საქართველოში “მამების სკოლა” წარმატებით ფუნქციონირებს
უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში მამების პირველი სკოლა გაიხსნა. სკოლა თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს, ამ დროის განმავლობაში კი არაერთ ახალბედა მამას უმასპინძლა.
2021 წლიდან თბილისსა და ქუთაისში „მამათა სკოლის“ პროგრამაში 50-ზე მეტი მამაკაცი მონაწილეობდა.
„მამების სკოლაში“ სწავლა უფასოა და ის რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია.
პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიზრუნოთ ერთად” ინიციატივით შეიქმნა.
როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე აღნიშნავს, „მამების სკოლის“ არსებობის საჭიროება სწორედ UNFPA-ს მრავალწლიანმა მუშაობამ და ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.
შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული: ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებითა და ნაკლები ქცევითი პრობლემებით.
სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს მამაკაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება მამაკაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.
ფოტო : UNFPA საქართველო
ავტორი – ლელა დევდარიანი