22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში
22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანი, საზოგადოებაში წყლის რესურსების მართვის, რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ცნობიერების ამაღლებაა. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, 22 მარტი წყლის მსოფლიო დღედ, 1992 წლიდან აღინიშნება და ამ დღის გარშემო, მსოფლიო, ყოველ წელს სხვადასხვა მიზნით ერთიანდება. 2023 წლის თემა კი, ცვლილებების დაჩქარებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობებს, ან სულაც ინდივიდებს, უსაფრთხო სასმელი წყლისა და ყველასთვის სათანადო, სანიტარული საშუალებების უფლებისკენ მოვუწოდოთ.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ¾ წყლით არის დაფარული, მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი. მეტიც, აქედან მხოლოდ 0,03% მოდის მდინარეებზე, ტბებსა და მიწისქვეშა წყლებზე, დანარჩენი კი, მყინვარების სახითაა ლოკალიზებული. შესაბამისად, ის ფაქტიც არაა გასაკვირი, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, წყლის დეფიციტს ებრძვის. თუ გლობალური დათბობისა და მიწების გაუდაბნოების ტემპი ასე გაგრძელდება, ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის, დედამიწის 2/3 -ს სასმელი წყლის პრობლემა შეექმნება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო განსაზღვრების მიხედვით, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, ერთ სულ მოსახლეზე, არანაკლებ 20 ლიტრ წყალს გულისხმობს, რომელიც საცხოვრებელი ადგილიდან, 1 კილომეტრის რადიუსშია ხელმისაწვდომი. თუ ასე არაა, სახეზე სასმელი წყლის დეფიციტია. დღესდღეობით კი, ასეთი პრობლემის წინაშე, საქართველოს მოსახლეობის 40%-ია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველო, წყლის რესურსების მიხედვით, მდიდარი ქვეყნების რიგებშია. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ცალკეული პრობლემები მაინც არსებობს. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა წყლის გადანაწილება და დაბინძურება. საქართველოში წყლის რესურსი, ბუნებრივად არათანაბრად არის გადანაწილებული. უფრო მეტი რაოდენობა, დასავლეთ საქართველოშია, მაშინ, როცა აღმოსავლეთ საქართველო, ხშირად წყლის დეფიციტს განიცდის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხშირად, წყლის არასწორად ხარჯვის პრობლემის წინაშეც ვდგავართ. როდესაც წყალს სამეურნეო მიმართულებით იყენებენ, მაგალითად, როდესაც მოსავალს რწყავენ, ხშირად მდინარეების დონე იწევს. აქედან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს, რომ სამომავლოდ, დიდი პრობლემების წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ, წყალი ყოველთვის გაწონასწორებულად და მიზნობრივად ვხარჯოთ. წყალი არის ის, რაც ყველა ცოცხალს ასულდგმულებს. წყლის გარეშე ხომ ადამიანებთან და ცხოველებთან ერთად, მცენარეების არსებობაც შეუძლებელია.
სალომე ხომასურიძე