მწერალთა სახლში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად მწერალთა სახლში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული “ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნის” წარდგინება გაიმართა.
წიგნში, გურამ ოდიშარიას რომანის – “პრეზიდენტის კატა”, აფხაზურენოვანი და დაურ ნაჭყებიას რომანის – “ღამის ნაპირი”, ქართული თარგმანებია შესული. ღონისძიებაზე მკითხველმა დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობის” აფხაზურენოვანი თარგმანიც იხილა.
მწერალთა სახლში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წევრები და ქართული და აფხაზური სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აფხაზური ენის დღე მიულოცა და ქართულ მწერლობასა და კულტურაში აფხაზური ენის უნიკალურ როლზე ისაუბრა.
მიმდინარე წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და ხელშეწყობით, კონკურსი “მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა ( ქართული, აფხაზური, ოსური)” გაიმართა. აღნიშნული წიგნებიც სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა. კონკურსი, რომლის მიზანია თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშების თარგმნით, ქართული-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება, წლეულს პირველად გაიმართა. აფხაზეთის ენის დღე 27 ოქტომბერს აღინიშნება.

