“ხატავდა ყველაფერზე, ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და მთავრდებოდა”

შალვა ძნელაძე-ავტოპორტრეტი

შალვა ძნელაძე XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის იყო მხატვარი, რომელმაც თავის შემოქმედების მთავარ მუზად გურია აქცია. Საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის სიყვარული, არც მისმა შთამომავლობამ დაივიწყა.

პროფესიით ექიმებმა ილია ძნელაძემ და მისმა მეუღლემ, სოფელ დიღომში, შალვა ძნელაძის სახელობის გალერეა – მუზეუმი დააარსეს, სადაც, მუდმივი ექსპოზიციის სახით, ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი. საგამოფენო სივრცეში კი გურული ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული, რომელიც მხატვრის ნახატების მიხედვით შეიქმნა. ასე რომ, თუ ვინმე პატარა გურიის აღმოჩენას გადაწყვეტს, შეუძლია სოფელ დიღომში, შალვა ძნელაძის სახელობის გალერეა- მუზეუმს ესტუმროს.

მხატვარი შალვა ძნელაძე, 1892 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათში დაიბადა. დაწყებითი განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. შემდეგ იყო თბილისის სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან არსებული სამხატვრო სკოლა. 1913-1917 წლებში კი სწავლა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო.

მხატვარი 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი განსაკუთრებული დაინტერესება ისტორიული თემატიკით, კერძოდ, მშობლიური გურიის წარსულით. Მის შემოქმედებაში ასევე მრავლად არის გურიის ბუნების პეიზაჟები, ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნამუშევრები და გლეხთა სახასიათო ტიპაჟის პორტრეტები.
დიდ ინტერესს იწვევს ოსტატის მიერ შესრულებული ეგნატე ნინოშვილის თხზულებათა ილუსტრაციები და სიმონ გუგუნავას პოემის ,, თამარიანისა”-ს მიხედვით შექმნილი ნახატების სერია.

შემოქმედი ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა. იშვიათად ფერწერასაც უთმობდა დროს. მცირე ფორმატის ნამუშევრებს უმეტესად ქაღალდზე ფანქრით, სანგვინით, ტუშითა და აკვარელით ხატავდა.

Შალვა ძნელაძის შემოქმედება ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. Მის მხატვრობას აღიარებდნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრები. მიუხედავად ამ აღიარებისა, წლების განმავლობაში, მისი სახელი, ფაქტობრივად, დავიწყებას მიეცა. თუმცა, გავიდა ხანი და ქართულ საზოგადოებას შეახსენეს, რომ ჩვენს უახლოეს ისტორიაში გვყავდა მხატვარი, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში საკუთარი კვალი დატოვა.

1970 წლის შემდეგ, მისი ნამუშევრები, პირველად, ფართო აუდიტორიის წინაშე, 2018 წელს გამოიფინა.
მხატვარი, მძიმე ავადმყოფობის გამო, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ამ მცირე ასაკისა, მან 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები და თეატრის მხატვრობის ნიმუშები დატოვა.

Შალვა ძნელაძის შემოქმედების მკვლევარი, ირინა აბესაძე წერდა:

,,შალვა ძნელაძე თითქოს გრძნობდა თავის ბედით განსაზღვრულ სიცოცხლის ხანმოკლეობას. ამიტომ ცდილობდა მოესწრო. ჩქარობდა მრავალი რამ დაეხატა. ის ხატავდა ყველგან და ყველაფერზე, მოსწავლის რვეულში, უბის წიგნაკში, ქაღალდის ნაგლეჯებზეც კი. სწორედ ამ სახატავი ფორმატის მიხედვით აგებდა კომპოზიციებს. ამიტომაა ისინი ხან ვიწრო ზოლად წარმოდგენილი, ხან გვერდებჩამოჭრილი, ზოგჯერ კუთხეებმოგლეჯილიც კი. პერსონალურ გამოფენაზე არც უფიქრია, თავისთვის ხატავდა. ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და ხატვითვე მთავრდებოდა. Ამიტომ შეგროვდა ამდენი ნახატი. “

Შალვა ძნელაძის ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებშია დაცული. მხატვრის ნახატები და საარქივო მასალა ასევე ინახება ნ. ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. უდიდესი ნაწილი და მდიდარი არქივი კი შალვა ძნელაძის მუზეუმშია დაცული.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი