კიდევ ერთი ეპოქალური ადამიანი წავიდა – ჯამლეტ ხუხაშვილი აპრილში 79 წლის გახდებოდა  

ჯამლეტ ხუხაშვილი

კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ადამიანმა, ორი ერის საამაყო შვილმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა დაგვტოვა და 78 წლის ასაკში, მისი სული მარადიულ სასუფეველს შეუერთდა. წარმატებული ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე – ვრცელი და საინტერესოა მისი საქმიანობა.

ჯამლეტ ხუხაშვილს უყვარდა თავის საქმეც და თავის ქვეყანაც. დიდია მისი წვლილი არა მხოლოდ ქართული სპორტის განვითარებაში, არამედ ქართულ- ებრაული ურთიერთობების განმტკიცებასა და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებაში. მასში ბევრი ნიჭი ერთად იყო თავმოყრილი. ადამიანობასა და მეგობრობაშიც ბევრი იყო. წარმატების მიღწევაშიც ბევრს დახმარებია. სულ შრომობდა, არასდროს ჩერდებოდა.

1963 წლიდან დაიწყო სპორტული კომენტატორობა და რამდენიმე ათეული წელი დაუღალავად ემსახურა საყვარელ საქმეს. 1980-92 წლებში სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა. თითქმის ყველა ოჯახში სულმოუთქმელად ელოდნენ მის გამორჩეულ, ენერგიულ და გამარჯვების იმედის მომცემ ხმას.

იყო საზოგადოება ,,დინამოს” მწვრთნელი, 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი, 1994 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. ჯამლეტ ხუხაშვილი დასახელებულია ,,დინამოს” საუკეთესო მწვრთნელად და საუკეთესო სპორტულ კომენტატორად. 1998 წელს, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ის პირველი დამსახურებული მწვრთნელი NBA-ის პირველი ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის აღმზრდელი გახლდათ.

“განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება. არასდროს დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი, სიყვარული, თავდადება ჩემდამი. გამორჩეულად დიდი ადამიანი… მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, “შალვოვიჩ!”, – ასე ემოციურად გამოემშვიდობა თავის აღმზრდელ მწვრთნელს გიორგი შერმადინი.

თავის ბოლო ინტერვიუში, გადაცემა “ესტაფეტაში” სტუმრობისას ჯამლეტ ხუხაშვილმა გიორგი შერმადინზე თქვა:

“ჩვენ გვყავს მსოფლიო ვარსკვლავი, რომელიც დაიბადა ნატახტარში, გაიზარდა მისაქციელში და გახდა მსოფლიო დონის კალათბურთელი. ის მხოლოდ ჯამლეტ და მიხეილ ხუხაშვილების დამსახურება არ არის… ყველას გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას”.  

5 აპრილს, ლეგენდარულმა კომენტატორმა, მძიმე ავადმყოფობასთან ბრძოლის შემდეგ, იმიერ სამყაროში გადაინაცვლა. წავიდა ეპოქის კიდევ ერთი ადამიანი. 13 აპრილს 79 წლის უნდა გამხდარიყო.

ლიკა მაჩხანელი


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი