ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით “ნაპოლიმ” თავისივე რეკორდი გაიმეორა

იტალიის ქალაქ ნეაპოლის საფეხბურთო კლუბი “ნაპოლი” გამარჯვებების სერიას განაგრძობს. გუნდი სერია A-ში 29 ქულით ლიდერობს. უწყვეტ რეჟიმში გამარჯვებით მე-11 შეხვედრა დაასრულა და 1986 წელს დამყარებული თავისივე რეკორდი გაიმეორა.
პირველი რეკორდის დროს, ნეაპოლელთა რიგებში, მარადონა თამაშობდა, ამჯერად კი, ეს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შედეგია. სერია A- ს მე-11 ტურში, იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში “სტადიო ოლიმპიკოზე” “ნაპოლიმ” “რომას” წინააღმდეგ ითამაშა და 1:0 დაამარცხა. ნეაპოლელთა შემტევი ნახევარმცველი, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის აქტიური თამაშით გამოირჩეოდა. მეტიც, ხვიჩას გამო, ორივე გუნდის მწვრთნელმა ყვითელი ბარათი მიიღო. პირველად ეს 58-ე წუთზე მოხდა, როდესაც “კვარას” გამო დანიშნულ ჯარიმაზე, “რომას” მწვრთნელმა, მოურინიომ პროტესტი გამოთქვა, მეორედ კი, 76-ე წუთზე, როდესაც ხვიჩას მცველი ეუხეშა და თავად დააჯარიმეს.
ამ ფაქტის გამო, ლუჩანო სპალეტიმ უკმაყოფილება გამოთქვა და მანაც ყვითელი ბარათი მიიღო. პირველ ტაიმში ისეთი ბრძოლა მიმდინარეობდა, გუნდები ერთმანეთს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და ბურთი “კვარამდე” იშვიათად მიდიოდა. როდესაც “კვარა” ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და 37-ე წუთზე კარისკენ დაარტყა, კრის სმოლინგი გადაეღობა და დაუბლოკა. 38-ე წუთზე ნდომბელე მეკარე პატრისიოსთან პირისპირ გავიდა, თუმცა, გაზონზე აღმოჩნდა. მსაჯმა პენალტი დანიშნა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი, გააუქმა.
მეორე ტაიმიდან, მოედანზე სტუმრები გააქტიურდნენ. მალევე ხვიჩა ისევ ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა, მის დარტყმულ ბურთს ისევ სმოლინგი გადაეღობა და თავისი გუნდი, ვარდნაში გადაარჩინა. 58-ე წუთზე, მოედნის ცენტრში თამაშის წესები დაარღვიეს, რაც რომაელთა მწვრთნელმა გააპროტესტა და სწორედ ამის გამო, ყვითელი ბარათი მიიღო.
შემდეგ, სწრაფი კონტრიერიშისას, ოსიმენი პატრისიოს ერთი ერთზე დაუპირისპირდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, მე-80 წუთზე, ბურთის მახვილი კუთხიდან გატანა მოახერხა და ნეაპოლელები დააწინაურა. თამაშის ბოლოსაც, უპირატესობას ისევ “ნაპოლი” ფლობდა.
ავტორი- სალომე ხომასურიძე

