„მისი გარდაცვალების შემდეგ, საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა” – ილია II ჟიული შარტავაზე

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა.

ის 1944 წლის 7 მარტს, სენაკში, პედაგოგების, კალისტრატე და ნინო შარტავების ოჯახში დაიბადა. 1951-61 წლებში, სენაკის მეორე საშუალო სკოლაში სწავლობდა, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. 1966 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წელს კი, ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით სწავლობდა, თუმცა, უმაღლესი სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივნად არჩევის გამო, სამეცნიერო მოღვაწეობა არ განაგრძო.

ჟიული შარტავას თბილისსა და რუსთავში, კომკავშირული და პარტიული თანამდებობები ეკავა. ასევე, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი გახლდათ. 1989 წელს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.

1992 წელს, ჟიული შარტავა რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს. აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტისტებმა თანამებრძოლებთან – გურამ გაბესკირიასთან, რაულ ეშბასთან, ვახტანგ გეგელაშვილთან, მამია ალასანიასთან, ალექსანდრე ბერულავასა და სხვებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა:

„მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.

„წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“…
,,ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ – ეს წინადადებები, საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, სიკვდილამდე დღეებით ადრე უთქვამს.

აღსანიშნავია, რომ 2004 წელს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ჟიული შარტავას პირველს მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ, ის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.

პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული საქართველოს ეროვნული გმირი, თბილისში, ვაკის პანთეონშია დაკრძალული.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი