მიქაელ ხარაძე ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

მიქაელ ხარაძემ, SAT გამოცდაზე, მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა 800/800 დააფიქსირა.

მიქაელ ხარაძე

ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა კვლავ გრძელდება. ამჯერად, გამორჩეული ინტელექტის მქონე მოზარდებს შორისაა, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, მიქაელ ხარაძე. ინფორმაცია, რომელიც კომაროვის სკოლა- პანსიონმა გაავრცელა, სასიხარულო და საამაყოა.

მიქაელ ხარაძე ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში (Washington And Lee University) სრული 334 000 $- იანი დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით განაგრძობს. სწავლის დაფინანსებასთან ერთად, მას, ასევე, უნივერსიტეტის სტიპენდიაც დაენიშნება. მიქაელ ხარაძემ, SAT გამოცდაზე, მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა 800/800 დააფიქსირა.

კომაროვის სკოლის მოსწავლემ, ამერიკაში, კომპიუტერული მეცნიერებების განხრით ჩაბარება X კლასიდან დაისახა მიზნად. საოცნებო უნივერსიტეტში მოსახვედრად კი პრაქტიკული გამოცდილებების მიღება გადაწყვიტა. პანდემიის პერიოდში, სკოლის მოსწავლეების მეტად განვითარებაში აქტიურად ჩაერთო და ბავშვების მათემატიკაში მომზადება დაიწყო.

“იმ ბავშვებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება, მიიღონ სრულყოფილი განათლება, რომლებიც პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების გამო განსაკუთრებით დაზარალდნენ, გადავწყვიტე ჩემთვის საყვარელ და კარგად ნაცნობ საგანში- მათემატიკაში დავხმარებოდი. ვიცი, როგორ ავუხსნა მათ სხვადასხვა საკითხი და როგორ შევასწავლო შესაბამისი თემები. მიხარია, რომ თავადაც აქტიურად მონაწილეობენ საგაკვეთილო პროცესში და კარგად ითვისებენ შესაბამის საკითხებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა”, – ამბობდა კომაროვის სკოლის მოსწავლე.

ბევრი იშრომა დასახული მიზნის მისაღწევად და, საბედნიეროდ, დაუფასდა.

მიქაელ ხარაძე არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულია. 2021 წლიდან კი, ონლაინ ჟურნალ The Teen Magazine-ის ერთ-ერთი რედაქტორია. განსაკუთრებით ფიზიკა, მათემატიკა და ინგლისურ ენაზე მოთხრობების წერა უყვარს. ასევე აინტერესებს ეკონომიკური თეორიები და ფსიქოლოგია. თავისუფალ დროს ბევრს სეირნობს და ფიქრობს.

მიქაელ ხარაძე სამომავლო გეგმებს საქართველოს უკავშირებს. ამბობს, რომ არჩეული პროფესიით საზოგადოებისთვის ისეთი დამხმარე პროგრამები და პროდუქტები აწარმოოს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ამაში კი, მაღალი ხარისხის განათლებითა და პრესტიჟით გამორჩეული, ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება.

Მედია სააგენტო “24”-ის ჯგუფი მიქაელ ხარაძეს წარმატებას უსურვებს.

ლიკა მაჩხანელი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი