონი. „კმარას“ დაფინანსების წყარო რომ გამოჩნდებოდა, ხომ გაიგებდა ხალხი, რომ ეს რუსეთი არ იყო”, – ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან.

მაია ნიკოლეიშვილი

„ხალხის ძალის“ მიერ ქვეყანაში მოქმედი უცხოელი გავლენის აგენტებისა და სამოქალაქო სექტორს შეფარული სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ე.წ. უფლებადამცველების ლუსტრაციისთვის შემუშავებულმა კანონპროექტმა სრულიად ოპოზიციური სპექტრისა და დიპლომატიური კორპუსის ყურადღება მიიპყრო. გაჩნდა არა მხოლოდ კრიტიკული შეფასებები, არამედ ამ კანონპროექტს ღიად ეწოდა – რუსული. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები “ხალხის ძალიდან” აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტი რეალურად ამერიკულ კანონს დაეყრდნო. კანონპროექტის ირგვლივ ხმაურის დონემ განაპირობა პარლამენტში მეორე ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებაც, რომელიც ზუსტად ამერიკაში მოქმედი ანალოგიური კანონის ასლია, ანუ ქართული თარგმანი.

აღნიშნულ კანონპროექტს გაერო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ის საფრთხეს უქმნის გამოხატვის და გაერთიანების უფლებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას, კონფიდენციალურობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას. საინტერესოა, აშშ-ში მოქმედი კანონი, რომლის ქართული თარგმანიც „ხალხის ძალამ“ პარლამენტს შესთავაზა, ზემოთ ჩამოთვლილ უფლებებს საფრთხეს არ უქნის თუ არა? მეორეც – გაეროში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი გაეროს საქმიანობას შეაფერხებს. მედია სააგენტო “24”-ს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა.

– „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ ე.წ. “აგენტების შესახებ კანონპროექტზე” არაერთი კრიტიკული მოსაზრება მოვისმინეთ. რამდენად არის ის რუსული კანონის ანალოგი, როგორც მას ოპონენტები უწოდებენ?

-მართალი გითხრა, მე კანონს არ ვიცნობ, არც რუსულს და არც ამერიკულს. დღეს ყველა ამ კანონზე ლაპარაკობს და არავინ საუბრობს, მას იცნობს თუ არა. ყველა, ზოგადად, საუბრობს. ერთი რამ არის: თუ, დავუშვათ, იმ დაფინანსების წყაროების ლეგალიზება მოხდება და მეტი არაფერი, მე საშიშს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ვხედავ ისტერიკას – რატომ უნდა გავაკეთოთ, სწორედ ეს მიკვირს. ეს კანონი, მე, პირადად, რაღაც ლუსტრაციის მაგვარი მგონია. თუ იღებ დაფინანსებას და ეს საიდუმლო არ არის, თუ ცუდ საქმეს არ აკეთებ, იყოს ეს ოფიციალური, რა არის ამაში საპანიკო?!. საუბარი დაიწყეს, ამერიკაში იმ დროს იყო მიღებული, როცა ფაშიზმი იყო შესაჩერებელიო. თუ კანონი, რომელიც მაშინ, დაუშვათ, ფაშიზმის წინააღმდეგ მიიღეს, მას მერე იმდენ წელი გავიდა, თუ კანონი ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მუშაობდა და რაღაცით ზღუდავდა, მაშინ მას გააუქმებდნენ ან ცვლილებებს შეიტანდნენ. თუ ცვლილებები არ შეუტანიათ და დღესაც მუშაობს, რა მნიშვნელობა აქვს, ეს კანონი, როდის მიიღეს?! დღეს ეს კანონი ამერიკაში მუშაობს. მე პუნქტობრივად ვერ გავყვები, რადგან კანონს არ ვიცნობ. მართალი გითხრა, არც სურვილი მაქვს, ცნობისმოყვარეობის გამო მაინც წავიკითხო. მსჯელობა იქნება და მოვისმენ. ამაზე კანონმდებლებმა უნდა იმუშაონ და არა მთელმა საქართველომ. ერთია – დაფინანსების წყარო, საიდუმლო არ უნდა იყოს, ესაა მთავარი.

-აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ ამ კანონპროექტს რუსულის ანალოგს უწოდებს. მან ხომ კარგად იცის, ამერიკაში რა კანონიც მოქმედებს?

– ამერიკის ელჩზე, საერთოდ, რა შემიძლია გითხრა, ასეთი ორმაგი სტანდარტები, თუ სადმე არსებობდა, არ მეგონა. ასეთი ორმაგი სტანდარტები, რასაც ამერიკის ელჩი გვაჩვენებს, მსგავსი საბჭოთა კავშირშიც არ მინახავს. ასეთი არაინფორმირებული ადამიანების კომენტარების კეთება, მხოლოდ დაინტერესებით, თითქოს – ჩემთვის შეიძლება და შენთვის არა, ეს არის ცალსახა. ეს რას ნიშნავს: ის ადამიანი შენ ჰორიზონტალურ ჭრილში ანუ თანასწორად არ განგიხილავს, გიყურებს ზევიდან ქვევით. ვერ გავიგე, ოლიმპოზე ცხოვრობენ?! ამერიკაა, რა ოლიმპოა? იმ ღმერთებს აქვთ უფლება ან ნახევრადღმერთებს და ჩვენ, ადამიანებს არა? ფაქტობრივად, აი, ამ ჭრილში ვხედავთ ჩვენ ამ ყველაფერს. თან საოცრად არაინფორმირებული ადამიანები არიან. მახსენდება კანადელების ერთი ძალიან კარგი ნათქვამი – გადასარევი ქვეყანაა ამერიკა, ჩვენს გვერდით რომ არ იყოსო, ანუ რაც უფრო შორს ხარ, უკეთესიაო. ასე შორს ვართ და მაინც, მათი მხრიდან ყველაფერში ჩარევას ვხედავთ. ეს ჩვენი ოლიმპოს ბინადრები, კელი დეგნანიც მათ შორის და ეს ამერიკული უპირატესობის გრძნობით აღვსილები, რომლებსაც ნახევრად ღმერთები ჰქონიათ თავი, ფაქტობრივად, დათვს ეხმარებიან ანუ საზოგადოებას კი არა. გამაოგნა კელი დეგნანის ნათქვამმა იმაზე, თუ რა უნდა ქართველ ხალხს. რა იცის, მაგან საერთოდ, ქართველი ხალხის და რატომ ლაპარაკობს? რა უფლებით ლაპარაკობს? თვითონ გადასარევად იცის, რომ არაფერი იცის; რომ ქართველმა ხალხმა, როგორც ელჩი, ის არ მიიღო. ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება, არცერთი ელჩის მიმართ, არ ყოფილა. ის მანიპულირებს ქართველი ხალხით და სიტყვებს, როგორც ხანჯალს, ისე იქნევს. ვინ გეკითხება შენ ქართველ ხალხს ან როდის იყო, ქართველი ხალხი კელის ეკითხებოდა? მან მშვენივრად იცის, ეს არის უბრალოდ შტამპი, რომელსაც თავიანთ კოლონიებში ატრიალებენ. კარგი ნათქვამია – ამერიკელებს მოუსმინე, რას გირჩევენ და პირიქით გააკეთე. აი, ეს არის ყველაზე ჭკვიანური.

– ანუ ჩვენ პირიქით უნდა ვიმოქმედოთ?

– კი. ეს ჩემი არა, ძალიან გამოცდილი დიპლომატების ნათქვამია; და მეორე – მოუსმინე რას გირჩევენ, ოღონდ გააკეთე ისე, როგორც თვითონ აკეთებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონით, როგორც მე გავიგე, ვაკეთებთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ, მაგრამ მათ რჩევებს არ ვიზიარებთ. გამოდის, ისინი გვეუბნებიან, რომ გავაკეთოთ პირიქით. ჩვენ კი ვუსმენთ და ვაკეთებთ ისე, როგორც ისინი აკეთებენ, ოღონდ ეს მათთვის მიუღებელია. ხომ გეუბნებით, თავი ნახევრად ღმერთებად წარმოუდგენიათ აი, ამ ცარიელ ადამიანებს. მე კელი დეგნანზე ვამბობ.

