7-8 მარტს პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება.

როგორც ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ, სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შევიდა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

,,სამსახური თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიზეზი კი, 14 თებერვალს, „ხალხის ძალის” მიერ, საქართველოს პარლამენტში, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენა გახლდათ. კანონპროექტს თავიდანვე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ამიტომ ,,ხალხის ძალამ” 22 თებერვალს, კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, ამან შექმნილი ვითარება, კიდევ უფრო გაამწვავა და დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმაც.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი