„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ 100-ზე მეტ აქამდე უცნობ რეცეპტს აერთიანებს

ქართული სამზარეულო და სუფრის ტრადიციები ძალიან მრავალფეროვანი და გამორჩეულია. საქართველოს ყველა რეგიონს ტრადიციული კერძების საკუთარი ვარიანტები აქვს, რომელთაგანაც ბევრი მივიწყებულია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ წიგნი, „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ გამოსცა, სადაც 110-მდე, ნაკლებად ცნობილი წასახემსებლებისა და დესერტების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.
კულინარიული გზამკვლევი, როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კერძებს აერთიანებს. მასში წარმოდგენილია კერძები: ყაისაფა, სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, მაჯუნი, ასევე საწებლები, მურაბები, მარინადები, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები.
წიგნის პრეზენტაცია ქობულეთში გაიმართა. ღონისძიებაზე ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიული სივრცეები იყო განთავსებული, სადაც სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. სპეციალურად მიწვეულმა ცნობილმა შეფმზარეულებმა აჭარული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციებიც წარმოადგინეს. კულინარიული გზამკვლევის გამოცემის მიზანია, აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციასა და მათ ხელახლა დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
ავტორი- თაკო ბოკუჩავა

