“სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური მუხტის შეტანა დაუშვებელია” – მანანა ნიკოლაიშვილი

განათლების სფეროში ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან მიხეილ ჩხენკელის წასვლას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს იყო განსაზღვრული მინისტრის თანამდებობიდან ჩხენკელის გაშვება, 2022 წლის იანვარში განათლების მინისტრობის ახალი კანდიდატურების შერჩევა აქტიურად მიდიოდა, თუმცა მმართველ გუნდს ეს საკადრო ცვლილება ამ დრომდე არ განუხორციელებია.

მანანა ნიკოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ განათლების მინისტრის თანამდებობაზე ცვლილება 7-9 მარტის აქციებითა და შემდგომი პროცესებით იყოს განპირობებული, როდესაც აქტიური სახე მიიღო ახალგაზრდების მხრიდან პროფესორებისთვის ლექციების ჩაშლისა და მათთვის შეურაცხყოფის მიყენების მცდელობებმა. ამ ყველაფერზე კი, განათლების სამინისტრო არ რეაგირებს.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს მანანა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ეს ახალგაზრდები ორგანიზებული, დატრენინგებული ჯგუფების მიერ იმართებიან, ყველაზე ტრაგიკული კი, ის არის, რომ ზოგი მათგანი ფულით იმართება. ამგვარად, ბოლო დღეების მოვლენებში, ნიკოლეიშვილი განათლების მინისტრის პასუხისმგებლობასაც ხედავს. მისი აზრით, ახალგაზრდების მხრიდან მსგავსი ქმედება საჭიროებს სამინისტროს მყისიერ რეაგირებას, რაც არ გვინახავს.

„სანამ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ ჩაუშალეს ლექცია, მანამდე ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ განათლების მინისტრი უნდა გადაეყენებინათ? მაგრამ რატომ გაიწელა ამდენ ხანს არ ვიცი, ალბათ, ამერიკელები ლობირებდნენ ჩხენკელს“, – ამბობს განათლების სფეროს ექსპერტი.

7-9 მარტის მოვლენებში, როდესაც პარლამენტის შენობის წინ საპროტესტოდ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილი დესტრუქციულობით გამოირჩეოდნენ, ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცველებს, დაარბიეს რუსთაველის გამზირის ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის” პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა. პროტესტანტების უმეტეს ნაწილს ახალგაზრდები – სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ.

მას შემდეგ, რაც საპროტესტო განწყობის ფონზე მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, 9 მარტს ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციები დასრულებულად გამოაცხადეს, თუმცა, გარკვეული ძალების მიერ წახალისებულმა დესტრუქციულმა ქმედებებმა უმაღლეს სასწავლებლებში გადაინაცვლა. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა “არასასურველი პროფესორის” ლექციაზე აუდიტორიაში შეიჭრნენ და ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც მედია სააგენტო “24”-მა თავად სტუდენტებისგან შეიტყო, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი პერიოდულად ესწრება ამა თუ იმ ლექტორის ლექციას, ისვრიან შეურაცხმყოფელ რეპლიკებს, ცდილობენ ლექტორის უსიამოვნო დისკუსიაში ჩათრევას და ამ გზით ლექციის ჩაშლას. იმ შემთხვევაში, თუ პროვოკაციული მცდელობები უშედეგო გამოდგება და სხვა სტუდენტებისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, დემონსტრაციულად ტოვებენ აუდიტორიას, თითქოს ლექტორის მიმართ პროტესტის ნიშნად.

ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა სტუდენტს უფლება, პოლიტიკური მოტივით ჩაშალოს ლექცია, მანანა ნიკოლეიშვილმა განმარტა, რომ თვით პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც არ აქვს ლექციის ჩაშლის უფლება, რადგან ლექციის წუთები ეკუთვნით სტუდენტებს და ამის ფულს ხალხი იხდის.

“ამ ყველაფერს რა დაუპირისპირა ჩხენკელმა, რატომ არ დაიწყო ამ სტუდენტების დისციპლინური დევნა, ან დღემდე რატომ არ იწყება? რა შუაშია აქ პოლიცია? უმაღლესი განათლების კანონმდებლობის თანახმად, უმაღლესი განათლების კომიტეტმა, ვინც არღვევს უნივერსიტეტის შიდა განაწესს, მის მიმართ უნდა აღიძრას დისციპლინარული დევნა. ეს არის ის დანაშაული, რომელიც ექვემდებარება გარიცხვას, ანუ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას. ხოლო, თუ პროფესორებს შეურაცხყოფას მიაყენებენ, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია”, – აცხადებს ექსპერტი.

მანანა ნიკოლაიშვილისთვის კატეგორიულად დაუშვებელია სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური მუხტის შეტანა.

მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში დღეს, ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ლექტორია.

„რატომ შეუშვეს ნინო ლომჯარია თსუ-ში? არ შეიძლება პოლიტიკური შინაარსის კრებები და შეხვედრები იმართებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში. უნივერსიტეტში პარტიულ გემოვნებებზე საუბარი, გარჩევები – ვინ რაშია მართალი, ეს პოლიტიკური ღონისძიებებია. ამას კანონი კრძალავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რაც დღეს გვაქვს საქართველოში – სრულ ქაოსს“, – აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.

ექსპერტი ვაკის პარკის ტრაგედიასაც იხსენებს, როდესაც “შატალოზე” წასული ბავშვებიდან ერთი ტრაგიკულად დაიღუპა წყლის შადრევანში დენის დარტყმით, 2 კი დაშავდა. ექსპერტის თქმით, სასწავლო საათებში, როდესაც სკოლის მოსწავლე იღუპება, ეს პირველ რიგში სკოლის დირექციის პასუხისმგებლობაა. 55-ე სკოლის დირექტორი კი დღემდე თანამდებობაზეა.

“სკოლამ იცოდა, რომ ბავშვები ვაკის პარკში იყვნენ, რატომ არ მიიყვანეს ბავშვები სკოლაში, ან შეეტყობინებინათ პოლიციისთვის და ისინი მიიყვანდნენ ბავშვებს და არავინ დაიღუპებოდა”, – აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, ექსპერტის თქმით, კერძო უმაღლესი სასწავლებლები განათლების სამინისტროს მხრიდან კონტროლს ისევე ექვემდებარება, როგორც სახელმწიფო სასწავლებლები. ეს კანონმდებლობით არის გაწერილი. ნებისმიერ დროს შეუძლია განათლების სამინისტროს კომისიას, ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, შევიდნენ სასწავლებლებში და შეამოწმონ მდგომარეობა. 2-დონიანი შემოწმების ერთ-ერთი დონე სწორედ სასწავლო პროგრამების დამტკიცებას ითვალისწინებს.

“დღეს რეალურად სრული უკონტროლობა გვაქვს. “ქართული ოცნება” წავა ხელისუფლებიდან, თუ გააგრძელა ისე, როგორც აქამდე იყო, ანუ არ შეეხნენ სააკაშვილის დანიშნულ კადრებს. განათლების სამინისტრო სავსეა ნაცებით, მინისტრების ცვლა არაფერს მოიტანს”, – აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მინისტრის თანამდებობას ის 2019 წლიდან დღემდე იკავებდა. ვაკანტურ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 20 მარტს, გიორგი ამილახვარი წარადგინა. ის 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

შორენა ღავთაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი