პირველ კლასში ამიერიდან 5 წლის ბავშვებიც შევლენ

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ

საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირებას, ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების საფუძველი, იმ მოქალაქეთა განცხადებები გახდა, რომლებიც საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას ითხოვენ. გამონაკლისის განსაკუთრებით იმ ბავშვების მშობლები ითხოვენ, რომლებიც ოქტომბერში არიან დაბადებულნი, რადგან 1 თვის გამო, მათი შვილები, სკოლის 1 წელს კარგავენ.

„ხაზგასასმელია, რომ, კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა, საქართველოს მასშტაბით, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნას მშობელთა მოთხოვნა, რომ მათი შვილების პირველ კლასში ჩაირიცხონ.

,,მიზანშეწონილია, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, დაწყებით საფეხურზე დამატებით მიღებულ იქნან ის ბავშვებიც, რომლებიც დაბადებულები არიან პირველ ნოემბრამდე. საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით განხორციელდა და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ სსსმ ბავშვებისთვის, ვისაც 6 წელი უსრულდებათ 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. ცვლილების შემდეგ 1 ნოემბრამდე დაბადებულ სსსმ ბავშვებს მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია, საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი და ამას, თვითონ საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

რაც შეეხება, მე-3 ეტაპს. ამ შემთხვევაში, საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კანდიდატების დარეგისტრირებას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ, რომლის მისამართია: registration.emis.ge. ამ საკითხს, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

IV ეტაპი კი, შემდეგში მდგომარეობს: რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე, დარჩენილ თავისუფალ, ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე, ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც I, II და III ეტაპებზე, ვერ დარეგისტრირდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების, ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო, პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი