“გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტი უკან გაიწვიეს – ოპოზიცია მაიდანისთვის ემზადება

მმართველი პარტიის ლიდერების დაპირების თანახმად, პარლამენტმა დღეს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

“ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელსაც ქვეყანაში ვნებათაღელვა და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა, თუმცა ფორმალური კენჭისყრით – 1 მომხრე – 35 წინააღმდეგ – ჩააგდეს. სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განცხადება გააკეთა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე, სხვადასხვა თვალსაზრისით, უკვე გააკეთა. პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო, ასევე, ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, უცხოური გავლენის მქონე აგენტები არიან.

კობახიძის შეფასებით, “ხალხის ძალის” კანონპროექტმა 3 მნიშვნელოვანი რამ გააკეთა:

” პირველი: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე. მეორე: ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართულნი, როგორიც არის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან, ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის მქონე აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართულ საზოგადოებას, ცხადად და მკაფიოდ. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი – ვერასდროს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ ენჯეოების ხელით ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს”, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის ლიდერმა მადლობა გადაუხადა “ხალხის ძალის” გუნდს კანონპროექტის მომზადებისთვის, ასევე ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მარი დაუჭირა პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს.

“ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება პარლამენტში გაფორმდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით, 7 მარტს მიიღო. თუმცა, 9 მარტს, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, იძულებულნი გახდნენ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიეღოთ. კანონპროექტი გამოიწვიეს ვენეციის კომისიიდანაც.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 7-8 მარტს პროტესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის მწვავე დაპირისპირება. აქციის მონაწილეები, რომელთა დიდ ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენენ, ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, პიროტექნიკას. ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები, დაარბიეს პარლამენტის პერიმეტრი და რუსთაველის გამზირის ინფრასტრუქტურა. დაწვეს პოლიციის ავტომობილი და დააზიანეს შსს-ს კუთვნილი სხვა სატრანსპორტო საშუალებები. აქციის მონაწილეების აგრესიას პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დაუპირისპირა. იყო აქციის მონაწილეების ხელკეტებით ცემის რამდენიმე ფაქტიც. პროტესტანტების აგრესიის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, როგორც შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე აქციის მონაწილეებმა. დაუმორჩილებლობისა და განსაკუთრებული აგრესიის გამო პოლიციამ 134 პირი დააკავა, თუმცა, წინასწარი დაკავების ვადის ამოწურვის შემდეგ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

პარლამენტის სხდომის პარალელურად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც განახლდა. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ არ სურთ მათი პროტესტი რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, ამიტომ, 9 მარტის აქციის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი ლიდერები გაქრნენ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არც დღეს მისცეს. როგორც მათ აღნიშნეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ სურთ.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ვაშაძის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს, მან ტერიტორია დატოვა, თუმცა მანამდე განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს ინდივიდუალურ ანგარიშსწორებას და აქციის მონაწილეების დაჭერას.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ მოითხოვეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. პროტესტანტებმა მშვიდობის მარშით გამოხატეს საკუთარი გამარჯვება. ისინი აცხადებენ, რომ გააკონტროლებენ იმ 12-პუნქციანი რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მიიღო ევროკომისიისგან.

ოპოზიცია უარს არ ამბობს საკუთარ მიზნებზე და ახალგაზრდების პროტესტის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგში მოქცევას ცდილობს. ასე მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების შს მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი იქნება პატიმარი ექსპრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ 8 მარტს ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ კისელიოვი საბჭოთა, რუსი და უკრაინელი ჟურნალისტი და ტელემოდერატორია. 2020 წლიდან “უკრაინა 24”-ის არხზე მუშაობს. ევგენი კისელიოვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში 2022 წელს შეიყვანა. რუსეთის ხელისუფლება მას უცხოური აგენტის ფუნქციების შესრულებაში ადანაშაულებს.

ვანო მერაბიშვილი საქართველოში უკრაინული მაიდანის განხორციელებას გარდაუვალად მიიჩნევს. როგორც ინტერვიუში ამბობს, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ამ დრომდე დიპლომატიური მეთოდებით ცდილობდნენ, ამ მიმართულებით, ამჟამად, ამერიკაში ძალიან სერიოზული მიღწევები აქვთ.

“პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა “პოლიციის კორდონი”, პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი “გარღვევა” არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ექსპრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების დღეები დათვლილია. მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პროტესტების ავანგარდშია და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მობილიზაციის დიდი რესურსი აქვთ.

შორენა ღავთაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი