საქართველოში ნაოსნობის უსაფრთხოება კანონმდებლობით დარეგულირდება

საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოება კანონმდებლობით დარეგულირდება.

„ტრანსპორტის სფეროში მართვისა და რეგულირების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც მთავრობამ მოამზადა, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილი ხდება. სატრანსპორტო უსაფრთხოება ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავ საშუალებებზე გავრცელდება.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განისაზღვრება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციას განახორციელებს.

მთავრობის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის საკითხები არ რეგულირდება, რაც უსაფრთხოების გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს.

“საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს არ არეგულირებს. შესაბამისად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები არსებობს, რაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკს უქმნის. საერთაშორისო პრაქტიკით შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებად სფეროს წარმოადგენს. მიზანშეწონილია საქართველოს კანონმდებლობაშიც არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად აქცევს და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამართლებრივ საფუძველს შექმნის”, – განმარტავენ მთავრობაში.

მათივე თქმით, პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი