გაცოცხლებული ისტორია – კუნძულ ტექსელზე ქართველი აჯანყებულების მემორიალური დაფა გაიხსნება
4 მაისი ქართული ემიგრაციისთვის კიდევ ერთ ისტორიულ დღედ ჩაიწერება. რამდენიმე დღის წინ, ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა სასიხარულო ამბავი გვაუწყა, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წლის აჯანყებაში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალური დაფა გაიხსნება. მემორიალზე ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცების გვარ-სახელებია ამოტვიფრული.
როცა ბრიტანელები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, გერმანიის ჯარები, ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე, აჯანყებული ქართველი მეომრების წინააღმდეგ ჯერ კიდევ დაუნდობელ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი.
აჯანყება 1945 წლის 5 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდში მოხდა და მას ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ სამხედრო მოქმედებად მიიჩნევენ. ეს 6-წლიანი კონფლიქტის სისხლიანი დასასრული გახლდათ, რომელიც იმ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არასდროს უნდა დავივიწყოთ.
4 მაისს დაგეგმილი ღონისძიება სწორედ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და მათი მივიწყებული სახელების გახსენებას მიეძღვნება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტექსელის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და საქართველოდან ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები მიიღებენ. პროექტის პარტნიორები და თანაორგანიზატორები საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიოს ქართველ-ებრაელთა მთავარი რაბინი- იაკობ გაგულაშვილი, ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” და კუნძულ ტექსელის ადგილობრივი თვითმმართველობაა.
თიკა სვანიძე-ვენკომ პროექტზე მუშაობა ტექსელის მოვლენების მკვლევარ, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილთან ერთად, 6 წლის წინ დაიწყო. რამდენიმე წლიანმა დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. მისი წყალობით, კუნძულ ტექსელზე ქართული დროშა აფრიალდება და ქართველი აჯანყებული ჯარისკაცების სახელი და გვარი მემორიალურ დაფას დაამშვენებს. სრულყოფილ ინფორმაციას, დაღუპული გმირების შესახებ, ნიდერლანდებში მცხოვრები ისტორიკოსი და მკვლევარი სულხან ამირანაშვილი ჰოლანდიელ მეგობარ ბენ კრალინგთან ერთად, წლების განმავლობაში იძიებდა.
მემორიალის დიზაინის ავტორი ბელგიის სამეფოში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე და რესტავრატორი დავით(დევი) ხმალაძეა. ხელმძღვანელობასთან ერთად, პროექტს ფინანსური მხარდაჭერა, თიკა სვანიძე-ვენკომ გაუწია.
“ეს იყო მესამე პროექტი, რომელიც 15 კაციანმა კომისიამ და მერიამ სიხარულით მიიღო. ბევრი შრომა, სირთულე, წინააღმდეგობა და დრო დაიხარჯა, მაგრამ, სადაც ერთობა, ერთგულება და სიყვარულია, იქ საქმე ყოველთვის გამარჯვებით გვირგვინდება. ეს ყველაფერი 2016 წელს დაიწყო. ნამდვილად არ იყო მარტივი, უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მომიწია, მაგრამ მიხარია, რომ მე ეს შევძელი! “, – ამბობს თიკა სვანიძე-ვენკო.
ქართველი ბიზნესმენი, ქველმოქმედი და ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი, თიკა სვანიძე-ვენკო, 20 წელზე მეტია, ნიდერლანდების სამეფოში ამერიკელ მეუღლესთან და სამ ვაჟთან – გიორგისთან, ლევანთან და თემურთან ერთად ცხოვრობს. Შვილებს ქართული სახელები დაარქვა და, დღემდე, ქართული სულისკვეთებითა და სამშობლოს სიყვარულით ზრდის. თიკა სვანიძე-ვენკომ, ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და ეროვნული საქმე განახორციელა. არასდროს იშურებს არც ენერგიას და არც საკუთარ ფინანსებს იმისთვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველივე ქართულის პოპულარიზაცია მოახდინოს. მიზანი მხოლოდ ერთია-საქართველოს უსაზღვრო სიყვარული. ეს სასიკეთო საქმეც სწორედ ამ სიყვარულმა შეაძლებინა.
პროექტზე ფიქრი 1999 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად, კუნძულ ტექსელს ეწვია. მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპულ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას ერთად მიაგეს პატივი. მაშინ უწმინდესს უთქვამს:
“თიკა, შვილო, შენისთანა ქართველები გადაარჩენენ საქართველოს. ოღონდ უნდა დაბრუნდე. შენი დედასამშობლო ყოველთვის გელის”.
ეს სიტყვები დღემდე მისი ცხოვრების თანამგზავრი და მთავარი მამოძრავებელია.
“მას შემდეგ არაერთხელ დავბრუნდი ტექსელზე. ეს კუნძული ხომ ნიდერლანდელი და ქართველი ხალხის მეგობრობის და, ასევე, იმ, ერთდროულად, გამარჯვებისა და ტკივილის სიმბოლოა, რომელიც მათ ერთად განიცადეს. მე და ჩემს პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანას, საქართველოს, ხშირად ერთნაირი ოცნებები გვაქვს და, როცა მათ ახდენას ვახერხებ, თითქოს ხელახლა ვიბადები”, – ამბობს თიკა სვანიძე-ვენკო.
დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ამ დროს, პირადად მინახავს მისი ანთებული თვალები და დარწმუნებულო ვარ, რომ ახლაც, როცა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნება, იგი კიდევ ერთხელ დაიბადება და ცხოვრებას ახალი გეგმებითა და ახალი შემართებით განაგრძობს.
ლიკა მაჩხანელი