“ეს კანონი, არც ქართული, არც ამერიკული და არც რუსული მისაღები არ იყო” – ლადო პაპავა

ლადო პაპავა

საქართველომ უნდა მიიღოს თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, ბოლო დღეებია ამ თემის აქტიური განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტის განხილვების დაწყებას დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის მონაწილეთა უმეტესობას ახალგაზრდობა წარმოადგენდა, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია. რა შეცდომა დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ, კანონზე უარის თქმა ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველომ უარი თქვა იმ ფულის კონტროლზე, რომელიც გრანტების სახით შემოდის ქვეყანაში? ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები მედია სააგენტო „24“-თან ინტერვიუში აკადემიკოსმა ლადო პაპავამ შეაფასა.

– როგორ შეაფასებდით კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ვენეციის კომისიას გადაუგზავნა და მალევე მისი ჩაგდების, უკან გამოწვევის აუცილებლობის წინაშე დადგა? საერთოდ, რას იტყვით ამ ფონზე აგორებულ საპროტესტო გამოსვლებსა და რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებზე?

– ალბათ, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, სჭირდება თუ არა ქვეყანას ასეთი რეგულაცია, როგორიც არის გამჭვირვალობა. პასუხი მარტივი და ერთმნიშვნელოვანია – გამჭვირვალობა ყველა სფეროში არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის რეგულაცია მისაღებია, ოღონდ, ვფიქრობ, არა იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოდგენილი იყო ეს კანონპროექტები. რატომ? – იმიტომ, რომ გამჭვირვალობის მიღწევის ბევრად უფრო მარტივი გზა არსებობს, თუ კი შესაბამისი ცვლილებები შევა შემდეგ სამ საკანონმდებლო აქტში – საგადასახადო კოდექსში, გრანტების შესახებ კანონსა და ლობირების შესახებ კანონში. რაც შეეხება თვითონ კანონპროექტებს, აქ ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, მსგავსი კანონი ევროკავშირს ამ ეტაპზე არ გააჩნია. უნგრეთს ჰქონდა მცდელობა და კიდევაც მიიღო ასეთი კანონი, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმება მოუწია. ამიტომ, როდესაც ქვეყნის ამოცანაა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენი ვალდებულებაა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან. ის 12 პუნქტიც, რომელიც კანდიდატის სტატუსთან არის დაკავშირებული, ისიც ხომ ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით არის წამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წინაშე. ამიტომ, როდესაც გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის სივრცის ნაწილი, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა გავითვალისწინოთ ევროკავშირის სტანდარტები. ამიტომ თავიდანვე, როდესაც იქნა წამოწეული „ხალხის ძალის“ მიერ კანონპროექტები, ყველაზე სწორი გზა იყო, უშუალო კონსულტაცია გაევლოთ უცხოელ პარტნიორებთან, არ იყო საჭირო, მისი პარლამენტში პირველი მოსმენით მიღება. მანამდეც შეიძლებოდა, როგორც კანონპროექტები, გაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ გამჭვირვალობის საკითხის მიღწევას, სპეციალური კანონი შესაძლოა სულაც არ სჭირდებოდეს. ის შესაძლოა სხვა საკანონმდებლო აქტებით დარეგულირდეს.

გავაგრძელოთ პოლიტიკურ მდგენელზე საუბარი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო რევოლუციების დარგში უცხოელ სპეციალისტებთან შეხვედრები, უკვე გასაგები იყო, რომ არეულობის მოწყობისთვის მიდიოდა ძალიან სერიოზული მზადება. ამიტომ, ეს კანონი აღმოჩნდა უბრალოდ საბაბი იმისა, რომ ქვეყანაში ე.წ. რევოლუცია, სინამდვილეში კი სახელმწიფო გადატრიალება, შემდგარიყო. ნახეთ, როგორი კონტექსტი იყო გავრცელებული – “რუსული კანონი!” ქართულად თარგმნილ ამერიკულ კანონსაც კი, რუსულს ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს კანონპროექტები წაკითხულიც კი არ ჰქონდა. ეს კანონი მისაღები არ იყო, მაგრამ არც ის არ იყო მართალი, რომ ეს იყო რუსული კანონი. სხვა თუ არაფერი, ის დრაკონული ნორმები, რომელიც რუსეთის ფედერაციის მსგავს კანონშია, ქართული ვერსიაა არ ითვალისწინებდა. მაგრამ შეძახილები – „რუსულია, რუსულია“, ხომ დააჯერეს ამ ხალხს, რომ ეს რუსული კანონია. რა თქმა უნდა, დაიჯერა ახალგაზრდობამ. ეს არის სწორედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი ვერსიის ამოქმედების საშუალება. იმიტომ, რომ თვითონ რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ დიდი მხარდამჭერები არ ჰყავს, ხალხი მასობრივად ქუჩაში ვერ გამოჰყავს. ამიტომ საჭირო იყო რაიმე მგრძნობიარე თემის წამოწევა, რომ ხელისუფლება აფუჭებს საქმეს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოდით დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანიო. ამას აჰყვა ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, მაგრამ ამ ახალგაზრდობაშიც ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ორი ფრთა: ერთი – ამ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს თავისი ახალგაზრდული პარტიული აქტივი, და შუბლზე არავის აწერია, ის პარტიული აქტივის წევრია, თუ უპარტიო ახალგაზრდაა; და მეორე ფრთა ჩვეულებრივი ახალგაზრდებია. სტუდენტობის კომპონენტითაც ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიმსჯელებთ, იმიტომ, რომ პარტიული აქტივის ახალგაზრდული ფრთის ნაწილი ამავდროულად, სტუდენტებიც არიან. მაგრამ ყველა სტუდენტი, პარტიული აქტივი არაა. ამიტომ, ის სტუდენტები, რომლებიც პარტიული აქტივისტები არ არიან, ისინი იყვნენ გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც დადგნენ საქართველოს ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული ორიენტაცია და არ დაკარგოს შესაძლებლობა, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი.

– თქვენ თქვით, რომ ეს კანონი არ უნდა მიგვეღო. მაშ, რატომ დადგა დღის წესრიგში მისი ინიციირების აუცილებლობა?ხომ არ არის ეს გამიზნულად შემოგდებული თემა, თუნდაც ხელისუფლების ცვლილებისთვის, მმართველი გუნდის დისკრედიტაციისთვის?

– სულაც არ არის გამორიცხული და ამას, სამწუხაროდ, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის, თუ თბილისში განთავსებული ამერიკის საელჩოს დღევანდელი მესვეურების განცხადებებიც ეჭვს ბადებს. იმიტომ, რომ როდესაც მათგანაც მოდის, რომ თურმე თარგმნილი ამერიკული კანონიც კი რუსული ყოფილა, ეს უკვე გაუგებარია. რიგით ქართველს ეს არ ესმის. ბევრი საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის არის, რომ თურმე ამერიკულიდან თარგმნილიც კი ამერიკული კი არ არის. აქვე იმასაც გეტყვით – არც ამერიკული კანონი არ იყოს გადმოსაღები. იმიტომ, რომ, რამდენადაც ვიცი, ამერიკაში გამჭვირვალობა არასამთავრობო სექტორის დაფინანსების და აქტიურობის არა იმდენად „fara-ს“ კანონით რეგულირდება, რამდენადაც ამას საგადასახადო კანონმდებლობა არეგულირებს. ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენ სხვა გზით უნდა გვევლო. რატომ მიიღო ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ეს კანონი წამოეწია და მერე მხარდაჭერილი ყოფილიყო, ამას, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვერ გეტყვით. მაგრამ, მათაც ხომ აქვთ ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში გარკვეული რევოლუციური სცენარები მუშავდება. ეს ხომ გამოჩნდა კიდეც, როდესაც იყო ვანდალიზმის ფაქტები. მაგალითად, პარლამენტის შენობის მინების ჩამტვრევა. მინებს რომ ჩაამტვრევ, ან მანქანას რომ ამოაყირავებ, ამით კანონის გასვლას შეაფერხებ, თუ რა?! ვნახეთ მოწოდებები და მსჯელობა, რომელიც ასევე ტელევიზიით გადაიცა. ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი, როგორ მოუწოდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ აუცილებელია პარლამენტის შენობაში შეჭრა. არის ეს თუ არა რევოლუციური სცენარი?! დღესაც სხვადასხვა სატელევიზიო არხიდან ეთერში ღია ტექსტით მიდის საუბარი რევოლუციის შესახებ. ახალგაზრდები, საერთოდ, არიან ძალიან მგრძნობიარე ყოველგვარ ცვლილებასთან დაკავშირებით. ვერცერთი რევოლუცია, ახალგაზრდების გარეშე, უბრალოდ, ვერ მოხდება იმიტომ, რომ მას გულანთებული, თავგადადებული ახალგაზრდობა სჭირდება. ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა ახალგაზრდების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. ამ მცდელობას ის მომავალშიც გააგრძელებს…

– ამერიკამ საქართველოში რევოლუციას მწვანე აუნთო?

– მე არ ვიტყოდი, რომ ამერიკამ მწვანე აუნთო. არ მინდა მჯეროდეს, რომ დღევანდელი ელჩის საქმიანობა სრულად არის შეთანხმებული სახელმწიფო დეპარტამენტთან. მე, უბრალოდ, ამის დაჯერება არ მინდა.

– ვხედავთ, რომ ის ადამიანები აქტიურობენ, რომლებიც იგივე 2003 წლის რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდნენ. ნაციონალების საპარლამენტო ფრთა ავიღოთ, მათი ახალი სახეები, ისინი, ვინც რუსეთთან კავშირში არიან მხილებული, ვინც უკრაინის ხელისუფლებაში იყვნენ და ა.შ. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება?

– რა თქმა უნდა, შემთხვევით არაფერი ხდება. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და, ზოგადად, რადიკალურმა ოპოზიციამ შესანიშნავად იცის, რომ ერთადერთი გზა ხელისუფლებაში დაბრუნების დღეს არის რევოლუცია. უფრო ზუსტად, მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – რევოლუციად მონათლული სახელმწიფო გადატრიალება.

– ამ ნაბიჯებით, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა და რომელზეც ამბობენ, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული – ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა სპეცრაზმმა, ამ გზით რეალურად სახელმწიფო გადატრიალებას ავარიდეთ ქვეყანა ამ ეტაპისთვის?

– და არა მარტო და არა იმდენად ამ ღონისძიებებით. რაც მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ და მთლიანად უმრავლესობამ, მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, რომ სწორედ იმ ახალგაზრდების მუხტი, რომელიც არ არის პარტიული აქტივი, არამედ არიან ჩვეულებრივი სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროპული არჩევანი, რომ აი, ისინი ჩახსნან ამ რევოლუციურ, ქვეყნის საწინააღმდეგო პროცესს. ამიტომ უმრავლესობის უკან დახევა, ეს, ერთი შეხედვით, კი არის ნაბიჯი უკან, თუმცა დამარცხების ტოლფასი ნამდვილად არ არის. პირიქით, ეს ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია, რადგანაც აგვარიდა იმას რომ გულანთებული, წრფელი ახალგაზრდული ენთუზიაზმის ხარჯზე, მავანს და მავანს უნდოდა თავისი პოლიტიკური ამბიციების ძალადობრივი გზით დაკმაყოფილება.

– საერთაშორისო არენაზე როგორ გამოჩნდებოდა, ჯერ კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნა და მერე უკან გამოწვევა, ორ დღეში ჩაგდება მეორე მოსმენაზე?

-ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს სხვადასხვა უცხოურმა წარმომადგენლობებმა. დავიწყოთ, თუნდაც პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართულადაც კი მიმართა ტვიტერით საქართველოს მოსახლეობას. პოზიტიური განცხადება ჰქონდა გერმანიის ხელმძღვანელობას, პოზიტიური განცხადება იყო ამერიკიდან, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ამიტომ, უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება დასავლეთში დადებითად იქნა შეფასებული. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი – ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რადიკალური ოპოზიციის ზრახვებზე, რაც დღესავით ნათელია, ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ იმ შეცდომებზეც, რომელსაც „ქართული ოცნება“ უშვებს. პრაქტიკულად ჩნდება ასეთი განცდა, რომ საერთაშორისო პიარი საერთოდ არ აქვთ. ჰყავთ თუ არა დაქირავებული ლობისტური კომპანია, არ ვიცი. დღეს ხომ ცნობილია, რომ ძალიან ბევრი რამ მსოფლიოში, სწორედ ლობიზმსა და პიარტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. სიმართლე, საბედნიეროდ, არ არის ნაცების და რადიკალური ოპოზიციის მხრეს. ამიტომ აქ, საერთაშორისო პიარის კუთხით, არის სერიოზული ჩავარდნა.

-ანუ საინფორმაციო ომს „ქართული ოცნება“ აგებს?

– ის, რაც უნდა გაკეთებულიყო 2013 -2014 წლებში, რომ ობიექტურად შეფასებულიყო, ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა, ახლა ამის გაკეთება ათი წლის თავზე, იმავე გზით, იმავე მეთოდებით, რაც შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო 2013-2014 წლებში, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგანაც ეს ოპოზიციის პოლიტიკურ დევნად ჩაითვლება… დღეს ხშირად გვესმის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა რეალობას, არამედ აღქმას. ჰოდა, თუ ეს რეალობა შენ მხარესაა, მიდი რა, ამ რეალობის შესაბამისი აღქმაც შექმენი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ხომ შეიძლება აღქმა დაემთხვეს რეალობას. ეს ვის ინტერესშია? რა თქმა უნდა, ხელისუფლების.

დღეს მსოფლიოში ჰიპერგლობალიზაციის პროცესი დამთავრდა და სახეზე გვაქვს კონფრონტაციული გლობალიზაცია, რომლის გამომწვევი არის რუსეთის ომი უკრაინაში. მსოფლიო არის ფრაგმენტირებული. გლობალიზაცია კი არ მოხსნილა დღის წესრიგიდან, მაგრამ გადავიდა კონფრონტაციულ რეჟიმში. აი, ამ დროს ნებისმიერ აქტიურობას, რომელიც დაკავშირებულია უცხოეთიდან მიღებულ ფულთან, მის გამჭვირვალობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცით, რომ ამ საკითხის განხილვა კანადამ უკვე დაიწყო. მსგავსი კანონმდებლობა, აქვს აშშ-ს. ასეთი კანონმდებლობა არის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ერთ-ერთმა დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიიდან, ევროპარლამენტშიც განაცხადა, რომ ასეთი კანონი ევროპასაც სჭირდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაგის დროც დადგება და ყველგან მიიღებენ მსგავს რეგულაციებს და ევროკავშირს ექნება ევროპული სტანდარტი. მერე ამ ევროპული სტანდარტის მიღებას, რადგან ჩვენ გვაქვს ევროპული ორიენტაცია, საქართველოსაც მოსთხოვენ. მაგრამ ეს სავარაუდოდ იქნება განსხვავებული, ვიდრე ის კანონპროექტები იყო, რომელიც იქნა ამჯერად ჩვენ პარლამენტში წარმოდგენილი. მიზანი – გამჭვირვალობა, დღის წესრიგიდან ვერასდროს მოიხსნება. ეს ძალიან აქტუალურია და სწორედ ახლა კანადის გააქტიურება ამ თვალსაზრისით, საუკეთესო მაგალითია. მჯერა, რომ მსგავსი რამ, კიდევ ბევრ ქვეყანაში იქნება. ევროპული სტანდარტის შესატყვისი რეგულაციების მიღება არცთუ შორეულ მომავალში საქართველოსაც დასჭირდება სწორედ ევროპული ორიენტაციიდან გამომდინარე…

-თქვენი აზრით, ლიბერალებმა გაიმარჯვეს? სამხრეთ კავკასიის რეგიონში მათ მხოლოდ საქართველოში ნახეს საყრდენი?

– მე ლიბერალურ ფრთას არ ვიტყოდი. დღეს ლიბერალიზმის გაგება ძალიან გაუფასურებულია. სად არიან ლიბერალები და კონსერვატორები, ამის ერთმანეთისგან გამიჯვნა, დღეს ძალიან რთულია, მით უფრო არა მარტო მსოფლიოში, არამედ დღევანდელ საქართველოშიც. იმიტომ, რომ ხშირად, ვისაც თავი ლიბერალად მოაქვს, სინამდვილეში სულაც არ არის ასეთი, და პირიქითაც. შეგახსენებთ, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც სულაც არ არის პატრიოტულ ნიადაგზე ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, თავის სატელევიზიო გამოსვლებისას, როგორც წესი, ილია ჭავჭავაძის პორტრეტთან დგას. გაუგებრობაა, მაგრამ აშკარაა, რომ ფაქტობრივად არა რეალობაზე, არამედ აღქმებზეა ეს გათვლილი. ობიექტურად, დღეს არც ბრიუსელს და არც ვაშინგტონს საქართველოში არ აწყობს არც არეულობა, არც რევოლუცია და არც საქართველოს ომში ჩართვა. რატომ? – იმიტომ, რომ გამოიკვეთა შუა დერეფნის პროექტი, როცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელი დაიდოს. ხოლო ეს პროექტი არეულ ქვეყანაში ვერ განხორციელდება. ქვეყანაში, რომელიც იქნება ომში ჩართული, შეუძლებელია, რომ შუა დერეფნის პროექტი განხორციელდეს.

– კელი დეგნანის კომენტარი გავრცელდა კანონპროექტის გამოწვევისა და ჩაგდების შემდგომ, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ახლა ის დროა საქართველო სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერით წავახალისოთო. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ინტერესები დაკმაყოფილდა?

– ძნელია ამაზე შეფასების გაკეთება. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, როდესაც აშშ-ის ელჩმა საქართველოში თქვა, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ის უპირობოდ მხარს უჭერს, ეს შეცდომა იყო. ელჩი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. მან შეიძლება მხარი დაუჭიროს სახალხო დამცველის ინსტიტუციას, ან მის რომელიმე გადაწყვეტილებას, თუ განცხადება, მაგრამ არა კონკრეტულ პიროვნებას, მით უფრო მაშინ, როცა კონკრეტული პიროვნება ხმამაღლა ნატრულობდა, რომ საქართველოს თავზე ბომბები იყრებოდეს. რა, ქალბატონი დეგნანი, ამასაც მხარს უჭერს? ეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. ამიტომ მინდა მჯეროდეს, რომ, სამწუხაროდ, ამერიკის ელჩის პოზიცია სავარაუდოდ არ უნდა ასახავდეს ვაშინგტონის პოზიციას. მალე ჩანაცვლდება ახალი ელჩით და უფრო მკაფიოდ გვეცოდინება, ახალი ელჩი, რა პოზიციას დაიკავებს. თუ გააგრძელებს დეგნანის ხაზს, მაშინ თქვენ კითხვაში დასმული ვერსია – ვაშინგტონს უნდა აქ რევოლუციური ცვლილებები, ამას საფუძველი ექნება. თუ ის სხვა პოზიციას დაიკავებს, მაშინ ეს იქნება სწორედ იმის დადასტურება, რასაც მე ვიძახი, რომ ქალბატონი დეგნანი შეიძლება დაცილებული იყოს საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის ხედვას.

– ლომჯარიას შესაძლო პრემიერობაზე საუბრობენ ვერსიების დონეზე და ამერიკის მხრიდან მის მხარდაჭერაზე. შეიძლება ეს საკადრო გადაწყვეტილება ქვეყანას თავს მოახვიონ?

– ეს არასერიოზულია. იმიტომ, რომ ყოველ საპროტესტო აქციაზე ხან ჩრდილოვან მთავრობას აყალიბებდნენ, ხან კოალიციურს. პრემიერის საკითხი ძალიან კონსტიტუციურად წყდება. საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პარტიას უმრავლესობა აქვს, მაშინ თავად ირჩევს პრემიერს. თუ არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, მაშინ საპარლამენტო რესპუბლიკაში უნდა შედგეს კოალიცია. ასე იქმნება კოალიციური მთავრობა და მას ეყოლება კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის კონსენსუსით შერჩეული პრემიერი.

-მერაბიშვილი მძიმე პროცესებს გვიანონსებს. ხალხის მხარდაჭერას მიიღებს?

– მათ სულ აქვთ ეს გეგმები. ის, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სახეები გააქტიურდნენ, ესეც მოსალოდნელი იყო და აქტიურობენ კიდეც. მათ თავის დროზე თავშესაფარი ხომ პოვეს უკრაინაში და ახლაც არის უკრაინაში საკმაოდ ძლიერი მათი ლობი. ის, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და უკრაინის მოქალაქეა, ამით ყველაფერია ნათქვამი. როცა სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, იქ ე.წ. „არახამიები“ აშკარად წვრილმანია… მე კოლექტიურ „არახამიებზე“ ვსაუბრობ და არა ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ქვეყნის არევას, მაგრამ სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი კანონპროექტის არმიღება, რომელიც ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა გამაღიზიანებელი, რომ ეს ახალგაზრდული პროტესტი არ გამოყენებულიყო ქვეყნის ამოტრიალებისთვის. ხელისუფლებაც შეიძლება შეიცვალოს, მმართველი პარტიაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არ არის პრობლემა, თუ ქვეყანა არ გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ყველაფერი მოხდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმების ფარგლებში. ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი იქნება. ხოლო თუ ქვეყანა კონსტიტუციიდან გავა, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოვა ხელისუფლებაში, ეს ქვეყნისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდი იქნება. ეს ხომ ჩვენ არაერთხელ გვაქვს გამოცდილი…

– გამოდის, ძალიან დაძაბულ პროცესებს უნდა ველოდოთ?

– საქართველოს დღეს არ ჰყავს ისეთი სუსტი ხელისუფლება, როგორიც ეს „ვარდების რევოლუციის“ წინ იყო, როცა პოლიციას არ ჰქონდა დაფინანსება. სამართალდამცავები ყველა იყო მძიმე მდგომარეობაში და როცა ხელისუფლებას გაუჭირდა, გვერდით არავინ მხარდამჭერი არ იყო. დღეს სერიოზული რეფორმები ჩატარდა პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურებში და ვფიქრობ, მათ უნდა შესწევდეთ უნარი, გააკონტროლონ სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს კიდევ ერთი ამოყირავება ემუქრება, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი შედეგებით დამთავრდება…

– შესაძლებელია ცხინვალი და აფხაზეთი კონფლიქტების ახალი კერად იქცეს? უკრაინიდან სულ ამაზე კეთდება აქცენტი. აფხაზეთიდან შემოვალთო?

– როცა უკრაინა იარაღით ებრძვის თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთს, ის მეტ-ნაკლებად იბრძვის სხვა ქვეყნების ინტერესებისთვისაც, რაშიც საქართველოც შედის. მაგრამ ასეთ სცენარს, რომ იქიდან ტანკები შემოვა, ურთიერთობა გამწვავდება ცხინვალის რეგიონსა, თუ აფხაზეთში, მე მგონი, საქმე აქამდე არ მივა. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინას საკმაოდ რთული სამხედრო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. ფაქტია, რომ დახმარება დასავლეთიდან დიდია, მაგრამ, ჯერჯერობით, მიღებული შეიარაღება იმ დონეზე არ არის, რომ უკრაინამ სრულფასოვან შეტევაზე გადასვლა რეალურად შეძლოს.

– ტელევიზიით არაერთხელ აჩვენეს კადრები, რომ ვანო მერაბიშვილი ყოფილ პოლიციელებს ხვდება. შესაძლოა მოქმედ ძალოვნებთანაც იყოს გარკვეული მოლაპარაკებები თუ არა, მცდელობები მაინც. გამორიცხავთ, რომ ძალოვნები კრიტიკულ ეტაპზე, თუ ასე განვითარდა მოვლენები, მერაბიშვილის ძალის მხარეს დადგნენ?

– თეორიულად გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე ამ სცენარს არ ვუშვებ, გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები ვალდებული არიან ჯეროვან დონეზე შეასრულონ თავის მოვალეობა, რისი უნარიც, მათ ნამდვილად აქვთ. ამიტომ არ მინდა ვიფიქრო განსაკუთრებულად რთულ სცენარზე. თუმცა, რადიკალური ოპოზიციიდან გამორიცხული ნამდვილად არაფერია. შეხედეთ, როგორ იყო, როდესაც ხელისუფლებამ კანონპროექტები გაიწვია, იმ გულანთებულ ახალგაზრდებში, რომელიც არ იყო პარტიული აქტივი, გამოჩნდა სურვილი, რომ ჩათვალეს ეს იყო გამარჯვება და დაშლილიყვნენ. იმავდროულად გამოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ საპროტესტო აქციები გაეგრძელებინათ. ასეთი განცხადებაც კი მოვისმინე, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან, რომ ახლა დაიწყება რადიკალური ოპოზიციის ხელმძღვანელების დაჭერაო. ახალგაზრდები ამ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ. ამიტომ, თუ ხალხის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ძალა არ იგრძნო რადიკალურმა ოპოზიციამ, მას უბრალოდ, არაფერი გამოუვა. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორედ წარმართავს უახლოეს პერიოდში თავის ნაბიჯებს „ქართული ოცნება“ და რამდენად შეძლებს 12 პუნქტიანი გეგმის იმ დონემდე შესრულებას, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. სტატუსი რომ მიიღოს საქართველომ, ეს პირველ რიგში, ბრიუსელის ინტერესშია. იმიტომ, რომ ბრიუსელს სჭირდება შუა დერეფანი. სულ არ სჭირდება ბრიუსელს საქართველოში არეულობა, საქართველოს ომში ჩართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუა დერეფანი არ იქნება და ევროპა ენერგეტიკული კუთხით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში დარჩება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ იყო, რომ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ძალიან სწრაფად მისცა რეაქცია. მას, პირველ რიგში, როგორც გავიგეთ გაუხარდა, რომ საქართველოში მშვიდობა დამყარდა. საქართველოში სიმშვიდემ დაისადგურა იმის ფონზე, რომ ქვეყანამ ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ღიად გამოხატა.

ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი