თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას: რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე, ჩატარდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალურად მონიშვნის სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანიდან იწყება, გაივლის სოფელ სანიორეს მიმდებარე ტერიტორიას და მთავრდება სოფელ ნაფარეულთან.

გზის მიმდებარედ არის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ღვინის საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, კომერციული ფართები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, აფერხებდა გადაადგილებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 659 030 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.