გზა იდეიდან განხორციელებამდე – ქართველი მოსწავლეები ამერიკის უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას

როგორც ამბობენ, ყველა ბავშვი ნიჭიერია და სწორი ხელშეწყობის შემთხვევაში, შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის გაღვივება. მაგრამ არსებობენ განსაკუთრებული უნარებითა და შესაძლებლობებით დაჯილდოებული ბავშვები. სწორედ ასეთ გამორჩეულ მოზარდებზე მინდა გიამბოთ.
ლუკა შველიძე, მათე ნიორაძე, ანა კუპრავა და გურამ შენგელია, ახალი სასწავლო წლიდან, ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას. მოზარდებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დაფინანსება მოიპოვეს.

მათი ცხოვრების ახალ, საინტერესო და წარმატებულ ნაბიჯებზე მოგიყვებით, ლუკა შველიძეს კი უფრო ახლოს გაგაცნობთ. მედია-სააგენტო ,,24“– მა მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეძლო. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, არ დაგვზარდა და ჩვენს კითხვებს სიამოვნებით გასცა პასუხი.

17 წლის ლუკა შველიძე სწავლას Weber State University- ში, 32 000 აშშ დოლარის დაფინანსებით გააგრძელებს. იგი საუნივერსიტეტო აპლიკაციებისა და გამოცდების საფუძველზე, 200 000 აშშ დოლარის ოდენობის აკადემიური დაფინანსებით, ამერიკის 5 უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მას საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების იდეა ყოველთვის განსაკუთრებულად იზიდავდა. სწორედ ამიტომ, დაისახა მიზნები და მიაღწია კიდევაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შრომა დაუფასდა. ამჟამად, აშშ-ში, FLEX- პროგრამით იმყოფება და ამერიკული სკოლის მე-12 კლასს მაღალი GPA მაჩვენებლით ამთავრებს.

– გილოცავ ამ დიდ წარმატებას. გაგვაცანი შენი თავი.

– მე ვარ ლუკა შველიძე, 17 წლის, ქალაქ რუსთავიდან. ძირითადად დაკავებული ვარ მოხალისეობრივი საქმიანობით. საქართველოშიც და ამერიკაშიც აქტიურად ვმონაწილეობ განათლების სისტემის განვითარებაში.

– ახალი სასწავლო წლიდან, Weber State University-ში, სრული დაფინანსებით განაგრძობ სწავლას. რა გზა გაიარე აქამდე მოსასვლელად?

– გზა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი გამოწვევითა და გამოცდილებით სავსე. ამერიკული განათლების სისტემა საკმაოდ კომპლექსურია და მოსწავლის მრავალმხრივ შეფასებას მოითხოვს. საუნივერსიტეტო აპლიკაციისთვის საჭიროა ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი გამოცდის ქულა, ესეები, რეკომენდაციები, ტრანსკრიპტები და კიდევ სხვა მრავალი დოკუმენტი.

– ახალი გარემო, ახალი პედაგოგები და მეგობრები-ახალი ეტაპი დგება შენს ცხოვრებაში. როგორია შენი ემოციები, რა მოლოდინი გაქვს?

– ახალ გარემოსთან ადაპტაცია ერთხელ უკვე გამოვცადე. FLEX-პროგრამამ ნამდვილად მომცა გამოცდილება და მასწავლა თუ როგორ შევეგუო განსხვავებულ კულტურას და როგორ დავუმეგობრდე განსხვავებული ინტერესის ადამიანებს. მოუთმენლად ველოდები ახალ სასწავლო წელს, ახალ პროფესორებსა და მეგობრებს. დროის მოკლე მონაკვეთში, რთულია ამდენი ცვლილების განცდა, მაგრამ ეს ეტაპები საჭიროა იმისთვის, რომ უკეთესად აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

– როგორც აღნიშნე, ამჟამად, აშშ-ში FLEX- პროგრამით იმყოფები. რა არის FLEX-პროგრამა და ვის შეუძლია მონაწილეობა?

– მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ( FLEX ) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მყოფ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში, ყოველ წელს, აშშ-ში, კონკურსში გამარჯვებული 70 მოზარდი მიემგზავრება. ბავშვები, ერთი წლის განმავლობაში, ამერიკულ ოჯახებში ცხოვრობენ და ამერიკულ სკოლაში სწავლობენ. პროგრამა ხორციელდება ამერიკული საბჭოების მიერ, ამერიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

– კონკურსში მონაწილეობით რა გამოცდილება მიიღე?

– როგორც უკვე აღვნიშნე, FLEX- პროგრამამ, აპლიკაციის გაგზავნიდან დღემდე, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. შესარჩევი პროცესი შედგება სამი კომპლექსური ეტაპისგან და თითოეული მათგანი დიდ ყურადღებას, კონცენტრაციასა და საკუთარ შესაძლებლობების დიდ რწმენას საჭიროებს. ყოველწლიურად, პირველ ტურში აპლიკაციას 5000 მოსწავლე აგზავნის და კონკურსში მხოლოდ 70 ბავშვი იმარჯვებს. ასეთი მასშტაბის კონკურსში გამარჯვება კი ჩემთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავს. შემიძლია პროგრამა ორ ნაწილად გავყო- შესარჩევი პროცესი და უშუალოდ გაცვლით წელი. შესარჩევი პროცესის განმავლობაში, პროგრამა ითხოვს ბევრი კითხვა დასვა საკუთარ თავთან, აღმოაჩინო შენი მიზნები და ახსნა ის, თუ რატომ გსურს საქართველოს ახალგაზრდა ელჩობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გაცვლითი წელი კი, ემოციური გამოწვევებითაა სავსე, რაც საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში გეხმარება.

– რა გზა გაიარე, რომ დასახული მიზნისთვის მიგეღწია?

– კონკურსის შესარჩევი ტურის ხანგრძლივობა ერთი წელია. ამ პერიოდში, პარალელურად ვეწეოდი სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებს. რუსთავის ამერიკული კუთხის პროგრამა ,,თემის ელჩების“ ფარგლებში, მოვიპოვე ამერიკის საელჩოს დაფინანსება და გუნდთან ერთად ქალაქში ტექნოლოგიური გამოფენა გავაკეთეთ. ამასთანავე, რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის ეკო და ტექნო-კლუბების აქტიური წევრი ვიყავი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემი თემისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა. თითოეული აქტივობა ინვესტიცია იყო, იმ მიზნით, რომ მოვხვედრილიყავი იქ, სადაც დღეს ვარ.

– რა იყო შენი ძირითადი მიზანი, როდესაც გაცვლით პროგრამაზე განაცხადი გაგზავნე?

– დღეს საქართველოს სჭირდება ხალხი, ვინც მას მსოფლიო რუკაზე წარადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ისტორიულად ჯერ კიდევ ვასოცირდებით აღმოსავლეთ ევროპასთან და დასავლური სამყაროსთვის რთულია, მარტო ინტერნეტზე დაყრდნობით მიგვიღონ, როგორც სრულყოფილი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, გვჭირდება გაცვლითი პროგრამები, სადაც მოსწავლეები , სხვადასხვა ქვეყანაში, თავიანთ თანატოლებს ჩვენს კულტურას უფრო ახლოს გააცნობენ. ეს იდეა ყოველთვის მიზიდავდა. პლანეტის მეორე მხარეს, ახალ მეგობრებთან და ოჯახთან ყოფნა მართლაც რომ უნიკალური შესაძლებლობაა. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, როდესაც ამ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა.

– რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს?

– ხშირად ფიქრობენ, რომ FLEX -პროგრამა ინგლისური ენის გამოცდაა. სინამდვილეში კი, ის ფაქტი, რომ შესარჩევი ტური ინგლისურ ენაზეა, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც პროგრამის შესახებ უნდა ვიცოდეთ. პასუხი პროგრამის სახელწოდებაში მოიძებნება- ,,მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა“. პროგრამის წარმომადგენლები კონკურსანტებში მომავალ ლიდერებს ეძებენ, მათი კომუნიკაციის უნარებსა და ინგლისური ენის დონეს აფასებენ და, რაც მთავარია, მოსწავლეებს შეისწავლიან, არის თუ არა მზად გახდეს საერთაშორისო გაცვლითი მოსწავლე. როგორც ყველა კონკურსანტმა, მეც სწორედ ეს გზა გავიარე.

– ოჯახი და მეგობრები, როგორ ხვდებიან შენს ასეთ წარმატებებს, გგულშემატკივრობენ? როგორია მათი ემოციები ამ დროს?

– რთულია რამეს მიაღწიო, თუ ოჯახი შენს გვერდით არ დგას. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ ჩემი ოჯახით და მეგობრებით. ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და ყველა ჩემი წარმატებით ამაყობენ. სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას და მარწმუნებს იმაში, რომ უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი.

– როგორი იყო შენი პირველი დღეები ამერიკაში, გაგიჭირდა ადაპტაცია, რა სირთულეების გადალახვა მოგიწია?

– პირველი დღეები საკმაოდ საინტერესო იყო. ამერიკული სკოლა, ამერიკული ოჯახი და ახალი ყოველდღიური რუტინა ერთად საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. პირველი თვის მანძილზე, არავის ვიცნობდი და რთული აღმოჩნდა თავის დამკვიდრება, მაგრამ მასპინძელი ოჯახი ძალიან დამეხმარა, რომ ახალ გარემოს მარტივად შევგუებოდი.გარკვეული დროის შემდეგ, მეგობრები შევიძინე და დღეს ისინი ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს წარმოადგენენ.

– რამდენად საინტერესოა ამერიკაში ცხოვრება შენთვის, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა?

– ჩემი ახალი ინტერესი სწორედ უცხო ადამიანების გაცნობა და მათზე მეტის გაგება გახდა. მსოფლიო ძალიან დიდია და მილიარდობით ადამიანიდან თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული ცხოვრება და ისტორია გააჩნია. სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო, უცხო კულტურებს შორის გადაკვეთა. ამერიკა არის ახალ იდეაზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელიც სავსეა ახალი გამოწვევებით. ასე რომ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ამ ერთი წლის გატარება ამერიკულ ოჯახში, რადგან ბევრ განსხვავებასთან ერთად, ძალიან ბევრი მსგავსებაც აღმოვაჩინე.

– ამერიკელ მეგობრებს ხშირად ესაუბრები საქართველოზე? თუ კი, რამდენად ინტერესდებიან ჩვენი კულტურით, ისტორიით?

– ჩემი ყველა ამერიკული ურთიერთობა დაიწყო საქართველოზე ლაპარაკით და ჩემი თანატოლებისგან ძალიან საინტერესო კითხვებით. მათთვის უცხოა შეიცნონ ქვეყანა, რომლის ისტორიაც ღრმა წარსულიდან მოდის, თავისი კულტურით, ისტორიით, ტრადიციებით. ყოველი დღე იწყება ახლის გაზიარებით. ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო გამოცდილება მეგობრებისთვის ქართული სიტყვების სწავლება იყო.

– რა არის შენი ჰობი? თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

– ინტერესი ყოველთვის მეცვლებოდა, მაგრამ ვიდეოგრაფია ჩემი ყველაზე დიდი ჰობია. არაფერია იმაზე უკეთესი, მოვყვე ამბავი კადრის და მუსიკის მეშვეობით. აქ საზღვრები არ არსებობს. რთულია თავისუფალი დროის გამონახვა, მაგრამ, როგორც კი ამ მომენტს ვპოულობ, ყოველთვის სიამოვნებით ვატარებ დროს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

– შენი აზრით, რა განსხვავებაა ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის?

– ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. აქ მთავარი კონცენტრაცია მოსწავლის განვითარებაზეა გადატანილი და მათთვის ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მოზარდმა საკუთარი შესაძლებლობები, ნებისმიერი მიმართულებით, მაქსიმალურად განავითაროს. ქართული განათლების სისტემას კი, კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ თუ მასწავლებლები და მოსწავლეები უკეთესი მომავლისკენ ერთად დაისახავენ მიზანს, ვფიქრობ, ყველა პრობლემა მოგვარდება.

– რას ფიქრობ, პირადად შენ რას მოგცემს ამერიკაში მიღებული ცოდნა, რა გამოცდილებას მიიღებ?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკა ახალ იდეებზე და თავისუფლებაზე დაფუძნებული ქვეყანაა. მჯერა, რომ დემოკრატია ჩვენი ქვეყნის მომავალია. სწორედ ამიტომ, უნდა ავიღოთ აშშ-ს მაგალითი და დავნერგოთ ის ჩვენს ყოველდღიურობაში. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არაფერია იდეალური, ამიტომაც საჭიროა ამ იდეებისა და მაგალითების ფილტრაცია, არჩევა თუ რომელი მოერგება ქართულ რეალობას. ვფიქრობ, სწორედ ამის შესაძლებლობას მაძლევს ამერიკაში ცხოვრება, გავიგო, თუ რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან და, პირველ რიგში, რაზე გაკეთდეს აქცენტი და რაზე მოხდეს მსჯელობა.

– სწავლის დასრულების შემდეგ, როგორ გესახება შენი მომავალი?

– გამოცდილებამ, რომელიც ბოლო წლებში დავაგროვე, დამანახა ის, რომ შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ არ მინდა ჩემი მომავალი გარკვეულ ლიმიტებში ჩავსვა. ჩემთვის მთავარი მიზანია, მაქსიმალურს მივაწიო და მომავალ თაობებს გზა გავუკვალო.

დიახ, თუ ადამიანი მოინდომებს, შეუძლებელი მართლაც რომ არაფერია. მთავარია დაისახო მიზანი და ამ მიზნისთვის ბევრი იშრომო. წარმატებაც ხომ თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია. ლუკა შველიძის თითოეული ნაბიჯი და გამარჯვება სწორედ ამაზე მეტყველებს. და იმ ნიჭიერი ბავშვების, რომლებიც დასაწყისში ვახსენე. მათ წარმატებაზე ახლა გიამბობთ.

თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ნიორაძემ აშშ-ში , Gettysburg College-ის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა. უნივერსიტეტი, მის 4 წლიან სწავლას 290 000 აშშ დოლარით დააფინანსებს. მათე ნიორაძის მიერ, სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტებიდან მიღებული სტიპენდიების ჯამური ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარს აჭარბებს.

17 წლის ანა კუპრავა კი ტრენტოს უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას. მას უნივერსიტეტმა სწავლის საფასურის 100%- იანი დაფინანსება შესთავაზა და 7200 ევროს ოდენობის ყოველწლიური განახლებადი სტიპენდია დაუნიშნა, რომელიც იტალიაში მისი ცხოვრებისა და დარჩენის ხარჯებს სრულად დაფარავს . ანა კუპრავა, ამჟამად, ლუკა შველიძის მსგავსად, FLEX- პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში იმყოფება.

ანა კუპრავა, ამჟამად, სკოლას მაღალი GPA-ით, აშშ-ში, რეიტინგით ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში ამთავრებს და აქვს 4 AP კლასი. რაც მთავარია, ყოველდღიურად ცდილობს თავის თანატოლებს ქართული კულტურა უფრო ახლოს გააცნოს და თავისი სწავლით საქართველო და ოჯახი ასახელოს.

“ტრენტოს უნივერსიტეტში ვისწავლი 3 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე ,,შედარებით, ევროპულ და საერთაშორისო სამართალზე“. 1962 წელს დაარსებული უნივერსიტეტი გამოირჩევა სიძველით და არის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი ევროპაში. ასევე, ჩავირიცხე ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში. შესარჩევი ეტაპი გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა, ყოველთვის მჯეროდა , რომ ოცნება ამიხდებოდა და მოვახერხებდი საზღვარგარეთ სწავლას“, – ასე გადმოსცემს თავის სიხარულს ანა კუპრავა.

რაც შეეხება გურამ შენგელიას, მან ჩარიცხვის დასტური წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღო. სამტრედიელ მოზარდს ჯამში 500 000 აშშ დოლარამდე სტიპენდია შესთავაზეს. საბოლოოდ, იგი სწავლას ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძელებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. იგი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ამერიკულ დიპლომსაც მიიღებს. ასევე, შესაძლებლობა ექნება, ზაფხულის პერიოდი აშშ-ში გაატაროს, რაც მისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდება.

გურამ შენგელია საზღვარგარეთ სწავლაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მიუხედავად რეგიონში არაფორმალური განათლების ნაკლებობისა, მან შეძლო შესაბამის პროექტებზე წვდომა და 6-ზე მეტ ბანაკში მონაწილეობდა. რამდენიმე წელია, რაც სკოლაში ეკო კლუბის ლიდერია. ერთი წლის წინ, მეგობრებთან ერთად, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა. ახლა კი ოცნების ასრულებას იწყებს, ახალი შემართებითა და მონდომებით. მოლოდინი დიდია, სჯერა რომ წინ ბევრი სიახლე და წარმატება ელის.


“დადგა ის ნანატრი მომენტიც… ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტისგან მოწვევა მივიღე, 11 500 ევროს ოდენობის დაფინანსებით. უამრავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას, რომლებმაც მთელი ეს გზა, რისი გავლაც აქამდე მომიწია, მაქსიმალურად გამიმარტივეს და პიროვნულ თუ აკადემიურ წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანეს“, – აღნიშნავს გურამ შენგელია.

აი, ეს არის წარმატება-მიზანი, რწმენა, მონდომება, იმედი, ოპტიმიზმი, შრომა და ცოდნა. როგორც ამბობენ, “წარმატების საიდუმლო მარტივია: გარკვეული დროის განმავლობაში იშრომე, მოთმინებითა და თავდაუზოგავად იღვაწე, შენი წარმატების განუხრელად გჯეროდეს და უკან არასდროს დაიხიო“.

ჩვენი ქვეყანა ასეთი ბავშვების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მე მხოლოდ რამდენიმე მათგანი გაგაცანით, თუმცა ჩვენს გარშემო არიან მოზარდები, რომლებიც თავიანთი ცოდნითა და მიზანსწრაფულობით არაერთ წარმატებას აღწევენ .

მედია სააგენტო “24” ლუკა შველიძეს მადლობას უხდის ინტერვიუსთვის, და თითოეულ მათგანს წარმატებას და დასახული მიზნების განხორციელებას უსურვებს.

ლიკა მაჩხანელი


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

პოდკასტი