9 მაისს ქართული ძიუდოს პატრიარქი ბიძინა მაზიაშვილი დაიბადა

ქართული ძიუდოს ფუძემდებლის, ღვაწლმოსილი ბიძინა მაზიაშვილის შესახებ მისი შვილი, ჟურნალისტი მანანა მაზიაშვილი გვიამბობს.

“ყველას თავისი 9 მაისი აქვს. ჩვენთვის ეს დღე მამას დაბადების დღით იწყებოდა. ასეა დღესაც. 95 წლის გახდებოდა”, – ამბობს მანანა მაზიაშვილი.

– იცით ეს ვინ არის? ბიძინა მაზიაშვილის შვილია, – ათეული წლებია, ეს კითხვა-პასუხი მესმის და დღესაც პატარა ბავშვივით მიხარია. უბრალოდ, ბოლო დროს ამ პასუხს მოსაუბრის არაფრისმთქმელი გამოხედვა ემატება, რასაც ყოველთვის მოსდევს ძიუდოს მოყვარულის დამატებითი განმარტებები: გახსოვთ, ძიუდოს პაპა, ქართული ძიუდოს ფუძემდებელი, დიდი მწვრთნელი… ვიღაცას ახსოვს, ვიღაცას არც გაუგია ძველი სახელი და რას გაიხსენებს?! წლები თავისი გზით მიდიან, მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეუძლიათ და ასე მგონია, ბიძინა მაზიაშვილი ის სახელია, რომელსაც სიძველე ძალიან უხდება და წლებმაც ვერაფერი წაართვა. ვერც ჩემს მოგონებებს აკლებენ რამეს, რადგან ეს იგივეა, დრომ ცხოვრება მოგტაცოს და აღარ გახსოვდეს, საიდან მოდიხარ… ხსოვნით კი ბევრი რამ მახსოვს.

შინ და გარეთ საქმეს ეძებდა. არც თვითონ დაისვენებდა და არც სხვას მოასვენებდა. „შენ დასაქმების ბიუროს უფროსად ვინ დაგნიშნა?”, ბრაზობდა ხოლმე დედაჩემი. „მუშაობით მკვდარი არავინ მინახავს, უსაქმობით გაფუქსავატებული, რამდენიც გინდაო”, უპასუხებდა. ზარმაცებს ვერ იტანდა და ცდილობდა, თავის გარშემო ასეთი არავინ გაეჩერებინა. ერთხელ თბილისის საავიაციო ქარხნის დირექტორს მიაკითხა, დიდი სათხოვარი მაქვსო. დირექტორმა, რომელსაც ახლოს იცნობდა, იხუმრა, თვითმფრინავის აწყობა ხომ არ უნდა მთხოვოო?! „ორი პატარა თოხის პირი უნდა გამომიჭედო, შვილიშვილებისთვის მინდა. მთელი საბჭოთა კავშირი შემოვიარე და საბავშვო თოხები ვერსად ვიშოვე. ტარები არ მინდა, მაგას კახეთშიც გამომითლიანო”, – უთქვამს მამას.

მერე კახეთში ჩასული სადაც წავიდოდა, ბაღჩაში, ვენახში თუ შირაქში, ყველგან თან დაჰყავდა ბიჭები საავიაციო ქარხანაში გამოჭედილი თოხებით. იქაურები სიცილით იხოცებოდნენ, ბიჭო, მაგ ქალაქელ ბალღებს რას აწვალებ, თოხი რაში გამოადგებათო. „ათი წლის მერე მკითხეთ, რაში გამოადგათო და გიპასუხებთ”, – ათ წელს კიდევ ათი მიემატა, კიდევ ცოტა მეტი… დღეს ბიჭებმა ზუსტად იციან, რათ „აწვალებდა” ბალღებს პაპა და როგორ გამოადგათ მისი გაკვეთილები.

უღალატო კაცი იყო, კაცის და საქმის ერთგული. თუ საჭირო იყო, ოჯახსაც მოაკლებდა ყურადღებას, დროს, ფულს, საქმეს კი – არასოდეს არაფერს.

მისი მთავარი საქმე ქართული ძიუდო იყო და მისთვის არაფერი ენანებოდა. ქალაქელებმა ჭიდაობა არ იციანო, ასე სჯეროდა. ცოდნაში სიყვარულსა და თავგანწირვას გულისხმობდა. ამიტომ სოფელ-სოფელ, კუთხე-კუთხე დადიოდა და ისე ეძებდა „ნაღდ ბიჭებს”, რომლებიც მერე ტატამზე ისე „შეჭამდნენ” მოწინააღმდეგეს, თვალსაც არ დაახამხამებდნენ. ვისაც იპოვიდა, თბილისში მოჰყავდა და წვრთნასთან ერთად, მისი ყველა ყოფითი პრობლემის მოგვარებასაც თვითონ ითავსებდა: სახლი, სწავლა, სამსახური, ურთიერთობები, ყველაფერი მისი საზრუნავი იყო. ამას ისეთი ხალისითა და პასუხისმგებლობით აკეთებდა, როგორც მოსიყვარულე მრავალშვილიანი მამა. ხანდახან მშურდა კიდეც ამ ბიჭების, როცა შეკრებაზე წასული ერთი თვის თავზე შინ დაბრუნდებოდა და მათ ყოველდღიურ ამბებს დაწვრილებით გვიყვებოდა. „ჩემი გაზრდილია!” – ამის თქმაც ძალიან ეამაყებოდა. გაზრდილები ასობით იყვნენ. ამიტომ არსად არაფერი უჭირდა, თავისი ამაგი და სიკეთე ყველგან წინ ხვდებოდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ტოტალური ფინანსური პრობლემები იყო, მათ შორის, სპორტის დეპარტამენტშიც, სპორტულ შეკრებებს თავისი ხარჯით და ახლობლების დახმარებით აწყობდა. ჩავიდოდა კახეთში, მიადგებოდა ნათესავს, მეგობარს, კარგ ნაცნობს, ჩაუწყობდნენ, სურსათ-სანოვაგეს, პროდუქტებს, იმდენს, მადაზე მყოფ მოჭიდავეებს ერთი თვე რომ ეყოფოდა. ავიდოდა ბაზალეთის სპორტულ ბაზაზე, იქ კარგი ხალხი მუშაობს, ბევრს არ გადაგვახდევინებენო და იწყებოდა მისთვის ყველაზე საყვარელი საქმე – შეკრება.

თოთხმეტი წლის წინ, როცა მამა დავკრძალეთ, შინ მობრუნებულ ზღვა ხალხს თამადამ მიმართა: „ბიძინა მაზიაშვილის გაზრდილები, პატივისცემის ნიშნად, მის სულს ფეხზე წამოვუდგეთო”. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, აქა-იქ თითო-ოროლა ჭირისუფალიღა იჯდა გაუნძრევლად და წამომდგარ გოლიათებს შორის აღარც ჩანდნენ.

იმდროინდელი ამბებიდან ერთსაც გავიხსენებ. მამა კახეთში ყოფნისას გარდაიცვალა. მისი მეორე დიდი სიყვარული მშობლიურ სოფელში ყოფნა და მიწაზე მუშაობა იყო. სადაც უნდა წასულიყო, მსოფლიოს რომელ კუთხეში, ყოველთვის უკან, მაჩხაანში ბრუნდებოდა და ყველაზე ბედნიერი იქ იყო. დაკრძალვამდე რამდენიმე დღით ადრე სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები თბილისში გადასვენების საკითხებზე სასაუბროდ მოვიდნენ. გაგვიკვირდა, ეს ამბავი ფიქრადაც არავის გაუვლია, მამასთვის ყველაზე დიდი პანთეონი თავისი სოფლის საგვარეულო სასაფლაო იქნებოდა. „ეგეთები ვართ, ყველა მაზიაშვილი ბოლოს აქ ბრუნდებაო”, იტყოდა ხოლმე და არც თუ უმიზეზოდ. მაზიაშვილებს მთელ საქართველოში ეძებდა. ყველა ჩემი სისხლი და ხორციაო. გაიცნობდა, დაინათესავებდა, ჰქონდა ერთი მისვლა-მოსვლა და მერე ჩვენ ვეღარ ვარჩევდით, ვინ ალალი ბიძაშვილი იყო და ვინ, გვიან ნაპოვნი.

საქართველოში თუ მაზიაშვილებს ეძებდა, საქართველოდან გასული – ქართველებს და მიაჩნდა, რომ უცხო ქვეყნებშიც საკუთარ სისხლსა და ხორცს დაეძებდა… მიუხედავად იმისა, რომ გუნდს, როგორც წესი, საბჭოთა კაგებე-ს წარმომადგენელი თან მიჰყვებოდა და ყველა მათგანს აკონტროლებდა. ახლობლების გაფრთხილებებს ასე პასუხობდა: „კაგებე რომ დაგვყვება, თან ოცი წელია, იმიტომაც იციან ზუსტად, ვინ რისი გამკეთებელია. რა უნდა მითხრან? დარბაზში მოსულ ქართველს თუ დაველაპარაკები, ჩემს ქვეყანაზე კარგის მეტს რას ვეტყვიო”. ამ ოპტიმისტურ გამოსვლას ხშირად დედაჩემის რეპლიკა მოსდევდა: „ძალიან კახურად კი გამოგდის. რასაც უნდათ, იმას გეტყვიან, ვინ დაუშლით, მაგრამ მგონი, მართლა კარგად გიცნობენ, იციან, მაჩხაანს იქით წამსვლელი რომ არა ხარო”.

ერთ-ერთი ასეთი, დარბაზში „ნაპოვნი” ქართველი ორესტი გორდელაძე იყო. იგი პირველი თაობის ემიგრანტის ოჯახში თურქეთში დაიბადა. მერე საფრანგეთში დამკვიდრდა, პარიზში ცხოვრობდა საქართველოსა და ქართველებზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი. როცა გაიგებდა, ევროპის რომელსამე ქალაქში სპორტული შეჯიბრება იმართება და ქართველებიც მონაწილეობენო, მაშინვე იმ ქალაქში გაჩნდებოდა და არც ერთ მათ გამოსვლას არ გამოტოვებდა. უფრო ხშირად ძიუდოისტებთან უხდებოდა მისვლა, რადგან, როგორც წესი, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრები ქართველებით იყო დაკომპლექტებული. მამაც ერთ-ერთი ასეთი ჩასვლის დროს გაიცნო. დამეგობრდნენ. 1975 წელს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვიდა, მამამ შინ დაპატიჟა, ჩვენს პატარა, მოცუცქნულ სახლში. ჩვენი უხერხულობა, პარიზელი სტუმარი აქ როგორ მოიწვიეო, თვითონ ორესტი გორდელაძის ცრემლნარევმა სიხარულმა გაფანტა: „ჩემი ბიძინას შვილები, რა ბედნიერი ვარ, თქვენ რომ გაგიცანითო”.

ბიძია ორესტი გურული კი იყო, მაგრამ გუდის ყველზე გიჟდებოდა. მამაც თავს ვალდებულად თვლიდა, მეგობრისთვის ეს სიამოვნება არ მოეკლო. ევროპაში წასვლის წინ, სოფელ ალვანში საგანგებოდ დაამზადებინებდა ხოლმე გუდის ყველის მოზრდილ თავს. იმოდენას, ერთი კაცი რომ ვერ ატარებდა. ყველს თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა, რომ არ დაშლილიყო. ამიტომ ყოველთვის თვითმფრინავის სალონში აჰქონდა. იქამდე მიტანაში თავისი ბიჭები ეხმარებოდნენ და მთელი გუნდისთვის ევროპაში გუდის ყველის ჩატანა ერთგვარ პატრიოტულ რიტუალად იქცა. ერთხელაც, როგორც ჩანს, ნახელავი ხარისხიანი არ გამოუვიდათ ალვანელებს და პარიზისკენ მიმავალი თვითმფრინავის სალონში ისეთი სუნი დადგა, სტიუარდესებმა მიზეზის გარკვევა დაიწყეს. მამა არ იმჩნევდა, იჯდა სერიოზული სახით, ვითომ ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. სავარძლებში თავჩარგული ძიუდოისტები კი ტყუილად ცდილობდნენ სიცილის შეკავებას, როცა ხედავდნენ, შეშფოთებული ბორტგამცილებლები აქეთ-იქით როგორ დარბოდნენ და ყველა ფუთას საგულდაგულოდ როგორ ყნოსავდნენ. ბევრი წვალების შემდეგ, გახარებული სტიუარდესა, აქაოდა, მიზეზს მივხვდიო, ქართველებს მიადგა და გამოაცხადა: „товарищи грузини, это вы вониаете!” – ეს თქვენ აგდით საშინელი სუნიო.

ეს რა გვაკადრე ქართველებსო, ახლა მამამ შეიცხადა და ისევ სერიოზული სახით, რუს სტიუარდესას „დაემუქრა”, უკან რომ დავბრუნდებით, ეროვნული ღირსების შეურაცხყოფისთვის ცენტრალურ კომიტეტში გიჩივლებთო. მერე თვითმფრინავის დაფრენამდე მთელი გუნდი ფერწასულ გოგოს აწყნარებდა, ვიხუმრეთ, სად უნდა გიჩივლოთ, ჩვენი მწვრთნელი კახელია და მძიმე, მძიმე ხუმრობები უყვარსო. შეშინებულმა სტიუარდესამ, ბუნებრივია, ვერც კახელობისა გაიგო რამე და ვერც სუნიანი ყველისა, მაგრამ იმას კი მიხვდა, არ მატყუებენ, ალბათ, საქართველოში ასეთი უცნაური იუმორი აქვთო.

ძიუდოთი ცოცხლობდა და ცხოვრობდა, ადამიანებთან ურთიერთობა კი აბედნიერებდა და საქმეზე მორჩენილი დრო მხოლოდ მათთვის ემეტებოდა. ამიტომაც ააშენა სოფლის სახლში „ძმობის მარანი”, ფაქტიურად, ქიზიყის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ვიდრე მამა ცოცხალი იყო, არ მახსენდება არც ერთი შაბათი და კვირა, რომ ამ მარანში ვინმე გამორჩეული სტუმარი, ან სტუმრები არ ჰყოლოდა. ერთ წელიწადსაც, ოქტომბერი იქნებოდა, რთველი გვქონდა. მამას წყალობით, ეს დღეც ტრადიციული რიტუალი იყო ჩვენს ოჯახში — ვინც სად უნდა ყოფილიყო, ყველა მაჩხაანში ჩამოდიოდა და როგორც წესი, უახლოესი მეგობრებიც თან ჩამოჰყავდა. ასე რომ, გვარიანად ბევრნი ვქუჩდებოდით ხოლმე. იმ დღესაც ვენახიდან რომ ამოვედით, ყურძენი დავაბინავეთ, დავწურეთ და ლხინიც დაიწყო. ეზოს ჭიშკარს არასოდეს ვკეტავდით, რადგან აზრი არ ჰქონდა, მაინც სულ ვიღაც მიდი-მოდიოდა.

ის იყო, ქეიფი გახურდა და ვხედავთ, ეზოში დიდი, შვინდისფერი „იკარუსი” შემოვიდა, უცხოელი ტურისტებით სავსე. ავტობუსიდან ჯერ მაშინდელი კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი ჩამოვიდა და მოგვიბოდიშა, ჩვენი სტუმრები არიან, დედოფლისწყაროში მივდივართ და ძალიან გვთხოვეს, ვინმეს ოჯახში მისვლა და აქაური ყოფის გაცნობა. გზაში ვისაც ვკითხეთ, ყველამ ბიძინა მაზიაშვილთან მოგვასწავლა, უკეთესთან ვისთან მიხვალთო და ჩვენც ასე უნებართვოდ მოგადექითო. სამოცი კაცი მაინც იქნებოდა. ზოგი მარანში ქვევრებს შემოუსხდა, ზოგს არყის სახდელი ფაცხა მოეწონა, ზოგსაც – მაყალი და სამწვადე, ნაწილსაც აივანზე გავუშალეთ სუფრა და ალაზნის ველის ყურებით ტკბებოდნენ. დედოფლისწყარო აღარავის გახსენებია. დილამდე გაგრძელდა ლხინი. სტუმრები ბევრნი იყვნენ, მამა ერთი იყო, მაგრამ ყველასთან ახერხებდა მისვლას, ურთიერთობას, გამხიარულებას და ზეიმის მოწყობას, თან ისე, დარწმუნებული ვარ, იმ უცხო ადამიანებსაც არასოდეს დაავიწყდებოდათ ის დღე.

მანანა მაზიაშვილი

 


პოდკასტი