“მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ” – გიორგი მაზნიაშვილი

დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1870 წელის 6 აპრილს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაიბადა.

გიორგი მაზნიაშვილი

გენერლის ღვაწლი ფასდაუდებელია სამშობლოს წინაშე. იყო დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. მიიღო სამხედრო განათლება და სამსახური დაიწყო მეფის არმიაში, მალე გენერლის სამხედრო ჩინიც უბოძეს. თავი გამოიჩინა რუსეთ–იაპონიის (1904–1905) ომში. პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაიჭრა და 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა.

აქ შექმნა ორი ეროვნული დივიზია. 1918 წელს იცავდა თბილისს თურქეთის ფრონტიდან ქაოსურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც ქალაქის აღება სურდათ. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები, მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში და ბათუმიც გაათავისუფლა.

ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო-ბოლშევიკური აჯანყება, შემდეგ თეთრგვარდიელებისგან გაათავისუფლა აფხაზეთი.

1918 წლის ოქტომბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წელს, სომხეთ–საქართველოს ომის დროს, წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი, ივნისში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან დაძრულ ურდოებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.

1919 წელს იყო ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, ხოლო 1920 წელს დაინიშნა ტფილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის თებერვალ-მარტის ბრძოლების დროს ომში რუსეთთან სარდლობდა ტფილისის ფრონტს.1921 წლის 19 თებერვალს მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა წითლებზე და დაატყვევა 1600 ჯარისკაცი. 1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან, მაგრამ ამაოდ…

იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკემა დახმარება სთხოვეს. გენერალმა სასწრაფოდ მობილიზებული ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი და მთლიანად აჭარა და ეს რეგიონი საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. 1921 წლის აპრილიდან მსახურობდა ქართულ წითელ ჯარში დივიზიის მეთაურად, შემდეგ ქვეითი ჯარების ინსპექტორად.

1921 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. 1923 წელს “სამხედრო ცენტრის” წევრებთან ერთად მიუსაჯეს დახვრეტა, მაგრამ დამსახურებისათვის საბჭოთა ხელისუფლების წინაშე (აჭარის განთავისუფლება) მას სიკვდილი შეუცვალეს ქვეყნიდან 5 წლით გაძევებით.

იგი დიდხანს ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. თუმცა ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, სოფელში დასახლდა და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. მას, როგორც “მოღალატესა” და “სამშობლოს მტერს” ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია.
გიორგი მაზნიაშვილი არა მარტო ქვეყნის პატრიოტი და მებრძოლი, არამედ თავისი “სოფლის დიდი მოამაგე“ იყო. სამოც წელს გადაცილებულმა გენერალმა საკუთარ სოფელში, აღადგინა მამა-პაპეული მამული და ქველმოქმედებას მიყო ხელი. სოფელში რესტავრაცია გაუკეთა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, ააშენა სკოლა, გამოიყვანა სასმელი წყალი, მტკვარზე ააგო ბორანი, პარალელურად ეხმარებოდა გაჭირვებულ მოსახლეობას.

1937 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს დააპატიმრეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია.

საინტერესოა, როგორ იხსენებდნენ მაზნიაშვილს მისი თანამედროვეები:

გენერალი გ. კვინიტაძე:

“გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის”.

“სტალინის მასწავლებლის”, ცნობილი ბოლშევიკის არაქელა ოქუაშვილის მოგონებები 1921 წლის ბათუმის ბრძოლაზე:

“დაიწყო ბრძოლა თურქსა და ქართველებს შორის. დაიბარეს გენერალი მაზნიაშვილი. ჰკითხეს: ვინ გინდა ბოლშევიკები თუ მენშევიკებიო. – თქვენი დედაც და იმათიცო, მე ჩემს საქართველოს ვემსახურებიო.. აბა მაშ სიმაგრეები დაიცავითო. ბოლშევიკებმა მაზნიაშვილს ჩააბარეს ქართველი ჯარისკაცების უფროსობა”.

გენერლის ნათლულ, ელიზბარ მაისურაძის მოგონება:

“მაზნიაშვილი იყო საშუალოზე ცოტა უფრო დაბალი, ჯმუხი, შავგვრემანი, შავთვალწარბა, მოხდენილი სახისა, ძლიერი, ვაჟკაცური გამოხედვა ჰქონდა. ურთიერთობისას ძალიან თბილი იყო, უშუალო … ადამიანი იოლად დაუახლოვდებოდა. როგორც მოგახსენეთ, რუსეთ-იაპონიის ომში გახლდათ დაჭრილი და მარცხენა ხელი გაფუჭებული ჰქონდა, იდაყვში ვერ ხრიდა, თითებს ვერ ამოძრავებდა, გაფშეკილი ეჭირა. ეტყობა, ფეხშიც იყო დაჭრილი, მუდმივად ჯოხით დადიოდა … მეტად გამჭრიახი გონება ჰქონდა, ნაკითხი იყო, კარგი მოქართულე. ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი აღთქმა. საუბრისას ხშირად იმოწმებდა საღვთო წიგნებს. თავისუფლად მოაზროვნე კაცი გახლდათ და ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა .. მის მამაცობასა და ვაჟკაცობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. გერონტი ქიქოძეს ჩემთვის უამბნია, გაცხარებული სროლისას, როცა ყველა სანგრებში იყო ჩაწოლილი, გიორგი მაზნიაშვილი სანგრის პირას დაიარებოდა და ბრძოლას ასე ხელმძღვანელობდაო”.

აკაკი ვასაძის მოგონებები 1921 წლის ბათუმის ბრძოლიდან:

“ოფიცრების თანხლებით გენერალი მაზნიაშვილი მოგვიახლოვდა. მოგვესალმა, გასცა განკარგულება თავისუფლადო. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. განუყრელი ხორკლიანი ბზის ჯოხით მძიმედ დააბიჯებდა ტანმორჩილი ჭაღარა გენერალი. თავისი უბრალოებით დავით კლდიაშვილს უფრო მაგონებდა ვიდრე ჩვენს სხვა ახოვან გენერლებს. რაღაც შინაგანი ნებისყოფა გამოსჭვიოდა ამ უბრალო ჭაღაროსნიდან”.

2006 წელს ქართულ არმიაში დაწესდა მისი სახელობის მედალი “გენერალი მაზნიაშვილი”. 2013 წლის 26 მაისს კი გენერალ გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მისი სახელი ეწოდა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს, რომლის მშენებლობა ამჟამად კრწანისში მიმდინარეობს.

თბილისში არსებობს გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ქუჩა.

სოფელ სასირეთში მოქმედებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც 2007 წელს აღდგა. ავარიულ მდგომარეობაში არსებული გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საცხოვრებელი სახლი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით აღდგა და მისი სახლ-მუზეუმი მოეწყო. მუზეუმში გამოფენილია 122 ექსპონატი: მისი პირადი ნივთები, ფოტო სურათები, საბრძოლო იარაღი, რუკები, ავეჯი, ხალიჩები, ჭურჭელი. მუზეუმის დათვალიერებისას მნახველს გენერლის განვლილი ცხოვრება საქართველოს წარსულში აბრუნებს.

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, გიორგი მაზნიაშვილის მშობლიურ სოფელ სასირეთში ჩავიდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული გმირის ღვაწლი და საქართველოს წინაშე მისი დამსახურება კიდევ ერთხელ გაიხსენა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მუზეუმს საჩუქრად გენერლის პორტრეტი გადასცა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის ნივთები, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალაც დაათვალიერეს.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი