სტარტაპ იდეების კონკურსი – „იდეადრომი“ მეექვსედ იმართება
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი – „იდეადრომი“ მეექვსედ დაიწყო. კონკურსის მიზანი ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების დახვეწა, განვითარება და რეალობაში დანერგვის ხელშეწყობაა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „იდეადრომის” ფარგლებში, შეირჩა 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი, რომლებიც პროფესიონალ მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ისწავლიან, როგორიც იდეის ვალიდაცია, პროტოტიპირება, ბიზნესმოდელის შექმნა, გუნდის მართვა, სტარტაპისთვის საჭირო ფინანსური თუ იურიდიული საკითხების გადაჭრა და ინვესტორებისთვის იდეის წარდგენაა.
ინტენსიური გადამზადების შემდეგ, გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომელთა საპრიზო ფონდიც – 10 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ „იდეადრომი“ უკვე 5-ჯერ, წარმატებით ჩატარდა და კონკურსის გამარჯვებულებმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლეს.
ლელა დევდარიანი