ვასილ ამაშუკელის შემოქმედებითი გზა – როგორ შეიქმნა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი

ქართველი მწერლები და კულტურის მოღვაწეები კონსტანტინე ბალმონტთან ერთად ქუთაისში. პირველ რიგში მარცხნიდან მესამე დგას ვასილ ამაშუკელი. ჯგუფურ ფოტოზე არიან: პაოლო იაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ია ეკალაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ისიდორე კვიცარიძე, თამარ ამირეჯიბი, სპირიდონ ლედია, ტიტე მარგველაშვილი და სხვები. 1915 წელი

1886 წლის 14 მარტს, ქუთაისში, ქართველი კინორეჟისორი და კინოოპერატორი, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი, ვასილ ამაშუკელი დაიბადა. დაწყებითი განათლება, ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში 1893–1897 წლებში მიიღო. ქუთაისში ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვში გააგრძელა. ვასილ ამაშუკელმა, 1908 წელს, ფრანგული კინოფირმის – “გომონის” მოსკოვის განყოფილების კურსებიც დაამთავრა. კინოოპერატორის ხელოვნება კი, დიმიტრი ვოლკოვთან შეისწავლა.

1907 წელს, სამშობლოდან საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა. იქ კი, სწავლა ელექტროტექნიკუმში გააგრძელა და ერთ წელიწადში, ბაქოში საუკეთესო მექანიკოსი გახდა. მალე, მუშაობა ცნობილი თეატრალური მოღვაწის, კოტე მესხისა და მისი სიძის, ივანე გეპნერის კინოთეატრში “ელექტრო-ბიოგრაფში” დაიწყო.

1908 წლის ბოლოს, მან და გეპნერმა ბაქოში ფრანგული “გომონის” აპარატურა ჩაიტანეს. ბელგიური კომპანია “პირონეს” მიერ მიწოდებული ფილმები არ აკმაყოფილებდათ და ამიტომ გადაწყვიტეს, პროდუქცია თავად შეექმნათ. 1908 წელს, ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც შემორჩენილი არ არის. ცნობილია მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟი. ამ ფილმების გამო, ქართული კინოს ათვლის წერტილად, სწორედ 1908 წელი ითვლება. 1908–1909 წლებში ბაქოში გადაიღო პატარა სიუჟეტები: “ხალხის სეირნობა ზღვის სანაპიროზე”, “ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა”, “ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით”, “ნავთის გადასხმა ტუმბოებით”, “ბაქოს ბაზრის ტიპები”, “შეჯიბრება ცურვაში”, “ი. რამიშვილის სტამბის მუშაობა”, “ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა სეირნობა ქალაქის პარკში”, “ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით”, “გემის შემოსვლა ნავსადგურში”, “გემის გადმოტვირთვა”, “ქართული სცენის მოღვაწენი” და სხვ.


ამონარიდი ვასილ ამაშუკელის მოგონებებიდან:

„1907 წელს ბაქოშიდ არსებულ ქართველ საზოგადოებათა საკრებულოში კვირაში ერთხელ იდგმებოდა ქართული წარმოდგენები, რომლის სათავეშიაც იდგა კოტე მესხი. თავისუფალ დღეებში უჩვენებდით კინო სურათებს. კინო მოწყობილი ქონდა ეფემია მესხის ქმარს, ცნობილ პედაგოგ გეპნერს. მოწყობილობა საზღვარგარეთული “გომონის” ფირმის იყო. გეპნერს კინოს მოწყობილობასთან ერთად ჰქონდა კინო სურათების გადასაღები აპარატიც, ისიც „გომონის“ ფირმისა. მავარჯიშებდა და კარგადაც ავითვისე. დრო და დრო ვიღებდით ბაქოს ნავთის წარმოების პატარ-პატარა სურათებს, ბაქოს ქრონიკებს და ვდგამდით ჩვენს კინოში…

უნდა აღინიშნოს, რომ კოტესა და მის სიძეს გეპნერს კინოს საქმე, სხვა კინოებთან შედარებით, კულტურულად ქონდათ დაყენებული და იდგმებოდა უფრო სამეცნიერო სურათები: ასტრონომია, მედიცინა, ტექნიკა და სხვა, რომელსაც საზღვარ გარეთიდან ღებულობდნენ.“

მისი ფილმები თემატური მრავალფეროვნებით, სოციალური სიმახვილითა და მხატვრული სიმართლით გამოირჩევა. ვასილ ამაშუკელი გადაღებულ მასალას, თავისივე პრიმიტიულ ლაბორატორიაში ამუშავებდა–ამჟღავნებდა, ბეჭდავდა და ბაქოს კინოთეატრში, თვითონვე უჩვენებდა.

1911–1921 წლებში, ის ქუთაისში, კინოთეატრ “რადიუმში”, კინომექანიკოსად მუშაობდა. 1910 წელს, ქუთაისში ფილმი “ფერმა სოფელ ჭომაში” გადაიღო. ამასთან, ,,ქუთაისის საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან”, “ხონის ძაფსაღები ფაბრიკა”, “ლადო ალექსი–მესხიშვილის იუბილე”, “გვირილობა”, “ქალაქ ქუთაისის ხედები” და სხვები, ვასილ ამაშუკელის ნამუშევრებს მიეკუთვნება.

ვასილ ამაშუკელი ქუთაისში გადასვლის პერიოდს იხსენებს

„1911 წელს ქუთაისშიდ გადმოვედი. იმხანად ახალი კინო თეატრის მშენებლობა დაემთავრებინათ ასათიანს და მეფისაშვილს. ელექტროგაყვანილობა და კინოს აპარატის მოწყობა მომანდვეს. მათ წინადადება მივეცი, შეეძინათ გეპნერისაგან კინო სურათების გადასაღები აპარატი, რაც სიამოვნებით აასრულეს. ამ აპარატით დრო და დრო ვიღებდით პატარ-პატარა სურათებს, აღლუმებს, ქუთაისის ქრონიკებს და სხვა. ვდგამდით კინოშიც, რასაც ხალხი ბლომად ესწრებოდა.

1912 წლის ივლისის თვეში ასათიანს ესტუმრა სამსონ დათეშიძე და ლადო ბზვანელი წინადადებით: ეწყობა მგოსან აკაკის მიწვევა რაჭა-ლეჩხუმშიდ და თუ მოახერხებთ მოგზაურობის კინო ლენტზე აღბეჭდვასო. როდესაც ეს ამბავი ასათიანმა გადმომცა და მითხრა ვიკისრებ თუ არა ამ ფრიად პასუხსაგებ საქმის ასრულებასაო, გულში ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა“.

ვასილ ამაშუკელის ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში”(1912) თავისი იდეურ–პროფესიული დონითა და მეტრაჟით (1200 მ.) იმდროინდელი მსოფლიო დოკუმენტური კინოს ერთ–ერთი უნიკალური ძეგლია. ფილმში აკაკი წერეთლის სახისა და მისდამი ქართველი ხალხის სიყვარულის გარდა, ტრადიციებიც აისახა. ამ ფილმმა, საფუძველი ქართულ დოკუმენტურ კინემატოგრაფიას ჩაუყარა.

 

როგორ აღწერს კინორეჟისორი დოკუმენტური ფილმ „აკაკის მოგზაურობის“ გადაღებებს

“შევუდექი სამზადისს. გამგზავრების დღედ დანიშნული იყო 21 ივლისი. შევადგინე გეგმა: ეს სურათი ერთ მთლიან პროგრამად უნდა შემექმნა, ჩემს განკარგულებაში კი აღმოჩნდა მხოლოდ 300 მეტრი ლენტა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ქრონიკად გამეკეთებინა აკაკის საიუბილეო მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში და პროგრამის გარეშე დაგვედგა კინოში. მთლიან პროგრამას კი სჭირდებოდა არანაკლებ 1000 მეტრი ლენტა. დრო ცოტა რჩებოდა ლენტების გამოსაწერად, გამგზავრებამდე სულ 7-8 დღე იყო.

ლენტებს ვიწერდით კერძო აფთიაქის მეპატრონე კოკოჩაშვილის მეშვეობით ქალაქ ვარშავიდან. შევუკვეთეთ ლენტები კოკოჩაშვილს, იმედი კი ცოტა გვქონდა, რომ ლენტები მოგვისწრებდა. მოახლოვდა გამგზავრების დღე, 21 ივლისი. დილის 7 საათზე მოვიყარეთ თავი სასტუმრო „გრანდ ოტელთან“, სადაც იუბილარი იმყოფებოდა. საიუბილეო კომისია შედგებოდა შემდეგი შემადგენლობისაგან: „თემის“ რედაქტორი, „სახალხო ფურცელის“ კორესპონდენტები, ქუთაისის გაზეთის კორესპონდენტი, იუბილეს მომწყობი კომისიის წევრები და თავმჯდომარე, ფოტო ოპერატორი და კინო ოპერატორი.

დილის 8 საათზე გავუდექით გზას. საგანგებოდ მორთულ ეტლში ისხდნენ: აკაკი, საიუბილეო კომიტეტი და თემის რედაქტორი. ჭომაში, წერეთლის ეზოში, ქუთაისში მცხოვრებ რაჭველებს გაემართათ იუბილარისათვის გზის დასალოცი საუზმე, რომელმაც ზეიმის ხასიათი მიიღო. ზურნაზე საგანგებოდ ითამაშეს ძმებმა გალაკტიონ და ალექსანდრე კირვალიძეებმა. ეს მომენტი გადაღებულია.

გამგზავრების წინ ასათიანმა მითხრა, კოკოჩაშვილს დეპეშა მოსვლია, ლენტები გამოგზავნილიაო და თუ დროზე მოვიდა, გზაში დაგაწევო. გადავწყვიტე, რაც ლენტები მქონდა, ეკონომიურად მეხმარა და გადამეღო მხოლოდ ხუთი-ექვსი ღირშესანიშნავი მომენტი და მთლიან საიუბილეო სანახაობისათვის კი თავი დამენებებინა. დაწყებული ქუთაისიდან ალპანამდე ისეთი გრანდიოზული შეხვედრები და ზეიმები გაიშალა, მეც გამიტაცა ამ არნახულმა საიუბილეო ზეიმებმა და ჩემდაუნებლიეთ ლენტები გამომლეოდა. ჩავვარდი სასოწარკვეთილებაში. ალპანამდე თუ თავის საყვარელ მგოსანს მოზღვავებული ხალხი აღტაცებით, გულმხურვალედ და გრძნობით ხვდებოდა, ზემო და ქვემო რაჭაში, ამ ბუნების საარაკო სანახაობაში, რაღა იქნებოდა! მით უმეტეს, ამბები მოდიოდა, რაჭა თავისი საყვარელი მგოსნის შესახვედრად დიდ სამზადისში არისო. გამცილებლებთან ერთად გადაღების დამთავრება არც აკაკის დარჩა სასიამოვნოდ. მომიხმო და წყენით მითხრა: „ასე ვიცით, ბიძია, იმერლებმა, დაწყება ვიცით, მაგრამ ჩხირს იქ მივატეხთ, სადაც საჭირო არ არის!

გამცილებელთა შორის ბზვანელი დიდ დახმარებას მიწევდა სურათების გადაღების დროს, რომ ხალხს ხელი არ შეეშალა და სწორედ ბზვანელი მახარობელი შეიქნა: ალპანის ფოსტას ამანათი მიეღო ჩემს სახელზე, ბზვანელი ამ დროს კორესპონდენციას აგზავნიდა, ფოსტაში ყოფნისას ფოსტის უფროსს უთქვამს: კინოოპერატორის სახელზე თუნუქის ყუთებიაო. ეს ამბავი ყველასთვის სასიამოვნო იყო და ჩემთვის კი – განსაკუთრებით.

მთელი საიუბილეო მოგზაურობა, რომელიც აღბეჭდილია ისტორიულ ფილმში, არ ვცდილვარ, ჩემი ინიციატივა გამომევლინებინა ამა თუ იმ ზეიმის შეჩერება -დაწყობაში, არამედ ვიღებდი რეალურად ისე, როგორც ხდებოდა აპარატის წინ.

გადავიარეთ საირმის სახელგანთქმული მთა, აქ გადავიღე იუბილარი თავისი მხლებლებით და დავეშვით ჭრებალოს ჭალებისაკენ. ჭრებალოში რომ შევედით, თვალწინ გადაგვეშალა დიდებული სურათი: პროცესია მწყობრად მოდიოდა უამრავი ცხენოსნით გარშემორტყმული გზის ორ ნაპირად: დედები ძუძუმწოვარი ბავშვებით, აუარება ხალხი „აკაკის გაუმარჯოს!“ ძახილით ეგებებიან საყვარელ მგოსანს. ამბროლაურთან ახლოს შემოგვხვდა ავტო უცხო ტურისტებით. მსვლელობა შეჩერდა. ტურისტებიდან აკაკის მიესალმა სიტყვით ტურისტთა ხელმძღვანელი პროფესორი ონისიმოვი. მე ვიღებ ამ შეხვედრის მომენტს, ტურისტებს კი აკვირვებთ, რომ კინოაპარატი თან ახლავს ჩვენს მგოსანს.

გაკეთებული იყო დიდი თაღი, ზედ აკაკის სურათითა და წარწერით. თაღს იქით აუარება ხალხი, რომელიც სიხარულით მოელოდა თავის მგოსანს, ბუნებაც კი ლაღობდა, ქალებს ბავშვები აეტატებინათ და გზის ნაპირას ჩამწკრივებულიყვნენ. მე, როგორც ოპერატორი, დავწინაურდი, რომ შესაფერისი ადგილიდან გადამეღო ეს ზეიმი. მოვმართე აპარატი, ის იყო, აპარატის სახელურს ხელი მოვკიდე, რომ ჩემს ზურგს უკან მომესმა ცხენების ფეხის თრაქუნი, „ვაშა აკაკის!“ ძახილითა და თოფების გრიალით გამოჩნდა მხედართა რაზმი, ის იყო, უნდა გადავეთელე ცხენებს, რომ მოვასწარი აპარატიანად განზე გახტომა. გონს რომ მოვედი, მივხვდი, თურმე ტოლიდან ჭრებალოსკენ მოხვეულ გზაზე დამიდგამს აპარატი, რასაც ვერ დაინახავდა ტოლიდან მომავალი, თუ ახლოს არ მოვიდოდა. მოვინაცვლე ადგილი და ეს სანახაობა უხიფათოდ გადავიღე. ეს ცხენოსანი რაზმი, როგორც გაირკვა, ზემო რაჭიდან იყვნენ ჭრებალოში გამოგზავნილნი, რომ იუბილარი ზემო რაჭისაკენ გაეცილებინათ.

ბარაკონამდე მრავალი შეხვედრა და ზეიმი გადავიღე. ბარაკონში დილით ადრე გაგვეღვიძა ფერხულისა და სიმღერის ხმაზე, ახალმოსული ზაფხულის მზის სხივები უხვად მოფენოდა „მოდინახეს“ ციხის მაღლობებს და შუქს ჰფენდა ბარაკონის მიდამოებს. გამცილებლები რომ აივანზე გამოვედით, აკაკი უკვე აივნიდან თავაღერილი გადაჰყურებდა გასაოცარ ძველებურ ფერხულს. ასზე მეტ მოხუცს, თეთრწვერა რაჭველებს, მოხუც ქალებთან მკლავი-მკლავში გადადებულს, გაეკეთებინათ დიდი წრე და შეხმატკბილებულად აყოლებდნენ ძველებური ფერხულის სიმღერას ფეხს, ამ მოხუცთა კრიალა ხმას გაოცებაში მოჰყავდათ მაყურებელნი. ეს იყო ნამდვილი ხალხური შემოქმედება, რომელიც ძველთაგან შემოუნახავს ზემო რაჭას.

მოვნახე შესაფერი ადგილი და დავიწყე ფერხულის გადაღება. როდესაც ადგილი მოვინაცვლე, აკაკისთან მდგომმა დიასამიძემ მანიშნა, მივსულიყავი აკაკისთან. მგოსანმა მითხრა: „არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო“. აკაკის ეტყობოდა გატაცება ამ სანახაობით.

იმ დღეს მგოსანს ბარაკონის ეზოში დიდი ნადიმი გაუმართეს, უამრავი ხალხი იჯდა სუფრაზე, რაც გადავიღე.

ვუახლოვდებით ონს, ხიდთან რიონის გაღმა, ტრიუმფალური თაღია აღმართული, მორთული ცოცხალი ყვავილებით, შუაში დიდი პორტრეტია აკაკის. თაღს აქვს წარწერა: „დიდება თქვენს მობრძანებას, დიდო მგოსანო“. აქ თავი მოეყარა მთელს ონსა და რაიონებიდან ჩამოსულ დიდსა თუ პატარას, ქალსა და კაცს, სიხარულის იერი გადაკვროდათ სახეზე. აკაკის დანახვაზე იგრიალა ამ ზღვა ხალხმა: „გაუმარჯოს აკაკის!“ დავწინაურდი სანახაობის ლენტზე აღსაბეჭდად, მაგრამ მოსახერხებელი ადგილი არსად იყო, ყველა მხარე ხალხით იყო სავსე. ლადო ბზვანელი აქაც დამეხმარა და ეს სანახაობაც კარგად გადავიღე.

მეორე დღეს ონში იუბილარის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე, რომლის სათავეშიც, საგანგებოდ მორთულ სკამზე იჯდა აკაკი, სეფას ამშვენებდა არანაკლებ 300 ქალი და კაცი. აკაკის ორივე მხრივ ჩამწკრივებული იყო ძვირფას ქართულ ტანისამოსში გამოწყობილი ულამაზესი რაჭველი მანდილოსნები და ამ ზეიმზე, სხვა მომენტთა შორის, გადაღებულია ონის ებრაელობის წარმომადგენლის აკაკისადმი სიტყვა, რომლის დასასრულს იგი აკაკის კოცნის და საპასუხო სიტყვას მგოსანი თვალზე ცრემლმორეული ეუბნება.

მივემგზავრებით ნიკორწმინდისკენ: მოღრუბლული და წვიმიანი ამინდის გამო ხოტევის დიდ ზეიმსა და ნადიმს ვერ ვიღებ. ხოტევიდან გამოსული კორტეჟი უახლოვდება ჭელიშის მონასტერს. ცა მოწმენდილია, ხელსაყრელი ამინდია სურათის გადასაღებად, ვიღებ ჭელიშის მონასტერს თავისი წყალვარდნებით. ვუახლოვდებით ნიკორწმინდას, თვალწარმტაცია შაორის მიდამოები, თავისი ხარისთვალა ტბით. შაორზე ნავით გასეირნება გადაღებულია.

დილით ადრე ნოკორწმინდის მე-11 საუკუნის ტაძრის ბარელიეფს ვიღებ გარედან, აკაკი მხლებლებითურთ შიგნით ათვალიერებს უძველეს განძეულობას. როდესაც გარეთ გამოვიდა, მომიახლოვდა და მითხრა: ეცადე, ქართული ისტორიული ეპოქის ძეგლები მთლიანად და კარგად გადაიღოო, თუ მოხერხდეს, შიგნითა ფრესკებიც გადაიღეო.

მიუხედავად ცუდ გზებზე ეტლით მგზავრობისა, ზეიმისგან აღელვებისა, აკაკის დაღლილობა არ ეტყობოდა. მისი გაბადრული და მხიარული სახის გამომეტყველება აღტაცებას გვგვრიდა. ხანდახან გაჯავრდებოდა, როდესაც კომისიის რომელიმე წევრი ან კოტე აბდუშელიშვილი ჩააცივდებოდნენ: ბატონო აკაკი, ბევრი იმგზავრეთ, დაღლილი ხართ და მოისვენეთო. ის იტყოდა: „დამაცადეთ ერთი, მამა ნუ წაგიწყდებათ, აქ მაინც მომათქმევინეთ სულიო“.

ზეიმის მეათე დღეა, მივემგზავრებით ლაილაშისაკენ, მოვუხვიეთ ალპანასთან და შევედით ლაჯანურის ხეობაში. ეს ხეობა ბუნების საოცრებაა, შიშის მომგვრელი სანახაობაა, აქეთ-იქით ცამდე აყუდებული შემოსილი კლდეები, ვიწრო ხეობა, ვიწრო გზა, ძირს კი ღრიალით მიჰქუხს ლაჯანურა. ამ ხეობაში ვიწრო და დაკლაკნილი გზა და ქვემოთ უფსკრული ჟრუანტელს ჰგვრის ადამიანს. ამ ხეობაში გადავიღე რამდენიმე მომენტი და მთელი კორტეჟი.

შევედით ლაილაშში, ატყდა თოფების სროლა და ვაშას ძახილი. ბაზარი დაეკეტათ მთელ ლაილაშსა და ახლო-მახლო სოფლელებს მისასვლელთან თავი მოეყარათ. ამ ზღვა ხალხის წინ წარმდგარიყვნენ ლაილაშის რჩეულნი პურ-მარილით. მე გადავიღე ეს დიდებული შეხვედრა, ხალხი გულ-მხურვალედ და სიხარულის ცრემლებით ეგებება ქართველი ხალხის სიამაყეს და საყვარელ მგოსანს, გათავდა მისალმება. მგოსანი მიიწვიეს საგანგებოდ მორთულ სეფაში, სადაც ოთხასამდე ადამიანი იჯდა. აკაკისათვის მოერთოთ საუცხოო სავარძელი, გადავიღე ეს დიდი ნადიმი.

მეორე დღეს, დილით ადრე, გამოვემგზავრეთ ქუთაისისაკენ. დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. დავამთავრე საიუბილეო სურათების გადაღება. ქუთაისში რომ ჩამოვედით, მეორე დღეს ბაღში გადავიღე აკაკის გამოთხოვება თანამხლებლებთან.

ამ სურათის გამზადების შემდეგ, სექტემბრის თვეში, აკაკის თანდასწრებით, [ფილმი] ქართული წარწერებით დაიდგა ჩვენს თეატრში. ბილეთები რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა. როგორც დარბაზში, ისე ქუჩაში ხალხის ტევა აღარ იყო. აკაკის დარბაზში გამოჩენამ ხალხის აღტაცება გამოიწვია. სურათი 15 დღის განმავლობაში იდგმებოდა. დარბაზი ყოველდღე ხალხით გაჭედილი იყო. ეს სურათი შემდეგში სხვა ქალაქებშიც დიდი წარმატებით იდგმებოდა.

1947 წლის 27 თებერვალი“.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი