ამიერკავკასიაში პირველი სახელმწიფო კვლევითი ლაბორატორია თბილისში შეიქმნა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორია შეიქმნა, სადაც ყველა მსურველს, ნებისმიერი ექსპონატისა და ნამუშევრის ავთენტურობის დადასტურების შესაძლებლობა ექნება. მისი უპირველესი მისია კი, ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფალსიფიკაციისგან დაცვაა.

როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განმარტავენ, ჩვენს რეგიონში მსგავსი მასშტაბის ეს პირველი კვლევითი საექსპერტო ცენტრია. თუმცა, მისი მოწყობის პროცესი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მათივე თქმით, მსგავსი ლაბორატორიის არსებობა ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, რადგან სამუზეუმო ექსპონატების სამეცნიერო კვლევა, ატრიბუცია, დათარიღება ჩატარდება.

როგორც ცნობილია, ხელოვნების მუზეუმში, საწყის ეტაპზე, შესაბამისი სტანდარტებით მოეწყო და გარემონტდა 542,2 კვ.მ. სივრცე. შეძენილი ძვირადღირებული აპარატურა კი, (რამანის ოპტიკური მიკროსკოპი/სპექტომეტრი, ბრუკერის ინფრაწითელი მიკროსკოპი/სპექტრომეტრი, და სხვ.), ლაბორატორიაში უკვე განთავსდა. აღნიშნული ლაბორატორიის პროექტი, ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კონსულტაციითა და მონაწილეობით შემუშავდა. ასევე, 2022 წლის ბოლოს, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებს: ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც, მათ აღნიშნულ აპარატურასთან მუშაობა, საექსპერტო პროცესში მისი გამოყენება და შესაბამისი დასკვნების მომზადება შეისწავლეს.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დღემდე გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2023 წლის ზაფხულში, შესაძლებელი იქნება ხელოვნების ნიმუშების (ფერწერა, გრაფიკა, ქსოვილის, ქაღალდის, ქვის, ხისა თუ ლითონისაგან დამზადებული ექსპონატები) საცდელი კვლევის ჩატარება. ამისათვის, ლაბორატორია იწყებს ეროვნულ მუზეუმში, მათ შორის, ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, პირველ რიგში კი – ფიროსმანის, ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნაწილაკების შეგროვებას და ლაბორატორიისათვის აუცილებელი, ე.წ. კარტოთეკის შექმნას.

მათივე ინფორმაციით, პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ კადრებთან ერთად, ესპანელი ექსპერტიც იქნება ჩართული. სწორედ მოცემული ნაწილაკების ლაბორატორიული დადარების შედეგად გახდება შესაძლებელი ამა თუ იმ, გარედან შემოსული ნამუშევრის ავთენტურობის დადგენა, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის სერვისია როგორც ხელოვნების ნიმუშთა მესაკუთრე კოლექციონერებისა თუ კერძო მუზეუმებისათვის, ასევე ხელოვანებისა და მათი შთამომავლებისათვის.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორია, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული კვლევითი ცენტრი, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მხატვარ ირაკლი ფარჯიანის შვილთან, სოფო ფარჯიანთან ერთად დაათვალიერა და სამომავლო გეგმებიც განიხილა.

„ამგვარი რამ ჩვენს ქვეყანაში და ამიერ კავკასიის რეგიონშიც არ არსებობს, ამიტომ ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ საქმეში“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნის იდეას, საფუძველი 2021 წლის ივლისში ჩაეყარა. მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარემ, მიხეილ ჯიქიამ, სოფო ფარჯიანის ხელშეწყობით, ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

 

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი