თამარ დე ლეტე სამშობლოს საუკუნის შემდეგ დაუბრუნდა – მხატვრის პირველი გამოფენა თბილისში შედგება

ქართველი ემიგრანტის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდება. თბილისი მისი ნამუშევრების მასშტაბურ გამოფენას 2023 წლის ნოემბერში უმასპინძლებს. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში საექსპოზიციოდ, თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები იქნება წარმოდგენილი.

როგორც საქართველოს კინოს, მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ სოციალური ქსელიდან გვამცნო, დიპლომატიური ხელშეუხებლობით აღჭურვილი საარქივო მასალა უკვე სამშობლოშია. ერთი საუკუნის წინ საქართველოდან წასული მხატვრის უნიკალურმა განძმა მის სამშობლოში, ხელოვნების სასახლეში დაიდო ბინა.

საქართველოში ნაკლებად ცნობილი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე, წლების განმავლობაში, ბრაზილიის სან პაულოს თეატრის მხატვარი იყო. მან მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, მსოფლიო დონის ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვისაც შექმნა რამდენიმე ესკიზი.

ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის: 34 ფერწერული ტილო, 500-ზე მეტი ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), XIX საუკუნის არისტოკრატების ( ჯორჯაძეების, ანდრონიკაშვილების, ვაჩნაძეების საგვარეულო ფოტომასალა, თავისი ფოტოალბომებით) 200-ზე მეტი საარქივო სურათი, XVIII საუკუნის 2 ფერწერული ნამუშევარი, ხელნაწერები, წიგნები, კატალოგები, ჟურნალები და წერილები, ეს ყოველივე ხელოვნების სასახლეს მხატვრის შვილმა, ზოლტან ჟორდანიამ გადასცა.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა, მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერებმა ბრეტანიდან, კერძოდ კი, საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში 2022 წელს ჩამოიტანეს. ზოლტან ჟორდანიამ, ქართულ მხარეს დედის უკლებლივ ყველა ნამუშევარი გადასცა და ამით, როგორც თავად აღნიშნა, თამარ დე ლეტე თავის მონატრებულ სამშობლოს დაუბრუნდა.

ეროვნულ გალერეაში, ემიგრანტი მხატვრის გამოფენის მოწყობის გეგმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელოვნების სასახლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

ვინ იყო თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე?

პარიზული შემოქმედებითი ელიტის გამორჩეულ წევრ თამარ დე ლეტე-ვაჩნაძეს საქართველოში თითქმის არავინ იცნობდა, არადა, ქართველებს გვყავდა მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორის მსოფლიოში განთქმული სამოდელო სახლისთვის შესანიშნავ ესკიზებს ქმნიდა.

ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების შთამომავალი მხატვარი, ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ, რეპრესიებს გაექცა და სამშობლოდან შორს, საფრანგეთში განაგრძო ცხოვრება. მამით უნგრელი და დედით ქართველი მხატვრის ბიოგრაფია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს უკავშირდება. ხატვა პარიზში, მადლენ ვატიესა და ბერნან ჰიუგეს სახელოსნოებში შეისწავლა. ევროპაში გამორჩეულ და აღიარებულ სცენოგრაფზე, წიგნის ილუსტრატორსა და ვიზუალურ არტისტზე მაშინდელი საერთაშორისო პრესა აქტიურად წერდა.

მხატვარი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, კრისტიან დიორის სამოდელო სახლისთვის ესკიზებს 1952 წლამდე ქმნიდა. ამ წელს ნოე ჟორდანიას შვილს, რეჯებ ჟორდანიას დაშორდა. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, 27 წლის მხატვარმა საფრანგეთი დატოვა და მცირეწლოვან შვილთან ერთად სან პაულოში გადავიდა საცხოვრებლად.

აქ უკვე მისი ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყო. მხატვარი მალევე დაინიშნა სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მას განსაკუთრებით უყვარდა თეატრი, მთელი თავისი სრულყოფილებით. ეს ხელოვანის დეკორაციებსა და კოსტიუმის ესკიზებში მკაფიოდ აისახება.

1963 წელს, სან პაულოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნამუშევრების რეტროსპექტივა გამართა, რამაც კიდევ ერთი წარმატება და აღიარება მოუტანა მას. მხატვრის ვერნისაჟის სერიიდან მნიშვნელოვანი ექსპოზიციები იმართებოდა პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში ევროპიდან ბრაზილიამდე, მათ შორის ლუქსემბურგსა და საფრანგეთის კულტურის ცენტრში.

მიუხედავად სან პაულოში მისი აღიარებისა, თამარ დე ლეტე- ვაჩნაძე 1963 წელს ისევ საფრანგეთს დაუბრუნდა და ატლანტის ოკეანის პირას, სოფელ ლამპალუზ- პლუარზელში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

ოსტატის ფერწერული ნამუშევრები, რომლის შექმნაც საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ დაიწყო, მარტოსული ქალის ცხოვრებას მკაფიოდ ასახავს. Როდესაც მის ფერწერულ ტილოებს ათვალიერებ, ხვდები, რომ ექსპრესია და მედიტაცია ის კონცეფციებია, რომელშიც მისი მხატვრული ესთეტიკა და ინტელექტი ეტევა.

თამარ დე ლეტე- ვაჩნაძე, 2001 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. თავის ქვეყანას გულით და გონებით დაატარებდა. ყველგან ამაყობდა თავისი წარმომავლობით. სწორედ ამიტომ თქვა რამდენჯერმე შეთავაზებულ მოქალაქეობაზე უარი. ცხოვრების ბოლომდე ღირსეულად ატარა ლტოლვილის სტატუსი. იძულებით ემიგრაციის შვილს პირად ბარათში- ლტოლვილი საქართველოდან ეწერა. გარდაცვალებამდე Შვილისთვის დაუბარებია, რომ მის შემოქმედებით მემკვიდრეობას საქართველოში დაედო ბინა.

“დედა სიცოცხლის ბოლომდე იყო ქართველი, გარდაიცვალა როგორც ქართველი და სურდა, მთელი თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ყველაფერი, რაც მან შექმნა, ყოფილიყო საქართველოში. ამიტომ, დღეს ისტორიული სამართლიანობა აღდგა”, – უთქვამს ზოლტან ჟორდანიას გიორგი კალანდიასთვის.

წლების შემდეგ შვილმა ქართველი ემიგრანტი ხელოვანის ბოლო სურვილი შეასრულა. საქართველოში ჩამოტანილი დოკუმენტები სპეციალისტებმა შეისწავლეს.

“თამარ დე ლეტე- ვაჩნაძის რარიტეტებს შორის საინტერესოა ეპისტორალური ურთიერთობები პარიზის არტისტულ ელიტასთან. წერილები, რომლებიც სან პაულოდან პარიზში და პარიზიდან სან პაულოში იგზავნებოდა ფრანგული ავტოგრაფით TH.de.LETAY.” – აღნიშნავდნენ სპეციალისტები.

იშვიათი გემოვნებით გამორჩეული ნამუშევრები, რომელიც დღეს უნიკალურ მასალას წარმოადგენს, ჩვენთვის აღმოჩენაა. თამარ დე ლეტე- ვაჩნაძის შემოქმედება, თავისი არსით, ძალზედ მნიშვნელოვანი მხატვრული დოკუმენტია არა მარტო ევროპაში, არამედ ქართული ემიგრაციის არქივისთვისაც.

სალომე ხომასურიძე
ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი