“ნაპოლი” ჩემპიონია – “სტადიო მარადონაზე” საქართველოს დროშა გამოჩნდა

ბოლო დღეებია, იტალიური მედია, მხოლოდ ერთ რამეზე წერს. ნეაპოლი ზეიმობს – 33 წლის შემდეგ, “ნაპოლი” კვლავ იტალიის ჩემპიონია.

ასეთი მოვლენები ყოველთვის სასიამოვნოა, ხედავ ადამიანებს, რომლებიც ბედნიერებისგან ტირიან და მათი დღესასწაული სხვა ადამიანებისთვისაც საერთო ხდება. ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს კი, ნამდვილად აქვს მიზეზი “ნაპოლის” წარმატება უხაროდეს. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიელთა გულები დამსახურებულად დაიპყრო. ქართველმა შემტევმა შეძლო და მთელი მსოფლიო აალაპარაკა და ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან შედარებაც კი დაიმსახურა.

იტალიის ქალაქ ფლორენციის ნაკრებ “ფიორენტინასთან” მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ, გუშინ ღამით, “სტადიო მარადონაზე” “ნაპოლის” ჩემპიონობა აღინიშნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს დროშით გამოჩნდა. მაყურებელი მას განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ, “ნაპოლიმ” პირველი მატჩი მასპინძლის როლში, “ფიორენტინასთან” გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ნეაპოლელებმა ერთადერთი გოლი, ქართველი თავდამსხმელის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანეს, რომელიც 74-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა და „ნაპოლის“ სამი ქულა მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ 34 ტურის შემდეგ, “ნაპოლიმ” 83 ქულა მოიპოვა და მეორე ადგილოსან “იუვენტუსს” 17 ქულით ასწრებს. გუნდი იტალიის ჩემპიონია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ- 5 ლიგაში პირველი მოთამაშეა, ვინც ე.წ. ორმაგი დუბლი შეასრულა. 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, პირველივე სეზონში საკმაოდ წარმატებულად ითამაშა. მის ანგარიშზე კი, 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

“ყველაზე ჯადოსნური ღამის” კვალდაკვალ იტალიური პრესა წერს:

“გაიმარჯვა ყველაზე ლამაზმა გუნდმა, უძლიერესმა, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, საუკეთესოდ დაიცვა. არავის არასოდეს დაუპყრია სკუდეტო (scudo – ფარი, რომლის მფლობელი ხდება სერია A-ს გამარჯვებული. რედ.) ასეთი აშკარა სიმარტივით. ეს ჩემპიონატი არ იყო დიალოგი – ეს იყო ერთი გუნდის ერთი გრძელი და სანახაობრივი მონოლოგი.

სიმსუბუქე უდავოდ იყო ლუჩიანო სპალეტის სრულყოფილი ჩემპიონატის ფუნდამენტური ელემენტი. მას აქვს უნარი, რამაც ის დიდი და, შესაბამისად, რთული კლუბების სკამებზე დასვა, მაგრამ თავისი შედევრები ყველგან შექმნა, დაგვანახა, რომ თავისი საქმით გატაცებულია. პოსტრევოლუციურ “ნაპოლიში” მან ადვილად შეძლო თავისი უძლეველი მექანიზმის ნაწილების აწყობა. ოსიმენით – შესანიშნავი, მიუწვდომელი და არაპროგნოზირებადი თავდამსხმელით დაწყებული, კვარაცხელიათი – დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელით დამთავრებული, რომელიც სპალეტიმ დახვეწა მანამ, სანამ არ გახდებოდა ევროპული დონის მთავარი გმირი. შემდეგ კი, ლობოტკა, ანგისა, კიმი, პოლიტანო და მერეტი, რომლებსაც შარშანდელი კრიტიკა წამითაც არ შეხებია. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობები არ გაუმდიდრებია სპალეტის ხელში. მან შექმნა სრულყოფილი მანქანა”, – წერს “La Gazzetta dello Sport”-ი.

იტალიური გაზეთები დღეს, ოდებს უმღერიან “ნაპოლისა” და მის გმირებს, რომლებმაც ათასობით გულშემატკივარს დადებითი ემოციები აჩუქეს და რასაც, არასოდეს დაივიწყებენ.

“კვარა და ოსიმენი წარმოადგენენ ამ გუნდის მანიფესტს, რომელმაც ზაფხულში გაბედული არჩევანი გააკეთა – უარი თქვა კულიბალისა და ინსინიეზე, მერტენსსა და ფაბიან რუისზე. ეს არის პოლიტიკური და კულტურული შემობრუნება კომპეტენციის სახელით. 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემა: თბილისელი ბიჭი ამტკიცებს, რომ ფეხბურთს შეუძლია ემოციებისა და ტიტულების მოტანა ფინანსური არასტაბილურობის გამოწვევის გარეშეც კი”, – წერს “Corriere dello Sport”-ი.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი, „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია, „სტადიო მარადონაზე“ გამართულ დიდ ზეიმსა და ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს სახელმწიფო დროშით გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ნეაპოლის დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, „ნაპოლის” გაჩემპიონების ცერემონიალზე, რამხელა ოვაციებით შეხვდნენ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა ზურგზე მოსხმული. იტალიის გარდა ტელესიგნალი მთელს მსოფლიოში გადაიცემოდა. რამხელა სიამაყეა მთელი საქართველოსათვის! როგორ შეიძლება ამ ბიჭს „ჰეითერები“ ჰყავდეს? ვერასოდეს და ვერაფრით ვერ გავუგებ მათ“, – წერს ზაზა შენგელია.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი