“ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი გახდა – “ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენიმ გუნდი ნაწილ-ნაწილ ააწყვეს”

ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში, „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობისთვის, ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, იტალიის ჩემპიონი გახდა.

უდინეს „დაჩია არენაზე“, სტუმრებს 10 ათასამდე ნეაპოლელი გულშემატკივარი ამხნევებდა. „ნაპოლიმ“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-13 წუთზე, მასპინძლები სანდი ლოვრიჩის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მათი მოგებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შესვენების შემდეგ, „ნაპოლიმ“ ანგარიში მალევე გაათანაბრა. 52-ე წუთზე კვარაცხელია-ოსიმენის წყვილმა, თავისი საქმე მაინც გააკეთა და სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ, კარში ხვიჩამ დაარტყა, დამატებაზე კი, ნიგერიელმა თავდამსხმელმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ხვიჩა 86-ე წუთზე, აპლოდისმენტების ფონზე შეცვალეს, მატჩი კი, ანგარიშით 1:1 დასრულდა. 33 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლიმ“ 80 ქულა დააგროვა, მეორე ადგილოსანი „ლაციო“ (64) მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა და იტალიის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველივე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ,,ნაპოლის“ ამ წარმატებას, ბევრი ცნობილი და ავტორიტეტული გამოცემა გამოეხმაურა. ამჯერად, “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიას შემოგთავაზებთ, რომელშიც სააგენტო ქართველი ფეხბურთელის წვლილზე ამ წარმატებაში, ბევრს საუბრობს.

“ვაშინგტონ პოსტი” წერს:

“როდესაც ლორენცო ინსინიემ, დრის მერტენსმა და კალიდუ კულიბალიმ „ნაპოლი“ დატოვეს, ბევრს ეგონა, რომ სერია A-ში გამარჯვების რეალური შანსი, მათთან ერთად წავიდა. ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სრულიად უცნობი ქართველი გარემარბი და ნაკლებად ცნობილი ნიგერიელი თავდამსხმელი, გუნდის ნაწილ-ნაწილ აწყობასა და მის მწვერვალზე აყვანას შეძლებდნენ. რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს თანაგუნდელებიც დაეხმარნენ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს ორი ფეხბურთელი იყო ის მთავარი ფიგურა, რომლებიც „ნაპოლის“ „უდინეზესთან“ შეხვედრის ფრედ (1:1) დასრულებასა და ტიტულის მოპოვებაში დაეხმარნენ.

ეს არის „ნაპოლის“ პირველი ტიტული მას შემდეგ, რაც დიეგო მარადონამ კლუბი პირველ ორ ჩემპიონობამდე 1987 და 1990 წლებში მიიყვანა. „ნაპოლიში“ ბევრს არაფერს ელოდნენ, როცა მარცხენა ფლანგზე, ინსინიე 22 წლის კვარაცხელიამ შეცვალა. დრიბლინგების ქართველმა ოსტატმა, კლუბში თავისი პირველი გოლი სერია A-ში აგვისტოში, სადებიუტო მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა.

თავისი უნარების გამო, სწრაფადვე შეარქვეს მეტსახელი – „ნაპოლის“ გმირის, დიეგოს მარადონას სახელის მიხედვით. მას „კვარადონა“ უწოდეს. როცა კვარაცხელიას გოლი ვერ გააქვს, ამაში სხვებს ეხმარება და ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტია – 10 პასით. “კვარას” გადაცემებით, ძირითადად, ოსიმენი იტანს – 24 წლის ნიგერიელი სერია A-ს ბომბარდირთა დავაში, 22 გოლით ლიდერობს. მან „ნაპოლიში“ საკუთარ რეკორდს (გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა), უკვე გადააჭარბა.

ლუჩანო სპალეტის გუნდის წარმატებაში წვლილი, სხვა ფეხბურთელებმაც შეიტანეს: „ნაპოლის“ ამ სეზონში ლიგაში ყველაზე მეტი, 69 გოლი აქვს გატანილი. სეზონის წინ გუნდმა დაიმატა კიმ მინ-ჯაე, როგორც კულიბალის შემცვლელი საიმედო მცველი. სამხრეთკორეელი ცენტრალური მცველი სწრაფად შეეგუა იტალიურ ცხოვრებას და სექტემბერში სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

„ნაპოლიმ“ სამხრეთ იტალიას „სკუდეტოს“ ტიტული პირველად მოუტანა მას შემდეგ, რაც „რომა“ ჩემპიონი 2001 წელს გახდა. მას შემდეგ ტიტულებს „იუვენტუსი“ და მილანური გუნდები – „მილანი“ და „ინტერი“ ინაწილებდნენ. დიდი სამეულის დომინირება „რომას“ გარდა, მხოლოდ „სამპდორიამ“ (1991) და „ლაციომ“ (2000) დაარღვიეს მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ ბოლო (1990) წარმატება იზეიმა“.

„ნაპოლის“ ჩემპიონობას ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც გამოეხმაურა და გუნდს ჩემპიონობა მიულოცა.

„33 წლის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია! ეს სერია A-ს მესამე ტიტულია მათ ისტორიაში. ის ასევე პირველია ლეგენდარული დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ. გილოცავ, „ნაპოლი“, – წერს ფაბრიციო რომანო.

19-წლიანი პაუზის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიური ფეხბურთის უმაღლესი ტიტული მოიპოვა და ჩემპიონი გახდა.

პირველი ქართველი, ვინც „სკუდეტო“ მოიგო, კახა კალაძე იყო – საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი „მილანში“ 2001-2010 წლებში გამოდიოდა. ამ პერიოდში კალაძემ იტალიასა და საერთაშორისო საკლუბო დონეზე, ბევრი ტიტული მოიპოვა, თუმცა, იტალიის ჩემპიონი „მილანში“ მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს გახდა.

სალომე ხომასურიძე

 


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი