პანდემიის დროს მედპერსონალისთვის ხელფასების დაკლების შემთხვევები გამოვლინდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, 2021 წელს, კოვიდკლინიკებში ჩატარებული შემოწმებისას დაახლოებით 90-მდე კლინიკაში დარღვევები გამოვლინდა, კერძოდ, ექიმებსა და ექთნებს სრულად არ ერიცხებოდათ იმ ოდენობის თანხა, რაც სახელმწიფოს მხრიდან იყო განსაზღვრული, საუბარია საკმაოდ სოლიდურ თანხებზე.
” ჩვენთან მომართვიანობა გაიზარდა. 2-3 შემთხვევა იყო უსაფრთხოებაზე. ძირითადი მომართვიანობა უკავშირდება ექიმებისა და ექთნების მხრიდან დაგვიანებით ჩარიცხვას, საერთოდ არ ჩარიცხვას ან თანხის დაკლებას. თითოეულ მათგანზე გვაქვს რეაგირება. როდესაც წარმოვადგენთ მომდევნო წელს შეჯამებულ ანგარიშს, ნახავთ, რომ საკმაოდ სოლიდურია ის თანხები, რომელიც ჩვენი აქტივობით ჩაერიცხათ დასაქმებულებს”, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ დღეს, პარლამენტში 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.
მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილი დარღვევები კლინიკების ნაწილმა უკვე გამოასწორა, თუმცა დაახლოებით 10-მდე კლინიკაში მსგავსი პრობლემები კვლავაც არის.
“ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ავამოქმედეთ და ადმინისტრაციული წარმოება დავიწყეთ. ჯერ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვახორციელებთ ღონისძიებებს. თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
ავტორი: ლელა დევდარიანი

