“ქართული გოლი მარადონას სტილში” – ფეხბურთის ლეგენდები და მსოფლიო მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელია

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ნაპოლიმ” სახლში “ატალანტა” 2:0 დაამარცხა. “პარტენოპეის” რიგებში, ხვიჩა კვარაცხელიამ, მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი, უკვე მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ცენტრში, არაერთხელ მოექცა. კვარაცხელია აქტიური და საკმაოდ წარმატებული თამაშებით გამოირჩევა. ზუგდიდელმა ბიჭმა, ამჯერად, „ატალანტას“ კარში გატანილი გენიალური გოლით, უკვე ორი დღეა იტალიური და მსოფლიო მედია დაიპყრო. ცნობილი გამოცემები და ფეხბურთის ლეგენდები, მასზე უამრავ კომენტარ აკეთებენ.

პრესტიჟული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ქართველი “კვარადონაზე” წერს, რომ ეს მარადონას სტილში, ქართული გოლი იყო.

„კვარაცხელიას „ატალანტასთან“ გატანილმა გოლმა, ბევრს მარადონას გოლი გაახსენა. ხვიჩამ საოცარი ცრუ მოძრაობებით ბერგამოელთა მცველები ჩამოიშორა და „სტადიო მარადონაზე“ მყოფი გულშემატკივრები (მათ შორის ქართველები, რომლებიც მას ყოველ კვირას თამაშებზე დაჰყვებიან) აღაფრთოვანა”, – წერს გამოცემა.

„ნაპოლის“ გამარჯვებას ფეისბუქზე Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი ანტონიო ჯორდანოც გამოეხმაურა. მის კომენტარში კი, ქართველი ფეხბურთელის მიმართ დიდი პატივისცემა და აღფრთოვანება იკითხება.

„ის ფენომენია! ხვიჩა გაურბის ყველა წესს და თავისი შესანიშნავი თამაშით ყველას აღაფრთოვანებს. “კვარა” ახალი გმირია, ვინც ყველას აიძულებს, რომ შეიყვაროს, მიუხედავად იმისა, ვისი ქომაგია. ის 22 წლის ასაკში, სოციალური მედიის საშუალებით აქტიურობს თავისი ქვეყნის მომავლის საკითხების განსაზღვრაში. ამავე დროს, ძალიან კარგი ადამიანია, რომელმაც ნეაპოლი მოხიბლა და ფეხბურთის გულშემატკივრები შოკში ჩააგდო. “კვარა” არის FE-NO-ME-NO!“.

22 წლის ხვიჩას თამაშს, იტალიელი მსოფლიო დონის სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო არაერთხელ გამოეხმაურა. როგორც ჩანს, ის ქართველი ფეხბურთელის თამაშით ამჯერადაც ძალიან მოიხიბლა, აღფრთოვანება ვერ დამალა და ასე გამოეხმაურა:

“ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ფანტასტიკური გოლი გაიტანა. სერია A-ს 22 მატჩში 11 გოლი და 11 საგოლე მოქმედება (9 პასი და 2 მოპოვებული პენალტი), ამას დაუმატეთ ჩემპიონთა ლიგაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას შესაძენად მხოლოდ 10 მილიონი ევრო დახარჯა“.

კვარაცხელიას თამაშით, „რომას“ გულშემატკივრებიც გაოგნებულნი დარჩნენ. ისინი ამბობენ, რომ ქართველი თავდამსხმელის წინაშე, ქედს იხრიან. ნეაპოლიტანური გუნდის მორიგ წარმატებაზე, კომენტარი „რომას“ ცნობილმა ფანმა, გაბომანმაც გააკეთა და ქართველს ,,ხელოვნების ნიმუში“ უწოდა.

„ქედს ვიხრი მის წინაშე. ხვიჩა არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, მისი მოქმედებები ყოველ ჯერზე წარმოუდგენელია, ხელოვნების ნიმუშია. „ნაპოლიმ“ მოიგო მატჩი, რომელიც იოლი სულაც არ იყო. „ნაპოლი“, თითქოს ჯოისტიკით იმართება, მისი სიძლიერე ერთიანობასა და გუნდურ თამაშშია”, – აღნიშნა გაბონმა.

კვარაცხელიას გოლს ,,ნაპოლმა“ ოფიციალურ გვერდზე, პოსტი მიუძღვნა, რომელიც ლაკონიური, მაგრამ საკმაოდ ბევრი რამის მთქმელი იყო.

,,კვარაცხელიას გოლი „ოსკარს“ იმსახურებს“- დაწერა გუნდის ოფიციალურმა გვერდმა.

ხვიჩას გოლმა, გენიალური გოლების გამტანი, ლეგენდარული ნიდერლანდელი თავდამსხმელის, მარკო ვან ბასტენის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის მიმართ, აღფრთოვანება ვებგვერდ AD.nl-თან ინტერვიუში, საჯაროდ გამოხატა.

„შეხედეთ ამ გოლს, ეს წარმოუდგენელია – ერთი მოთამაშე 8 მეტოქის წინააღმდეგაა და ფიქრობ, არ შეიძლება გაიტანოს. აღფრთოვანებული ვარ კვარაცხელიას ტექნიკითა და მონდომებით, რომელსაც ასეთი სილამაზის გოლების გატანის უნარი და ნიჭი აქვს“, – ამბობს „აიაქსისა“ და „მილანის“ ყოფილი ლეგენდა.

მარკო ვან ბასტენი, ახლა Ziggo Sport Voetbal-ზე სპორტულ მიმომხილველად მუშაობს. “ნაპოლის” თამაშის განხილვისას, რა თქმა უნდა, მან კომენტარი ქართველი ,,კვარადონას“ ფენომენალურ გოლზეც გააკეთა:

“მომენტს უყურებ და ხედავ, რომ 1 ფეხბურთელი რვა მოთამაშის წინააღმდეგაა. ფიქრობ, როგორ შეიძლება აქ გოლი გავიდეს?! – ეს შეუძლებელია სიმართლე იყოს! შეუძლებელია გოლი გავიდეს, მაგრამ მან ეს გააკეთა”, – თქვა ვან ბასტენმა.

,,ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის შესახებ, იტალიური Sky Sport-ის ჟურნალისტმა მარკო ბუკანტინიმაც ისაუბრა. მისი თქმით, “კვარა” რიკარდო კაკაზე უკეთესი ფეხბურთელია.

“ხვიჩა ქარიშხალივითაა და მოედანზე მეტოქე გუნდებს დიდ ზიანს აყენებს, მცველებს მშვიდად თამაშის საშუალებას არ აძლევს. “კვარას” ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა აქვს და ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, მის “ნაპოლიში” ტრანსფერს, მხოლოდ რიკარდო კაკას “მილანში” ტრანსფერს შევადარებდი. დეტალურად რომ მივყვეთ, პირადად მე, ქართველი ბრაზილიელს მირჩევნია. ჩვენთვის ერთადერთი პრობლემა, მისი გვარის წარმოთქმა იყო. კარგად ვერ ვიაზრებდით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლებოდა ყოფილიყო. “ატალანტასთან” მისმა გატანილმა გოლმა, ლუჩანო სპალეტი გაოგნებული დატოვა“, -აღნიშნავს მარკო ბუკანტინი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “კვარას” ანგარიშზე, ყველა ტურნირზე, 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა. ,,კვარადონამ“ საქართველო ფეხბურთის მსოფლიო გულშემატკივრებს შეაყვარა. მის თამაშს ტელეეკრანებთან ისეთი ადამიანები ელოდებიან, ცოტა ხნის წინ, ამას რომ ვერც წარმოიდგენდნენ. “კვარას გულშემატკივრები მხოლოდ ვიდეოების ყურებით, არ კმაყოფილდებიან და ანალიტიკასაც დიდი ენთუზიაზმით ეცნობიან. ნელ-ნელა, თითოეულ საფეხბურთო დეტალში გათვითცნობიერებას, ყველა ცდილობს. ამასობაში კი, “ნაპოლი” 2022/23 წლების სეზონში, არაჩვეულებრივად გამოიყურება. სპალეტის გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში, 68 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან “ინტერს”, 18 ქულით უსწრებს. 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე “აინტრახტს” უმასპინძლებს, 19 მარტს კი, იტალიის პირველობაზე გასვლისთვის, “ტორინოს” დაუპირისპირდება.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი