მის ლექციებზე დასწრების მსურველებს აუდიტორია ვერ იტევდა – აკაკი ბაქრაძე დღეს, 95 წლის გახდებოდა
მისი წერილები, წიგნები თუ ლექციები, ადამიანის სულსა და გონებას ასუფთავებდა და ხვეწდა.
პუბლიცისტი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე 1928 წლის 29 მარტს, თბილისში დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1953-1954 წლებში კი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთის ლიტმუშაკად მუშაობდა. 1955-1968 წლებში, პუბლიცისტი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი გახლდათ. 1969-1970 წლებში, გამომცემლობა „განათლების“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1970-1973 წლებში კი, მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი იყო. 1973-1980 წლებში, რუსთაველის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1988-1989 კოტე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1989 – 1991 წლებში სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი იყო.
1991–1996 წლებში, კრიტიკოსი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციებს კითხულობდა.
1995 წელს, აკაკი ბაქრაძე გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. 1997 წლიდან გარდაცვალებამდე, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
პუბლიცისტის ნამუშევრებს შორის, არაერთი საინტერესო და ისტორიული ნაწარმოებია. მისი შემოქმედებაა: „სჯანი“ , „მითოლოგიური ენგადი“. „კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი“, „კრიტიკული გულანი“, „ ილია ჭავჭავაძე“, „პილპილმოყრილი მადლი“, „კინო და თეატრი“, „რწმენა“, მწერლობის მოთვინიერება“ და სხვა წიგნები.
ცნობილია, რომ აკაკი ბაქრაძის საჯარო ლექციები – ლიტერატურულ, ისტორიულ თუ ეროვნულ საკითხებზე, საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა. მას, საკუთარი შემოქმედებითა და საქმიანობით, ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე, დიდი ღვაწლი აქვს გაწეული.
შეიძლება ითქვას, რომ აკაკი ბაქრაძე, XX საუკუნის მეორე ნახევარში, ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი და განმანათლებელი გახლდათ. იგი იცავდა მათ ეროვნულ ღირსებას, როგორც მწერალი, სამშვინველს კი, როგორც მოძღვარი. ბაქრაძე საზოგადოებას იმ მანკიერებათა შესახებ ახსენებდა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ხასიათში, ღრმად იყო ფესვგადგმული და რომელთა აღმოფხვრაც დღესაც ქართველების უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავია.
აკაკი ბაქრაძე ხმაურიანი კაცი არ იყო და არც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა, თუმცა, ყოველთვის მზად იყო ქართველი ხალხის გვერდით მდგარიყო და დახმარების ხელი, ყველასთვის გაეწოდებინა. აკაკი ბაქრაძის ცხოვრებისეული პრინციპი დუმილს არ ეფუძნებოდა. მისი სამოქმედო გეზი კი, სამშობლოსთვის საუკეთესოზე იდგა და არა იმაზე, თუ რა იქნებოდა პირადად მისთვის უკეთესი. სწორედ ამიტომ, უპირისპირდებოდა ხელისუფლებასაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, აკაკი ბაქრაძე საკუთარ კრიტიკულ წერილებში, ადამიანის ღირსებას, არასოდეს შეურაცხყოფდა. სწორედ ამიტომ ამბობდნენ, რომ მისი წერილები, წიგნები თუ ლექციები, ადამიანის სულსა და გონებას ასუფთავებდა და ხვეწდა.
70-იან წლებში, სწორედ მაშინ, როდესაც სიმართლის თქმას მხოლოდ ერთეულები ბედავდნენ, აკაკი ბაქრაძე იყო ის ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციებზე, სრულიად ღიად საუბრობდა. ცნობილია, რომ XX საუკუნის 80- იან წლებში, მის ლექციებზე დასწრების მსურველებს, აუდიტორიები ვერ იტევდა. ეს ლექციები საქართველოს ისტორიას, კულტურას, ერის რაობას, მსოფლიოს უდიდეს მოაზროვნეებს, გარეშე და შინაურ მტრებს ეხებოდა. მათი ძირითადი საზრისი კი, აზროვნების გათავისუფლება იყო.
მან ერთ-ერთმა პირველმა დაანგრია საბჭოური დოგმები, თავისუფალი აზრი შეიტანა ქართულ კინოსა და თეატრში. რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო ხანა, შეიძლება ითქვას, რომ მისი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება. სწორედ მაშინ შეიქმნა ცნობილი სპექტაკლები, რომელთა არსებობასაც აკაკი ბაქრაძის სარეპერტუარო პოლიტიკამ და ცენზურასთან აქტიურმა დაპირისპირებამ, შეუწყო ხელი. რუსთაველის თეატრში, აკაკი ბაქრაძის კაბინეტი, მრავალი წლის მანძილზე, ეროვნული მოძრაობის შტაბი იყო.
აკაკი ბაქრაძის სათქმელი, მისი მოღვაწეობის მანძილზე, დაფიქრებისა და განსჯისთვის იყო განკუთვნილი. ის 1999 წლის 5 დეკემბერს, თბილისში გარდაიცვალა. ხელოვნებათმცოდნე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
სალომე ხომასურიძე