“ან უნდა იბრძოლო გამარჯვებისთვის, ან დეპრესიაში იყო და დამარცხდე” – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან 4 392 შემთხვევა 0-დან 15 წლამდე ბავშვია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2021 წლის მონაცემების თანახმად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე, 25 წლის ზემოთ ასაკის 71 525 შემთხვევიდან 38 598 კაცია, ხოლო 32 927 – ქალი. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა შორის ფსიქოაქტიური ნივთიერებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე 2 000-მდე პირია აღრიცხული. შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობა 25 252 პირს აქვს, ხოლო ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობები – 11 731-ს.

განწყობის კვლევისა და კორექციის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ამ ტენდენციების მეცნიერული შესწავლაა საჭირო, თუ როგორია ქვეყანაში ფსიქიკური დაავადების ზრდის დინამიკა, რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და სხვა.

როგორ უნდა ვებრძოლოთ სტატისტიკის ზრდას მოზარდებში? ომი და კრიზისები, როგორ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და შესაძლებელია თუ არა ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემების განწყობით მართვა? – ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მედია სააგენტო “24” -ს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

– რა შეიძლება იყოს, 15 წლამდე ბავშვებში, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის გამომწვევი?

– ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, შეიძლება გავამარტივოთ და ერთ მოვლენად წარმოვადგინოთ, როდესაც ადამიანი განიცდის მძიმედ იმას, რაც არ არის მძიმედ განსაცდელი, ან საერთოდ მძიმე განცდები აქვს. მაგალითად, დეპრესიული ან მანიაკური და ამ განცდებით ნაკარნახევ ქცევებს ასრულებს. როგორც წესი, მერე, არაადეკვატური განცდებით ნაკარნახევი ქცევებიც არაადეკვატურია. ადამიანი კონფლიქტურია, ნაყოფიერ მუშაობას ვერ ახერხებს, ადვილად იღლება და ა.შ.

– რა შემთხვევაში შეიძლება შეიძინოს 15 წლამდე მოზარდმა დეპრესიული ქცევები? ამის ერთ-ერთი მიზეზი არის თუ არა ინტერნეტდამოკიდებულება? სტრესული გარემოს აღქმა და ყოფითი პრობლემები, რამდენად წარმოადგენს მოზარდებში ფსიქიკური აშლილობის წყაროს?

– მთლად ცხოვრებაზე ნუ გადავიტანთ მიზეზებს. მაგ ასაკის ახალგაზრდებს, ყველა ქვეყანაში, თავიანთი ცხოვრება აქვთ და ჩვენი ცხოვრების სიმძიმე და სიმსუბუქე მათ ყოფა-ცხოვრებას, არც ამძიმებს და არც ამსუბუქებს დიდწილად. ეგ ასაკი არის გარდამავალი ასაკი, როდესაც ახალგაზრდა სხეულში ძალიან დიდი ძვრები მიმდინარეობს, ენდოკრინული სისტემა ფაქტობრივად ქარიშხალია მაგ პერიოდში. ეს აისახება ნერვულ სისტემაზე, ემოციურ მდგომარეობაზე და ძალიან მწვავე და ძლიერი ემოციებით ხასიათდება. ეგ ასაკი არის გარდამავალი ასაკი, რა დროსაც მწვავედ არის გამოხატული სიყვარული, სიძულვილი, მშობლების მიმართ ჯანყი და ა.შ. ძალიან ძლიერი გავლენა აქვს ამ პერიოდში ახალგაზრდაზე თანატოლების წრეს. ამიტომ, ძალიან ხშირად, ის, რაც მოდაშია მაგ ასაკში, მათ თანატოლებში, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თითოეულ მათგანზე.

“უფროსების ცხოვრების სტილმა, შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს ბავშვებზე”

თქვენ ახსენეთ მიჯაჭვულობა. თამაშებზე მიჯაჭვულობა ერთ-ერთი ის მოვლენაა, რომელსაც დიდი ადგილი აქვს ახალგაზრდებში. კომპიუტერული თამაშები, შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით უწყინრად გამოიყურებოდეს, მაგრამ გვაქვს საკმაოდ მძიმე ტიპის გავლენები ბავშვებისა ერთმანეთზე და რიგ შემთხვევებში, ეს გავლენები ძალიან მძიმე შედეგის მომტანია. გახსოვთ, ერთ ხანს ბავშვებში გავრცელებული იყო თამაშები – „ლურჯი ვეშაპი“ , რომლის შედეგად ბავშვები ხშირად, სიცოცხლეს ესალმებოდნენ? ამ ტიპის მოვლენა არ არის დიდების ცხოვრების ნაწილი. ეს ფენომენი ბავშვების სუბკულტურამ შექმნა, იქ წარმოიშვა, ჩამოყალიბდა და მათზე ახდენდა სწორედ გავლენას. ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრებისეული სიმძიმეები, მათ ნაკლებად ამძიმებთ, თუმცა, შეიძლება ჩვენი ცხოვრების სტილმა დიდი გავლენა იქონიოს მათზე. გააპროტესტებენ უფროსთან ურთიერთობას თუ არა, მიიღებენ უფროსების რჩევებს, თუ არა, ეს უფროსებზე არის დამოკიდებული. ბავშვები ასეთ ქცევებს არ აკონტროლებენ და არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ამ ასაკშია მაღალია ნევროზულობა, სულიერი განცდების სიმწვავე და ქცევითი აშლილობაც კი. ქცევითი აშლილობის ყველაზე მძაფრი გამოხატულება თვითმკვლელობაა. რაც ბოლო დროს, საქართველოში, ხშირად ვნახეთ. ეს ტრაგედიაა საზოგადოებისთვის.

– ყველა ეპოქაში არსებობს თაობათა შორის ჭიდილი, როცა უფროსებისგან რაღაც-რაღაცებს არ იღებენ ბავშვები, თუმცა, მეორე მხრივ მშობლების ახალი თაობა თავად უბიძგებენ ბავშვებს ინტერნეტდამოკიდებულებისკენ. იმის გამო, რომ ბავშვისგან ცოტა ხნით „დაისვენონ“, მშობლები, ხშირად, თავად აძლევენ ბავშვებს ხელში ტელეფონს, პლანშეტს და ა.შ. მშობლები, გაუცნობიერებლად, უბიძგებენ თუ არა შვილებს ასეთი მიჯაჭვულობისკენ?

– ესეც მსოფლიო პრობლემაა. ბავშვების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი სპეციფიკა არ არის. ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ დასავლეთის სტანდარტებზე, როდესაც დედასაც და მამასაც თავიანთი საქმე აქვთ და აღარ სცალიათ ბავშვებისთვის. საქართველოში ბებია-ბაბუის ინსტიტუტი არსებობდა და ახლაც, მეტ-ნაკლებად შემორჩენილია. თბილისს ნუ ჩავთვლით საქართველოდ, აქ უკვე მოიშალა ეს ინსტიტუტი, ქვეყნის რეგიონებში ჯერ კიდევ არის. ცხოვრების წესი აიძულებს უფროსებს, გადაანაწილონ თავიანთი ყურადღება და აღარ რჩებათ უკვე დრო ბავშვებისთვის, ბავშვებიც რჩებიან კომპიუტერებთან.

– თანამედროვე ცხოვრებამ შეცვალა მოთხოვნებიც. საჭიროა თუ არა მეტი ყურადღება იყოს გადატანილი ბავშვისთვის ოჯახური გარემოს შექმნაზე?

– პრობლემა არ არის მარტო ინტერნეტში. ნებისმიერი მიჯაჭვულობა ქცევითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. აზარტულ თამაშებზე, როცა არის მიჯაჭვული ადამიანი, არც ეს არის ნორმალური ქცევა. ეს პრობლემა ზოგადად მსოფლიოში არის მოუგვარებელი და ყველა ქვეყანა თავისი ტრადიციებითა და კულტურით მოქმედებს. ისლამური სამყარო სხვანაირად იქცევა, შორეული აღმოსავლეთი – ჩინეთი და ინდოეთი სხვადასხვანაირად იქცევიან. ოჯახის კულტი იქაც სხვანაირია. აღმოსავლეთში „მრავალსართულიანი“ ოჯახებია – რამდენიმე თაობის ადამიანი ერთად, ამიტომ, ბავშვების მიმართ ყურადღება სხვადასხვა თაობიდან მოდის და ბავშვი არ გრძნობს მარტოობას. ბავშვის ასეთი მარტოობა, რაც ევროპისთვის არის დამახასიათებელი, გარდა იმისა, რომ ბავშვი სწორად იქცევა თუ არა, იმ პრობლემასაც შეიცავს, რომ ამ პროცესში ბავშვს უჩნდება ემოციის დეფიციტი. თითოეულ ჩვენგანს და ბავშვს განსაკუთრებით სჭირდება სითბო, ჩახუტება, ემოცია, როცა ამით არ არის განებივრებული ბავშვი, მას სითბოს დეფიციტი უჩნდება და მერე ეს დეფიციტი აჩენს გინდ ფსიქიკური და გინდ ქცევითი აშლილობის სტიმულს, რაც მერე პრობლემად ყალიბდება.

“90 -იანი წლების შემდეგ, მთელი რიგი დაავადებების დინამიკა მზარდია”

– რაც შეეხება 25 წლის ასაკის ზემოთ ადამიანების სტატისტიკას, ამ შემთხვევაში, რით შეიძლება ავხსნათ საქართველოში ასეთი მდგომარეობა?

– უნდა ვნახოთ როგორია დინამიკა. სავარაუდოა, რომ 90 -იანი წლების შემდეგ მთელი რიგი დაავადებების დინამიკა მზარდია. ეს არის ე.წ. ფსიქო-სომატური დაავადებები, ანუ ის დაავადებები, რომლებსაც ფსიქოლოგიური წარმომავლობა აქვთ. სწორედ იმიტომ, რაც თქვენ დასაწყისში თქვით, – მძიმე ცხოვრების, ემოციურად დაძაბული ცხოვრების შედეგად, უნდა იყოს გაზრდილი გულ-სისხლძარღვების პათოლოგიები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია და ონკოლოგიური დაავადებები. ოღონდ ეს შესასწავლია, თუ როგორია ეს დინამიკა. თავისთავად, როდესაც ნევროზული მდგომარეობა არის, ეს დაავადებები იჩენს თავს. არასწორად, რომ არ ვიყო აღქმული, ეს მდგომარეობა არ არის დამოკიდებული ობიექტურად ხალხი ცუდად არის თუ კარგად. ეს მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, ადამიანები საკუთარ თავს აღიქვამენ ცუდად მყოფს, კარგად მყოფს, თუ ნორმალურად მყოფს. ომების დროს, ყველა სხვა ტიპის ნევროზები ქრება, თითქოს ომის ტრაგედიებით გარემოცული ადამიანი გადადის რეჟიმზე, – რა დროს წვრილმანებზე ნერვიულობაა? – თითქოს, რადგან ხედავს, რომ მის გვერდით სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება, სხვა ყველა პრობლემა მისთვის ფასს კარგავს. ასეთ დროს ადამიანს არ ახასიათებს ნევროზულობა იმის გამო, მისი პარტიის ლიდერი ევროპული ორიენტაციისაა თუ რუსულის, ჭკვიანია თუ სულელი. რაზედაც ბევრი ემოცია იხარჯება ჩვენთვის ჩვეულ გარემოში, იმ საკითხების დიდ ნაწილზე ომის პირობებში ემოციები აღარ იხარჯება. იმიტომ, რომ ძირითადი ემოციები მიბჯენილია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე და სხვათა შორის, ფსიქოსომატური დაავადებებიც იკლებს. ობიექტურად, ომის პირობებში ცხოვრება ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს არ აისახება ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მაგრამ, როდესაც სუბიექტურად არის ცხოვრება მძიმე – ადამიანი შეიძლება საკუთარ სახლში იჯდეს და ტანჯავდეს იმის განცდა, რომ ის არავის სჭირდება, რომ ის მარტოა, იგი არავისთვის არის ღირებული და ა.შ. ამ ემოციებით მან შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს თავი და ამ დროს, ობიექტურად მის ცხოვრებაში საშინელი არაფერი ხდება. ჩვენ ძალიან ხშირად, დღეს, სწორედ სუბიექტური მხარის დამძიმებით ცუდ სამსახურს ვუწევთ საზოგადოებას. სულ გვაქვს პანიკა, – ვაი რა ცუდად ვართ! ამ ქვეყანაში ცხოვრება არ შეიძლება და სხვა. განცდა, რომ – „ამ ქვეყანაში ცხოვრება არ შეიძლება,“ – ჩანს იქიდან, რომ მიგრაციაა ძალიან მაღალი. ე.ი მათთვის ეს ქვეყანა უარყოფითი ემოციის წყაროა, მაგრამ ჩვენვე ვკარნახობთ ამ ემოციას ადამიანებს და საკუთარ თავსაც და ვუბიძგებთ სულიერი კრიზისებისკენ, რასაც მერე სხეულის კრიზისიც მოჰყვება.

– ომისა და კრიზისების ნეგატიური გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, ადრე თუ გვიან, იჩენს თუ არა თავს?

– საქართველოს ისტორია ომების ისტორია იყო, ხმალი არ გაუგდია ქართველს ხელიდან. ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატი დადო იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, 800 000 ქართველიღა იყო საქართველოში. ამ ფონზე ისტერიკა, – უი, რა ცუდი ცხოვრებაა! – არ ჩანს, არც ისტორიაში და, არც იმ ნაწარმოებებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. დეპრესიულობა არ ჩანს ქართულ გინდ პოეზიაში, სიმღერაში, ხელოვნებაში, რა დეპრესიულ მდგომარეობაშიც ახლა ვართ. 90-იანი წლების შემდეგ, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამდენი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა და ამაზე ერთი წესიერი ლექსი და სიმღერა არ დაიწერა. შემოქმედებას თრგუნავს დეპრესია. საუკუნეების განმავლობაში ქართული ხალხური პოეზია და ფოლკლორი ვითარდებოდა სწორედ იმიტომ, რომ ეს ხალხი დეპრესიაში არ იყო. ისინი იბრძოდნენ, ბრძოლაში იყვნენ და არა დეპრესიაში. ერთდროულად დეპრესიაში ვერ იქნები, როცა იბრძვი. ან უნდა იბრძოლო გამარჯვებისთვის, ან დეპრესიაში იყო და დამარცხდე. ჩვენ დამარცხების განწყობილების ხალხად ჩამოვყალიბდით, ეს დამარცხების განწყობაა, რაც ადამიანებს უბიძგებს დაავადებებისა და მიგრაციისკენ, არის მესამე გზა – ნარკომანია, რომელიც დიდი ხანია პრობლემაა. ნარკომანია დეპრესიული, მარცხიანი ადამიანის განაჩენია საკუთარი თავისთვის გამოტანილი. აქტიური, მებრძოლი ადამიანები უმეტესწილად ნარკომანები არ ხდებიან, როცა საბრძოლო რეჟიმში გადადის ადამიანი, მისთვის მთავარია მაჟორული განწყობები. ჩვენ ისტორიულად არ ვართ დეპრესიული ერი, მაგრამ, როცა 200 საუკუნე რუსეთის ქვეშ ვიყავით, ქვეყანამ დაკარგა ბრძოლის აუცილებლობა. ამიტომ გაჩნდა სხვა ფორმები, მაგალითად, მაგ პერიოდში გაჩნდა ქართული სუფრის გავრცელებული ფორმა – გრძელი სიტყვები, თამადა უამრავი სადღეგრძელოთი. ეს ამ პერიოდის პროდუქტია. სად ჰქონდათ ქართველების ამის დრო? ეს არის თავადებში გაჩენილი ცხოვრების წესი.

“ძალიან დიდი როლი აქვს ეკლესიას და შველის ძალიან ბევრ პრობლემას”

– თანამედროვე ცხოვრებაში ფსიქოლოგთან ვიზიტები ძალიან მოდური გახდა, ყველა დაავადება ნევროზად იფუთება…

– იყო პერიოდი, როდესაც არ არსებობდა ფსიქოლოგის ინსტიტუტი და ადამიანები პოულობდნენ საშუალებებს, რომ სულიერი სირთულეები დაეძლიათ. ასეთი საშუალებები იყო ხელოვნება, კულტურა, ურთიერთობები. დღეს ეს ურთიერთობები გაღარიბდა. მაინც ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანი ეცადოს თვითონ დაძლიოს საკუთარი პრობლემები, თორემ, მერე გაჩნდება ფსიქოლოგზე მიჯაჭვულობა და როგორც ნარკოტიკს და აზარტულ თამაშებს ეჯაჭვებიან ადამიანები, ისე მიეჯაჭვებიან ფსიქოლოგსაც. დასავლეთში ძალიან ხშირად სწორედ ასეთი მიჯაჭვულობის შედეგია, რომ შეძლებული ადამიანები დადიან ფსიქოლოგებთან.

– როგორია ამ შემთხვევაში ეკლესიის როლი? ბევრისგან გამიგია, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების დროს ეკლესიისთვის მიუმართავთ და ეს პრობლემა დაუძლევიათ.

– ძალიან დიდი როლი აქვს ეკლესიას და შველის ძალიან ბევრ პრობლემას. ნარკომანებთან მუშაობა ეკლესიის წარმომადგენლებისა, ძალიან პროდუქტიულია. ეკლესია უბრალოდ კარს უღებს ამ ადამიანებს და მათი კალთის ქვეშ ეს მიდრეკილება მინიმუმამდე დადის. მაინც ერთი პრობლემა რჩება. სასულიერო პირებმა ბევრი ისეთი რამ არ იციან, რაც ფსიქოლოგმა იცის. ეკლესიას აქვს თავისი ეთიკური სტანდარტი, მაგრამ ცოდნაც უნდა იმას, თუ როგორ დაეხმარო მეორე ადამიანს.

– და მაინც, რას გვირჩევთ? ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების გზა არის თუ არა ჩვენივე განწყობა?

– ორივე გზა ჩვენშია. ოღონდ ეს რესურსი, რომელიც ჩვენშია, რომელიღაც განწყობისეული მექანიზმით უნდა ამოქმედდეს. ადამიანმა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ იცის, როგორ უნდა გამოიყვანოს საკუთარი თავი სტრესიდან. შესწავლილიც არის ეს სტრატეგიები, თუ რა სტრატეგიებით გამოჰყავს ადამიანს სტრესიდან თავისი თავი, ხან მეგობრებთან ურთიერთობით, ხან მუსიკით და ა.შ. საკმაოდ მცირე პროცენტია ისეთებისა, რომლებსაც კრიზისიდან თავი ფსიქოლოგის დახმარებით გამოჰყავთ. არც ფსიქოლოგიას აქვს დაგროვილი ჯერ საიმისო ცოდნა, რომ ადამიანი ერთ დღეში გააბედნიეროს, მაგრამ ის, რომ ადამიანშია ამის რესურსი, ამას გვეუბნება ერებისა და ქვეყნების მთელი კულტურა. მაგალითად, ბუდიზმი, იგივე ინდუიზმი, იოგა, ადამიანებს ვარჯიშებით, მედიტაციით, საკუთარ სულიერ სამყაროსთან ურთიერთობით თვითონ გამოჰყავთ საკუთარი თავი კრიზისიდან. იაპონიაში არის ე.წ. მორიტა თერაპია, რომელიც იაპონურ კულტურაზეა დაფუძნებული. ეს მეთოდი გულისხმობს საკუთარი სტრესის წინააღმდეგ საკუთარი ძალებით ბრძოლას. ადამიანმა თვითონ უნდა მონახოს ძალები საკუთარ თავში.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

პოდკასტი