მხატვარი, რომელსაც ეყრდნობოდნენ არქიტექტორები ძველი უბნების რეკონსტრუქციისას

ცხოვრება მხატვრობისთვის რომ უნდა დაეკავშირებინა, თავიდანვე ნათელი იყო, ჯერ კიდევ პატარა გოგონა გულმოდგინედ ხატავდა მშობლიურ კახეთს, თელავს. ამავდროულად, მუსიკითაც გატაცებული, მშვენივრად მღეროდა, თუმცა საბოლოოდ ფუნჯი და ფერები არჩია.

სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. გიგო გაბაშვილის მოწაფე პედაგოგს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ როცა საქმე მხატვრობას ეხებოდა, მხოლოდ საკუთარი გულის ხმას უსმენდა. სწორედ ამ ხმამ და გამორჩეულმა ნიჭმა დაატყვევა პარიზულ გამოფენაზე მისული პოლ სინიაკი. მისმა ნამუშევარმა – “კახეთი. ზამთარი” – პიკასოც მოხიბლა.

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ელენე ახვლედიანი თელავში 1901 წლის 18 აპრილს დაიბადა. მხატვრის ბიოგრაფები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელენეს პირველი გატაცება მუსიკა იყო, თუმცა ბავშვობაშივე დაინტერესდა ხატვით. მისი ნახატები პირველად ელენეს მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. მხატვარი იხსენებდა თუ როგორ უთხრა ბარნოვმა კლასის თანდასწრებით ელენეს:

“ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი ელენე, ხატე, ხშირად ხატე.. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება”.

კახური პეიზაჟები მართლაც არა ერთხელ გამხდარა ელენე ახვლედიანის ინსპირაციის წყარო.

ალაზნის ველი, 1934წ.

მოგვიანებით ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადასახლდა. გიმნაზიის პარალელურად ელენე სამხატვრო სასწავლებელშიც დადიოდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა გიგო გაბაშვილის კლასში. 1922 წელს ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი საგანგებო სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა. წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე ელენე მხატვრების ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვიანებით, 1950-60-იან წლებში ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ახვლედიანის ნამუშევრებს ეყრდნობოდა დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას. ასე რომ, თავიდანვე გამოიკვეთა ძველი თბილისი ელენე ახვლედიანის შემოქმედების მთავარ თემად.

მხატვარი 2 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი პარიზში, კოლაროსის აკადემიისკენ აიღო გეზი. პარიზში ელენე ახვლედიანი დიდ დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ქეთევან მაღალაშვილთან, ლადო გუდიაშვილთან და დავით კაკაბაძესთან ერთად. პარიზშივე მიიღო პირველ გამოფენაში მონაწილეობა, რომელსაც ბევრი სხვა ექსპოზიცია დაემატა. მათ შორის იყო პერსონალური გამოფენაც. ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა ბევრ სხვა დამთვალიერებელთან ერთად პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა “კახეთი, ზამთარი.”

ახვლედიანის ნახატები ცნობილმა კოლექციონერებმა შეიძინეს, გამოფენებს გამოეხმაურა პრესაც. ელენეს ნამუშევრები პარიზის შემდეგ ამერიკაში გამართულ გამოფენაზეც აღმოჩნდა. მხატვარი ჰოლანდიაშიც მიიწვიეს, მაგრამ დედის მძიმე ავადმყოფობის გამო იგი იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო.

ელენე ახვლედიანი და დავით კაკაბაძე, 1924 წ. პარიზი

მალე მისი გამოფენები თბილისში, ქუთაისსა და თელავში მოეწყო. თბილისში გამართული გამოფენის შემდეგ ელენე ახვლედიანს თანამშრომლობა კოტე მარჯანიშვილმა შესთავაზა. მას შემდეგ მხატვარმა ბევრი სპექტაკლის გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა. 1930-1933 წლებში იგი ძირითადად თეატრში და წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობდა. ელენე ახვლედიანმა სხვადასხვა დროს გააფორმა “ტომ სოიერი’, “კაცი, რომელიც იცინის”, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები.

ომის შემდგომ მისი სათეატრო მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს გასცდა. ელენე ახვლედიანი აფორმებდა სპექტაკლებს მოსკოვში, კიევში, ხარკოვში. ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ რეპრესიების წლებში მხატვრის გადართვა თეატრზე შესაძლოა მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ყოფილიყო, რადგან უცხოეთიდან დაბრუნებული ცენზურის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ელენე ახვლედიანი და ირაკლი აბაშიძე

გარდა ამისა, მისი მეგობრობა ცისფერყანწელებთან, ასევე რეპრესირებულ მხატვართან დიმიტრი შევარდნაძესთან უფრო ზრდიდა ტოტალიტარული სისტემის მხრიდან მისადმი უნდობლობას. 1936 წელს ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიისთვის“ ტილოთი “ამხანაგი სტალინი არალეგალურ კრებაზე კრწანისში.“ სისტემისადმი ხარკის გაღება მოუხდათ მის კოლეგებსაც – მაღალაშვილს, კაკაბაძეს და გუდიაშვილს.

1939 წელს ელენე ახვლედიანმა სახელოსნო მიიღო, რომელიც “პატარა საქართველოდ” აქცია. დღეს იქ მისი სახლ-მუზეუმია. ამ სახელოსნოში ინახებოდა მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული და განადგურებას გადარჩენილი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საკუთარი და სხვა მხატვრების მიერ (მათ შორის პიკასოს) შესრულებული ნახატები. სახელოსნო-სახლს ახვლედიანი ხშირად უთმობდა სხვადასხვა შეხვედრებს, საღამოებს, კონცერტებსა თუ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს. სახელოსნოში არაერთხელ გაიმართა პეიზაჟისტ-პლენერისტთა ჯგუფური გამოფენები. პეიზაჟისტებს და მათ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში თავად მხატვარი ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, მის სახლშია გადაღებული ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის “მზე შემოდგომისა” წვეულების სცენა, სადაც კადრში ელენე ახვლედიანთან ერთად ლადო გუდიაშვილიც ჩანს. მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბავშვთა შემოქმედებსაც. იგი არაერთხელ ყოფილა ბავშვთა გამოფენების ინიციატორი, მასვე ეკუთვნოდა ბავშვთა ნამუშევრების საგამოფენო დარბაზის შექმნის იდეა.

ელენე ახვლედიანი-თბილისი». 1969წ.

1960-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში. 1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. მხატვარი 1975 წელს პოპულარობის ზენიტში თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

ელენე ახვლედიანის მხატვრობა ქართულ კონტექსტში ნამდვილად გამორჩეულია, საზოგადოებისთვის კი ძირითადად თბილისური ხედებით არის ცნობილი. ამ პეიზაჟებით ელენემ ძველი თბილისის ხასიათი და ფერები ტილოზე სამუდამოდ შემოინახა.

გარდა თბილისური ხედებისა, ელენეს შემოქმედება სხვა ქართული ქალაქების პეიზაჟებსაც მოიცავს, რომლებიც ფერებითა თუ ხასიათით თბილისურ ხედებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.

ელენე ახვლედიანი-ტალინის სახურავები, ტილო, ზეთი, 1960წ.

მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა თავისი ფერადოვნებით, სინაზით და უბრალოებით. მისი ნახატების ფერები ელენეს ყველა სხვა ქართველი მხატვრისგან გამოარჩევს.

ელენე ახვლედიანი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ, როგორც გენიალური მხატვარი, არამედ განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი. თანამედროვეები ხშირად იხსენებდნენ მის განსაკუთრებულ სიყვარულს და ზრუნვას ძველი თბილისისადმი, მისი სახის შენარჩუნებისთვის. მხატვრის უშუალო ჩარევის შედეგად არაერთი ძველი შენობა გადაურჩა ნგრევას. ბევრი უცხოელი თუ ქართველი მეგობრისთვის იგი თბილისთან ასოცირდებოდა. თავად სერგო ფარაჯანოვს არაერთხელ უთქვამს: “თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია”. დღესაც ბევრი ადამიანისთვის “ელიჩკას თბილისია” ნამდვილი თბილისი.

ლელა დევდარიანი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი