მწერალი, რომელიც სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში – ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა

ოთარ ჭილაძე

“ღამის ორი საათია! ესე იგი, უკვე 20 მარტია და, რაკი ისევ მარტო ვარ, თავადვე ვულოცავ ჩემს თავს დაბადების დღეს. უფრო სწორად, რაკი არავინ გვისმენს, გულწრფელად ვსაყვედურობ, ასეთი სუსტი, არაფრის მაქნისი რომ აღმოჩნდა ბოლოს. “

90 წლის წინ, 1933 წლის 20 მარტს, ოთარ ჭილაძე დაიბადა.

“ორის თხუთმეტი წუთია და შუქი არ ჩაუქრიათ. ალბათ, მე მცემენ პატივს – უკვე ოცია, უკვე სამოცდაოთხისა გავხდი და სამოცდახუთში გადავდექი. 64 წლის წინათ, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის პატარა ქალაქ სიღნაღში დავიბადე მე, თქვენი მონა-მორჩილი… “

– 1997 წელს, ჩვენი დროის ღირსეული და გამორჩეული ოთარ ჭილაძე, ამ სიტყვებით შეეგება თავის 64 წლის იუბილეს.

ქართველი მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე – ეს მცირე ჩამონათვალია იმ რეგალიების, რომელიც ოთარ ჭილაძემ სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად დაიმსახურა. წლების განმავლობაში, არაერთი ჯილდოც მოიპოვა.

როგორც ამბობენ, ლაღი, ძლიერი და გაუტეხავი ადამიანი იყო. მეგობრობაში კი ერთგული და უღალატო.
Რაც შეეხება მის შემოქმედებას, თითოეულ მის ნაწარმოებში სამშობლოს უზომო სიყვარული და უბრალოება განსაკუთრებულად იგრძნობა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოთარ ჭილაძე სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში.
,, მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი, როგორც ვცხოვრობდი- კარგად თუ ცუდად” – ასეთი იყო სინამდვილეში… წერდა ისე, როგორც ხედავდა.

Მის შემოქმედებაში ვერ ნახავთ პათეტიკას. Ძალიან უყვარდა ადამიანის სულის სიღრმეებში წვდომა და, ხშირად, ახასიათებდა ფილოსოფიური განსჯა.

” ცხოვრება” – რას გულისხმობს ეს ცნება? ცხოვრება ტკივილია, ცხოვრება სიხარულია. ცხოვრებაა ყველაფერი: მარტოობა და სევდა, მხიარულება და ღიმილი, პატარა ქოხი სოფლის შარაზე, რომელშიც ვიზრდებით, ან დიდი ქალაქი, რომელშიც მთელი სიცოცხლე დავბორიალობთ, მაგრამ ცხოვრება, პირველ რიგში, სიყვარულია. “

პოეტი უდიდეს ძალას გრძნობდა საკუთარ თავში. სიყვარულს კი განსაკუთრებით უფრთხილდებოდა. Და, ამ სიყვარულს ისევე გულღიად გვიზიარებდა თავის შემოქმედებაში, როგორც თავის ,, ტკივილებს” .
სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად წერდა. მაშინაც კი, როცა სიკვდილს ებრძოდა, რომანის დასრულებას ჩქარობდა. სამწუხაროდ, “აკმე” დაუსრულებელი დარჩა.

2009 წლის 1ოქტომბერს, 76 წლის ასაკში, ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა.

,, მე ვგრძნობ, მე ვიცი,
Ვხედავ და მესმის,
როგორ იხრწნება მიწაში გვამი,
როგორ იზრდება მიწაში ფესვი…”
ეს მისი უკანასკნელი ჩანაწერია.

ოთარ ჭილაძის 90 წლის საიუბილეო თარიღს წლეულს, მისი მკითხველი განსხვავებულად ხვდება.
21 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი მწერლისა და პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს.

დასწრება, ნებისმიერი მსურველისთვის, თავისუფალი იქნება.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი