ელენე აბაშიძე – ქალი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

აშშ-ს ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ,,წლის ქალის” წოდება მიანიჭა. ელენე აბაშიძე შეყვანილია ,,მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის” და ,,მსოფლიოს 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის” სიაში.

18 წლის იყო, როცა ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა. ოქროს მედალოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩაირიცხა, თუმცა, მალევე გადავიდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე შექმნილ ახალ მიმართულებაზე – ჰიდროლოგიაზე. მას შემდეგ იწყება მისი მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრების გზა. დღეს 101 წლის არის. გამოჩენილ მეცნიერზე, ელენე აბაშიძეზე ვსაუბრობ, ქალზე, რომელიც მსოფლიომ აღიარა.

ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 540 მეცნიერული ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი და მონაწილეა.

მეცნიერმა შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი. უარყო და რადიკალურად შეცვალა ორსაუკუნოვანი, მსოფლიოში გაბატონებული კირქვის ნაპრალების ზედაპირების ხსნადობის მცდარი მეთოდი და მოგვცა ახალი, როგორც კვლევის მეთოდი, ასევე მისი განზომილება.

აღსანიშნავია მისი საკანდიდატო დისერტაციები, რომელიც 1967 და 1998 წლებში დაიცვა. სადოქტორო დისერტაციამ ელენე აბაშიძეს დიდი აღიარება მოუტანა. აშშ-ს ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ,,წლის ქალის” წოდება მიანიჭა. ელენე აბაშიძე შეყვანილია ,,მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის” და ,,მსოფლიოს 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის” სიაში. მისი აქტიური ცხოვრება უნივერსიტეტიდან იწყება.

პირველად ექსპედიციაში მონაწილეობა 1945 წელს მიიღო. მეცნიერი, 11 ადამიანთან ერთად, ხვამლის მთაზე, ცნობილი მთამსვლელების – ალიოშა და ალექსანრა ჯაფარიძეების, ორგანიზებით მოხვდა. როგორც თავად იხსენებს, როცა 100 მეტრიანი ბაწრის კიბეზე დაუფიქრებლად ავიდა, მას შემდეგ თავისი პროფესიით უფრო მეტად დაინტერესდა.

ჩვენი დროის გამოჩენილი მეცნიერი 1922 წლის 18 მარტს დაიბადა. 14 წლის იყო, როცა მამა გადაასახლეს. ოჯახი გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა. შვილებზე პასუხისმგებლობა დედამ საკუთარ თავზე აიღო. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მათ საუკეთესო განათლება მიეღოთ.

,,დედა კარდაკარ დადიოდა და სარეცხს რეცხავდა. მე ვიყავი სონია მრეცხავის ქალიშვილი” – იხსენებს ელენე აბაშიძე.

არც შემდეგ ჰქონია დალხენილი ცხოვრება.

,,19 წლიდან პენსიაზე ვარ. იყო პერიოდი, როცა ძალიან მშიოდა, მაგრამ არასდროს დამიყრია ფარხმალი, მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი ასეთ გაჭირვებაში ვიყავი, მაინც აქტიურ მუშაობას განვაგრძობდი“, – ამბობს მეცნიერი.

მისი თქმით, არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვაც ადამიანს არ შეუძლია. არასდროს უნდა მივცეთ თავს უფლება, რომ უკან დავიხიოთ. თავადაც ასე განვლო გზა, თავაწეულმა და უშიშრად. დღესაც ამ განწყობით განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას. იდეებიც საყურადღებო და გამორჩეული აქვს. როგორც ყოველთვის, ჩვეულ ფორმაშია – ასაკის მიუხედავად, ვარჯიშობს და ხშირად ცეკვავს.

,,ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, რადგან შევასრულე დიდი მისია, მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვყოფილიყავი და მიუხედავად რთული ცხოვრებისა, არასდროს გავჩერებულიყავი”, – ამბობს ქართული გეოგრაფიული და გეოლოგიური მეცნიერების მემატიანე.

ელენე აბაშიძემ ამ ასაკშიც კი შეძლო იყოს საინტერესო და აქტუალური. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში გამორჩეული ადგილი დაიკავა. ,,ყველაფერი ჩემს შესახებ” – ასე ჰქვია გადაცემას, რომელსაც ერთ-ერთ ტელეკომპანიაში თავად უძღვება და ახალ თაობას საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებას უზიარებს.

,,მხოლოდ სარწმუნოების და მიწის სიყვარულმა გადაარჩინა საქართველო მსოფლიო რუკაზე. მართლმადიდებლობა და მიწის სიყვარული დიდი დასაყრდენია ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის და გავუფრთხილდეთ მას”, – ეს ელენე აბაშიძის სიტყვებია. ადამიანის, რომელიც 101 წლის ასაკშიც კი საქართველოს ბედსა და მომავალზე ფიქრობს.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი