სასკოლო ექსკურსიებისთვის 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო ექსკურსიების გამართვისას 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნება და სკოლებს ნებისმიერი მიმართულებით შეეძლებათ ექსკურსიის მოწყობა. ამასთანავე, ძალაში რჩება ყველა ის რეკომენდაცია, რაც აქამდე იყო შემუშავებული. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვანები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღის ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს. ასევე, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების, პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. ამის შემდეგ, სკოლის დირექტორი წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ორგანიზატორს ექსკურსიის განხორციელების უფლება.

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროების შესახებ. ასევე, ფლობდეს მშობლის წერილობით თანხმობას, ექსკურსიაში მისი შვილის მონაწილეობის შესახებ, თუ ბავშვს წარმომადგენელი თან არ ახლავს.

სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი. უნდა იყოს განთავსებული პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა. ხოლო, კვების პროდუქტები სანიტარული პირობების დაცვით უნდა წაიღონ.

სასკოლო ექსკურსიების გამართვისას შეზღუდვები შარშან დაწესდა და სკოლებს უწევდათ, მარშრუტი ისე დაეგეგმათ, რომ მანძილი 150 კმ-ზე მეტი არ ყოფილიყო, რასაც მშობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

როგორც მაშინ სამინისტროში განმარტავდნენ, მანძილის შეზღუდვა მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით იყო განსაზღვრული და ამავდროულად, სკოლებისთვის სარეკომენდაციო ხასიათის გახლდათ. გათვალისწინებული იყო კორონავირუსით გამოწვეული ეპიდვითარებაც.

წლეულს აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და სკოლებს ნებისმიერი მიმართულებით შეეძლებათ ექსკურსიის მოწყობა. ამასთანავე, ძალაში რჩება ყველა ის რეკომენდაცია, რაც ზემოთ არის განმარტებული.


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

პოდკასტი