ჯერ ერთი, ეს არის კანონპროექტი და კანონად ჯერ არ ქცეულა. თუ ეს კანონპროექტი ამხელა ვნებათაღელვას იწვევს, ვფიქრობ, ის აუცილებელი და საჭიროა. იმიტომ, რომ ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში შემოდიოდა დიდი ხნის წინ, მას არცერთ კანონპროექტი ხელს არ შეუშლის. მაგრამ ლუსტრაცია წარსულს, ეს იყო ოცნება ამ ადამიანების. ამ ადამიანებს არარსებულ საბჭოთა კავშირთან ბრძოლა აქვთ გამოცხადებული, პრეზიდენტის ჩათვლით. სწორედ ამ ადამიანებისთვის არის რაღაც კატასტროფა დღევანდელი ლუსტრაცია. ითხოვენ გუშინდელ ლუსტრაციას, როგორმე კიდევ დაამძიმონ ჩვენი წარსული. მაგრამ დღევანდელი ლუსტრაცია არ უნდათ, ეშინიათ. ეს კანონი სწორედ დღევანდელი ლუსტრაციაა და ეშინიათ. კარგად ვიცი, მომიწია იმაში ჩახედვა, თუ საიდან შეიძლება ხდებოდეს დაფინანსებები. სამწუხაროდ მე ეს ვნახე. სწორედ ამის გაშიფვრა არ უნდა არავის. იმიტომ რომ ძალიან ძნელი შემოსატანი იქნება მაშინ ის თანხა, რომელსაც დუმბაძის მსგავსი ადამიანები მოიხმარენ, სისულელეები რომ ილაპარაკონ. მეორეც, რატომ გიკვირთ ის, რომ ჩვენთან არ შეიძლება ის , რაც შეიძლება მათთან.

რისი უფლებაც აქვს იუპიტერს, იმის უფლება არ აქვს ხალხს. ისინი თვლიან თავს უპირატეს ადამიანად. მგონი არ გიკვირთ, რომ ჯოზეფ ბორელმა ჯუნგლები უწოდა ჩვენნაირ ქვეყნებს. ევროკავშირს – ბაღი. რაც მათთვის შეიძლება, ჩვენთვის არ უნდა შეიძლებოდეს. იცით რატომ? ისინი თვლიან თავს უპირატეს ადამიანად. ჩვენ მათი წარმოდგენით არ ვართ ის ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰქონდეს თავისუფლება. განა ცოდნა არა, თავისუფლება. სწორედ თავისუფლებაა ეს როდესაც ჩვენ თვითონ გავარჩევთ, ვის მივცემთ დელეგირება ვთქვათ იგივე პარლამენტში, ვის მივცემთ ქვეყანაზე ფიქრის უფლებას და მუშაობის უფლებას. და არა ისე, როგორც დღეს შეყრილია ათასი მავნებელი თუ პოლიტიკაში, თუ პარლამენტში. ამიტომაც არის – ეს არის დღევანდელი დღის ლუსტრაციის შიში. მეტი არაფერი და იმის შიში, რომ ჩვენ მართლა თავისუფლები არ გავხდეთ. ვერ ხვდებიან რომ ამას უბრალოდ ვერ შეაჩერებენ.

-ამ ხმაურიანი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების დაწყებას მოჰყვა ოპოზიციის მორიგი დესტრუქციული მოქმედება, რატომ თქვენი აზრით?

– ეს ჩვენი ყიამყრალი, გამყიდველო ოპოზიცია, იმისთვის იბრძვის, რომ მათი ხაზით – ნეოლიბერალების ხაზი, რომელიც მომაკვდავი ხაზია, თვითონ ამერიკაში, გადაარჩინონ. ესენი აი, ამ მომაკვდავი ხაზისთვის იბრძვიან. იგივე მომაკვდავ ხაზზეა ზელენსკი, უკრაინის მთელი ხელისუფლება. იმიტომ არიან შემოდგომის ბუზებივით გამწარებულები და იმიტომ იკბინებიან, რომ როგორმე შეასრულონ ის, რისთვისაც ამ ავანტიურაში ჩაებნენ. როგორც ზელენსკის მთავრობა, ისე ჩვენი ოპოზიცია, უბრალოდ, გამყიდველი ადამიანები არიან. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების ზუზუნი, წივილი-კივილი, კბენა არ უნდა მოისმინო. ესენი არიან მომაკვდავი ხაზის წარუმატებელი, იდეოლოგიურად დამარცხებული ხაზის ადამიანები. როგორც ნაცმოძრაობა წავიდა კვდომისკენ, ისე მიდის მსოფლიოში ეს ხაზი, კვდომისკენ. უბრალოდ, კუდის ბოლო მოქნევა აქვთ. მთავარი ის არის, რომ მოლაპარაკებები უკვე მიდის – საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, რუმინეთი და უნგრეთი. ეს ერთი ხაზი. იგივე ბმა არის ჩინეთთან, ინდოეთთან და საემიროებთან. შეხედეთ, რა ვიზიტებს აწყობს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ხომ წარმოუდგენელი ვიზიტებია, ასეთი პატარა ქვეყნისთვის. დღეს დედამიწა გეოპოლიტიკურად და პოლიტიკურად ისეთი გაცხელებულია, რომ ასეთი პატარა ქვეყნის პირველ პირს, ასეთი ვიზიტები რომ აქვს, უბრალოდ, უნდა გაგიკვირდეს, თუ განსჯის უნარი ოდნავ მაინც გაქვს. მაგრამ ამით უკვე ხვდები, რომ საქართველო ძალიან დიდ პროექტში არის ჩამჯდარი და მას ადგილი იქ უკვე აქვს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთ დიდ პროექტებს, რომელიც ფაქტობრივად, მსოფლიო გადანაწილებაა, რომელსაც საბოლოოდ ხელს დიდი ქვეყნის ლიდერები აწერენ. ეს იქნება ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი.

– რეალურად გამოავლენს ეს კანონი, რომელზეც ამხელა ხმაურია ატეხილი, რომელი ქვეყნები შეეცდებიან საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას, გადატრიალებების მცდელობას და ა.შ? ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება „ვარდების რევოლუციიდან“, მაშინ არაერთი ქვეყნის ინტერესებმა და ფულმა განაპირობა აქ რევოლუცია.

– ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც „კმარა“, რომელიც შეიქმნა საქართველოში, ნაციონალების მიერ, ლევან რამიშვილის და მისი მეგობრების მეშვეობით, რომელიც იყო მე მგონი, ჩეხური „ატპორი“, უკრაინაში მუშტის ლოგო ჰქონდა, აბსოლუტურად იდენტური ორგანიზაციები იყო, ერთი – სოროსის პროექტი იყო ეს. ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ ამბობდნენ, ეს არის რუსული ძალა, „კმარა“ რუსულიაო. კვალის ასარევად, ზუსტად საპირისპიროს ამბობენ იმისა, რაც არის. აი, ამიტომ არ უნდათ ეს კანონი. თორემ, „კმარას“ დაფინანსების წყარო რომ გამოჩნდებოდა, ხომ გაიგებდა ხალხი, რომ ეს რუსეთი არ იყო. აი, ამიტომ არის ასეთი კანონები. ფაქტობრივად, ეს კანონი, თუ ის ნამდვილად სწორად იქნა მიღებული, მნიშვნელოვანია. ოპოზიცია სულ გაყვიროდა, ლუსტრაციის კანონიო. ლუსტრაციის კანონი არის წარსული, ეს არის დღევანდელი ლუსტრაცია. აი, დღეს ეშინიათ ამათ, თორემ პაპების და იმათი მამების ლუსტრირების იმდენად არ ეშინიათ. იმაზე ამბობენ, გვინდა გვინდაო. ის, რაც არის ლუსტრაცია დღეს – ეს კანონია. “კმარას” დაფინანსების წყარო რომ გვცოდნოდა, ძალიან ბევრი ადამიანი უცებ მიხვდებოდა, რასთან გვქონდა საქმე. მახსოვს, შევარდნაძესთან მქონდა შეხვედრა, ექსპერტიზის საკითხებზე, მაშინ ვუთხარი, „კმარა“ არ არის რუსული-მეთქი. ახლა სასაცილოა, მაგრამ მთელი საზოგადოება ამას იმეორებდა. ოპოზიციის ერთადერთი პრიმიტიული გზა არის ფობიაში ჩაგდება. ყველაფერს, რაც მათ არ აწყობთ, დაუძახებენ რუსულს. თვითონ იგიჟებენ თავს თორემ, დანარჩენი ყველა ამაზე იცინის, რადგან ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა.

-სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებებს როგორ აფასებთ?

– სალომე ზურაბიშვილს დიდი ხანია კომპასი არეული აქვს. ზურაბიშვილი ნამდვილად არ არის ქართული ქსოვილიდან. დიდი ხნის წინ ამოვარდნილია. მისმა წინაპრებმა დატოვეს საქართველო. წაიღეს, თავისი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, რაც სჭირდებოდათ და წავიდნენ. სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც ძალიან ბევრი იმ თაობის ემიგრანტი, დარჩა იმ კომპლექსებში, რასაც ჰქვია საბჭოთა რუსეთი. ანუ ამ ფობიაში და ამ კომპლექსში დარჩა. ამით საქართველოს ძალიან ვნებს. დღეს რეალობა აბსოლუტურად შეცვლილია. მაშინ სამშობლო დატოვეს და წავიდნენ ემიგრანტებმა, ისევე, როგორც სააკაშვილმა დატოვა და წავიდა. აქ უკვე კომპლექსებია. სალომეს კიდევ უფრო მძლავრად აქვს. ის არის თავისი კომპლექსების მონა. კიდევ საბჭოთა კავშირს ებრძვის. სხვათა შორის, უამრავი ამერიკელი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი, ისევ საბჭოთა კავშირს ებრძვის, რაც ძალიან ცუდია. იმდენ ცუდს აკეთებს თავისი ძალიან გრძელი ენით, ძალიან მოკლე პოლიტიკური ჭკუით და არადიპლომატიური ჭკუით, რომ რა გითხრათ.

– კანდიდატის სტატუსის მიღებაში პრეზიდენტის განცხადებები ხელს შეგვიშლის?

– ჩვენ კანდიდატობაზე ვსაუბრობთ და ვხედავთ, რა ხდება ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ევროსაბჭოში – კორუფციულ სკანდალებს ვგულისხმობ. ეს აბსოლუტურად არაინფორმირებული ადამიანები, გამოფოტიგებულები, შავზე თეთრს გეუბნებიან და მორჩა. ცოტა ხანში ევროპარლამენტშიც და ევროსაბჭოშიც ყველაფერი ძალიან სერიოზულად შეიცვლება. ამიტომ ჩვენ ჩვენი ადგილი დღეს უფრო ნაპოვნი გვაქვს. ჩვენი პოლიტიკა, დღეს ეკონომიკა და მშვიდობაა. თუ მათ ენდომებათ. ჩვენი იქ ყოფნა, ძალიან კარგი. თუ არ ენდომებათ, ჯერ თვითონ გასუფთავდნენ, გაიწმინდონ და მერე გვასწავლონ ჭკუა. ჯერ თვითონ გასუფთავდნენ.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი