ჯემალ ღაღანიძე 90 წლის გახდებოდა – განსაკუთრებულად ელოდებოდა ამ თარიღს

კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე

1956 წელს შეაღო რუსთაველის თეატრის კარი და ცხოვრების ბოლომდე არსად წასულა. 67 წელი უერთგულა რუსთაველის თეატრს. არც არავის ჰგავდა და არც არავის ჰბაძავდა. ბევრს შრომობდა. არტისტთა თანავარსკვლავედში საკუთარი, ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. თავმდაბლობითა და საკუთარი საქმის უპირობო სიყვარულით ყველასგან გამოირჩეოდა.

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე დღეს, 90 წელი შეუსრულდებოდა. განსაკუთრებულად ელოდებოდა ამ თარიღს. უყვარდა მრგვალი თარიღების აღნიშვნა. მსახიობი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იხდიდა დაბადების დღეს. ოცნებობდა, რომ 90 წლის საიუბილეო დღეს კიდევ ერთხელ დამდგარიყო სცენაზე და თავის მაყურებელს კიდევ ერთხელ შეხვედროდა. სამწუხაროდ ეს ოცნება ოცნებად დარჩა. მსახიობი, 3 თებერვალს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ ღაღანიძემ, სხვადასხვა ხასიათის დაუვიწყარი სახეები 100-მდე სპექტაკლში და 20-ზე მეტ ფილმში შექმნა. სახასიათო როლებს საუკეთესოდ ასრულებდა.

“ფანატიკურად ვიყავი შეყვარებული თეატრზე. არაფერი არ დამაკლო მე თეატრმა. Რაც კი შეიძლებოდა, ყველაფრით ავინაზღაურე”, – ამბობდა არტისტი.

ამაყობდა, რომ სპექტაკლში “კავკასიური ცარცის წრე” 650-ჯერ, ორი პერსონაჟი, შეუცვლელად ითამაშა.
მსახიობმა მაყურებელს თავი ეპიზოდური როლების ვირტუოზული შესრულებით დაამახსოვრა. საოცარ აღტაცებას ბადებდა მის მიერ შესრულებული როლები “ბახტრიონში”, “მეტეხის ჩრდილში”, “ქუთათურებში”, “მზიან ღამეში”, ” პეპოში”, “გვადი ბიგვაში”, ” ხანუმაში”, “მეფე ლირში”, სადაც მხოლოდ ათი წუთი იდგა სცენაზე. შეუდარებელი იყო “მოხუც ჯამბაზებშიც”, სადაც ჩვენი დროის უდიდეს მსახიობებთან ერთად თამაშობდა.

თეატრისა და კინოს დამსახურებულ არტისტს, 2011 წელს, რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, რომელსაც თავმდაბლობით, მაგრამ სიხარულით შეხვდა.

Რაც სჭირდება არტისტს: სიმღერა, ცეკვა, პლასტიკა, იუმორის გრძნობა, სისხარტე, ყველაფერი ჰქონდა მას. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობაზე დიდი ამბიცია არასდროს გამოუხატავს. ურთიერთობაშიც ასეთი უამბიციო, მორიდებული, მხიარული და ყველაზე ახლობელი გახლდათ. მასთან შეხვედრის თითოეული დღე ბედნიერებით სავსე და დაუვიწყარი იყო. უყვარდა ადამიანები და უყვარდა თავის საქმე.

წლები მიდის, ეპოქები იცვლება, თაობები ერთმანეთს ანაცვლებენ, მაგრამ ჯემალ ღაღანიძე ის პერსონაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. თაობა მიდის, მაგრამ ჯემალ ღაღანიძის სახელი დავიწყებას არასდროს მიეცემა.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი