“რღვევაა იქ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რღვევა ამ ქვეყანაში” – როდის აღდგება რიკოთზე მოძრაობა, უცნობია

“საბედნიეროდ, ამ ქვეყანას ჰყავს ავტორიტეტული გეოლოგები და იქ რაც ხდება, არის აოხრება”, – თეა გოდოლაძე.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე), სპეციალისტების მხრიდან, მუდმივი მონიტორინგის პირობებში, გამოვლინდა ადგილი, სადაც ქვათაცვენის რისკი არსებობს, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის დროებით შეზღუდვა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ, შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, რიკოთის უღელტეხილზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

„ფერდის არამყარი მასის ჩამოშლის პროვოცირების შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის წმენდის და გაგანიერების ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისათვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება” – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის პერიოდში, მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით მიმდინარეობს. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, აკრძალულია.

რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენასა და იქ მიმდინარე გეოლოგიურ პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გეოლოგმა თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მოსალოდნელი რისკების შესახებ ჩინური მხარე, რომელიც საგზაო სამუშაოებს აწარმოებს, არაერთხელ გააფრთხილეს ქართველმა გეოლოგებმა.

“რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა, აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს დაძველებული, მეტამორფოზული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას! დაშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქნით ერთი გამაგებინეთ რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო, რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს. თვით სტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა”, – წერს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე.

რამდენიმე დღით ადრე თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ ამ მასშტაბის პროექტისთვის არ ჩატარებულა სრულყოფილი კვლევა, რადგან, რაც თავად მან ნახა, არის 1999 წელს გაკეთებული კვლევის კოპირება, რომელიც უკვე ძველია. ისტორიული მიწისძვრების რუკა, რომელიც 2016 წელს გეოფიზიკის ინსტიტუტმა გამოსცა, საერთოდ არ არის საყრდენი მასალის სახით გამოყენებული კვლევისთვის.

” საბედნიეროდ, ამ ქვეყანას ჰყავს ავტორიტეტული გეოლოგები და იქ რაც ხდება, არის აოხრება. თქვეს, 170 კვლევაა ჩატარებულიო. რაც მე ვნახე, ჩვენი 1999 წლის კვლევის ასლია, რომელსაც აღარ ვიყენებთ, დაძველდა. სეისმური მაჩვენებელი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იცვლება. 23 წლის უკან სეისმური ქსელი საერთოდ არ გვქონდა, მიწისძვრებს ვერ ვაკვირდებოდით, ტექტონიკის შესახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა. როდესაც ასეთი ტიპის გვირაბს და მითუმეტეს, ასეთი ტიპის ბურჯებს, გზებს აშენებ, სეისმური მაჩვენებელი უმნიშვნელოვანესია. სეისმოლოგიიდან იწყება სურათის აწყობა იმიტომ, რომ მიწისძვრაა ძალა, რომელიც ატრიგერირებს (ტრიგერი არის ტერმინი მრავალი მნიშვნელობით, ჩვეულებრივ ნიშნავს გარე სტიმულს, რომელმაც გამოიწვია რაიმე მოქმედება, რეაქცია ან მოვლენა. რედ.) კატასტროფებს”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

მისივე თქმით, იტალიური კომპანია, რომელიც გეოლოგიური კუთხით მომზადებული დოკუმენტის ავტორია, წერს, რომ ახალმა კონსტრუქციებმა შესაძლოა მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

თეა გოდოლაძის შეფასებით, რიკოთის უღელტეხილზე დღეს სახეზეა არასწორი სამშენებლო გადაწყვეტილება, დაუშვებელია ასეთი გეოლოგიის პირობებში მსგავსი დაფერდებების გაკეთება, კლდის ჩამოჭრა, რასაც იქ მიმდინარე სამშენებლო პროცესში ვხედავთ.

“გარემოში მშენებლობით არასწორად ჩარევით აღვძარით მეწყრები. ტექტონიკური საზღვარიო. ტექტონიკური საზღვარი კი არაა, რღვევაა იქ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რღვევა ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი პოტენციალი შეიძლება განავითაროს ამ რღვევამ მიწისძვრის კუთხით. როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს ვაკეთებთ, მსოფლიო სამშენებლო რეკომენდაციაა ლოკალური სეისმური საფრთხის შეფასება. რეგიონში, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ერთ-ერთი ურთულესი გეოლოგიაა“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ 4 აპრილს ერთ-ერთ რადიოს ეთერში.

საშიში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, 30 მარტის შემდეგ რიკოთის საუღელტეხილო გზა ჩაკეტილია.

3 მარტს გამართულ ბრიფინგზე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა თქვა, რომ პირველადი კვლევების შედეგები კვირის ბოლომდე ექნებათ და შემდეგ გადაწყდება ამ მონაკვეთზე მოძრაობა როდის აღდგება. მანამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზეა გადართული.

სალომე ხომასურიძე

ასევე წაიკითხეთ: ქვათაცვენის გამო, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია


დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე

პოდკასტი